ელზა პაპოშვილი
05.11.2022

აფხაზეთში 29 წლის ქართველი ქალის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობა და საკუთარ ბინაში საქართველოს დროშისა და ღერბის გამოფენა იყო. ამის შესახებ „რეზონანსთან“ აფხაზეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი საუბრობეს, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებულს ნარკოტიკი ჩაუდეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია 29 წლის ასმათ გალაქტიონის ასული თავაძე. აფხაზური „ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ იგი სამტრედიიდანაა და პერიუდულად ცხოვრობდა აფხაზეთში. ე.წ. აფხაზური პასპორტი კი მან 2021 წლის 24 მარტს  მიიღო. აქედან გამომდინარე ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს მკაცრი გამოძიება, თუ ვინ, როგორ და რატომ მისცა სამტრედიელ ქართველს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა.

გარდა ამისა, ამავე არხებმა თავაძის „ფეისბუქ“ გვერდიც დაათვალიერეს და რამდენიმე „დამამძიმებელი გარემოება“ აღმოაჩინეს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მისი მამა ქართული არმიის ოფიცერია. გარდა ამისა, მის გვერდზე გამოქვეყნებულია სოხუმში გადაღებული ფოტოები „პროვოკაციული მინაწერებით“. 

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ „აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ“ გამოაქვეყნა რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი სია, რომელთაც, მათი ცნობით „აფხაზეთის მოქალაქობა“ 2020-2022 წლებში საეჭვო გარემოებებში მიიღეს. ოპოზიციამ დე ფაქტო ძალოვნებისაგან თითოეული ასეთი შემთხვევის შესწავლა მოითხოვა. ასმათ თავაძეც ამ სიაში იყო და შესაძლოა დე ფაქტო უშიშროების სამსახური მისით სწორედ ამის გამო დაინტერესდა.

აფხაზურმა მედიამ გაავრცელა დაკავების ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს თავაძის ბინაში კედელზე მიმაგრებული საქართველოს დროშა. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ სოხუმში, ასმათ თავაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა 10 გრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

თუმცა გალში მცხოვრებ ქართველებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. მათი თქმით, გოგონას ნარკოტიკული ნივთიერება მხოლოდ იმიტომ ჩაუდეს, რომ მას სახლში საქართველოს დროშა ჰქონდა და ასევე „ფეისბუქ“ გვერდზე დადებულ სურათებში, რომელიც აფხაზეთში აქვს გადაღებული, აწერდა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია იყო. 

გალში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი „რეზონანს“ უყვება, რომ ნარკოტიკების ჩადება აფხაზეთში არასასურველი პირების დასჯის აპრობირებული მეთოდია. მათი აზრით,  ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რათა გალში მცხოვრები ქართველების დაშინება მოხდეს.     

„გოგოსთვის ნარკოტიკების ჩადება და ამ მიზნით ბრალის დამძმება პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის ჩვეეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც გალში მცხოვრები ქართველების დაშინებისთვის არის გაკეთებული. 

„დიახ, ასმათი სამტრედიაში  ცხოვრობდა და  აფხაზეთში ხშირად გადმოდიოდა და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობაც ჰქონდა. სავარაუდოდ, მის შესახებ ვიღაცამ ე.წ. სპეცსამსახურებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ „ფესბუქზე“ აფხაზეთში გადაღებულ სურათებს დებდა და იქ გარკვეულ კომენტარებს აკეთებდა. ასევე მას სახლში საქართველოს დროშა და გერბი ჰქონდა. ბრალი დაუმძიმეს და ჩაუდეს ნარკოტიკი, რათა დაკავების საბაბი ჰქონოდათ.  

„თუმცა, ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. ალბათ ირაკლი ვეკუას ამბავი ყველას ახსოვს, რომელმაც ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა, შემდეგ კი მას ბრალის დამძიმების მიზნით ჩაუდეს იარაღი. ამიტომ ეს აფხაზეთში მიღებული ამბავია და მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის არავის სჯერა.

„ადვოკატის აყვანის უფლებას მას, რა თქმა უნდა, არ მისცემენ. მას ეყოლება იქაური ადვოკატი. ამიტომაც, შანსი იმისა, რომ იმ ადვოკატმა რამე მის სასარგებლოდ გააკეთოს, არის ძალიან მცირე და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფებას მის გასათავისუფლებლად ყველანირი შესაძლებლობა და რესურსი გამოიყენონ. სხვაგვარად არ არის გამორიცხული, რომ გოგონა საჩვენებლად დასაჯონ“, - ამბობს „რეზონანსთან“ გალის მცოხვრები.    

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც წერია, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონოდ დაკავების შესახებ უკვე ეცნობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×