ია აბულაშვილი
04.11.2022

„ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, არც ქარიზმატული ლიდერი ჩანს, მაგრამ პროცესის გააქტიურებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ, ახალ რეალობაში კი ოპოზიციიდან ყველაზე დიდი შანსი აქვს გახარიას და მის გუნდს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

„რეზონანსი": ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ამის თაობაზე ოპოზიციაში წერილიც მომზადდა. შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას?

იგორ კვესელავა: პროგნოზი ძნელია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც პრეზიდენტის რანგში უფრო დიდი გამოცდილება შეიძინა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გარემოების გამო მიიღოს გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება. თუნდაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი იქნება მნიშვნელოვანი. სალომე ზურაბიშვილი მოიგებს ოპოზიციისა და დასავლეთის გულს, მაგრამ გაანაწყენებს ხელისუფლებას, რომელთანაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მიუხედავად იმისა, რომ არც სააკაშვილი ეხატება გულზე და არც გვარამია. სააკაშვილის შეწყალებაზე ვიცით მისი პოზიცია, თქვა „არა და არასდროს," მაგრამ პოლიტიკაში „არა და არასდროს" არ არსებობს და, გარემოების გათავალისწინებით, შეიძლება ორივე შეიწყალოს. ყველაზე კარგად ზურაბიშვილმა იცის, ქვეყნისთვის რამხელა თავისტკივილია სააკაშვილი და გვარამია.

„რ": საპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს, თუმცა ამ საკითხზე ჯერ ვერ თანხმდებიან. რა შანსი აქვთ ბოიკოტის მიმდევრებს დღევანდელ რეალობაში?

ი.კ: ოპოზიცია ცდილობს, რომ იბრძოლოს, თავისი განწყობა წარმოადგინოს, ამიტომ ეძებს სხვადასხვა მიმართულებას. ბოიკოტი არის ერთ-ერთი რთული გზა, მაგრამ რადგან ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავს, ეს გზა აირჩია. მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში თუ გადავა, ეს დიდი დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის. 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხი დამთავრებული იქნება. პარლამენტი გახდება ერთპარტიული, რასაც მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით დატოვებს პარლამენტს და ბოიკოტის რეჟიმში გადავა, სხვადასხვა მოსაზრების გამო...

"რ": სრული მხარდაჭერა არა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლის იდეას, რომელიც "ნაცმოძრაობამ" უკვე დაიწუნა. მოხდება გაერთიანება?

ი.კ: პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების გათვალისწინებით, ასეთი სუსტი ოპოზიცია ჯერ საქართველოს არ ჰყოლია. არც ტაქტიკა აქვთ და არც სტრატეგია. ყველა განაწყენებული და პარლამენტიდან მოხსნილი ოპოზიციაში წავიდა. "ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილია და ღობე-ყორეს ედება. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანებას ვერ ვხედავ და არც ქარიზმატული ლიდერი ჩანს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება. პოლიტიკური ვითარება ყოველდღე იცვლება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. გაზაფხულზე ალბათ პროცესი გააქტიურდება, ახალ რეალობაში კი, ვფიქრობ, ოპოზიციიდან ყველაზე დიდი შანსი ექნება გახარიას და მის გუნდს. დარწმუნებულიც ვარ, რომ გახარიას გუნდში ბევრი საინტერესო სახე გამოჩნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×