თეონა ვეშაგური
06.11.2022

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება. ქვეყანა ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ამ პროცესში „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებლად დამტკიცებისთვის საკმარისი ხმები არცერთ საპარლამენტო ჯგუფს აქვს.

მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი არ არის. თავის მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნებას" სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს „სამოქალაქო სექტორის" მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატიდამ, რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ ამ კანდიდატებს ენდობა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" ფავორიტებს, ვის დაამტკიცებენ მინიმუმ 90 ხმით, მმართველ გუნდში პერსონალურად ჯერ ვერავისზე საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გასაუბრების ეტაპმა გამოავლინა რამდენიმე პრეტენდენტი, რომელმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ.

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა. ახლა ჯერი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს.

კანდიდატთა 19-კაციანი სია უკვე შემცირდა, მათი ნაწილი პროცესს თავად გაემიჯნა.

როგორ მიმდინარეობდა პროცესი

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირეს, რომელთა მიხედვითაც, ომბუდსმენობის კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გაიწერებოდა. მაშინ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ისინი ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდნენ.

7 სექტემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა გააკრიტიკა „ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებები და თქვა, რომ „სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო". ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, აღნიშნული წინაპირობების გარეშე, შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე.

9 სექტემბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესები და პროცედურები. პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, პარლამენტის თავმჯდომარე 9-წევრიან კომისიას ქმნის, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს და თავის მოსაზრებებს დეპუტატებს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დეპუტატები მათგან მინიმუმ 7-ს შეარჩევენ.

27 სექტემბერს პარლამენტმა იმ 9-წევრიანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც სახალხო დამცველობის მსურველებს შეაფასებს.

30 სექტემბერს პარლამენტმა იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. საწყისი სია 19-კაციანი იყო და მათ შორის გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილი ომბუდსმენობის სამი კანდიდატი. ისინი საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილმა 27 სექტემბერს „ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: ანა აბაშიძე (ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი); გიორგი ბურჯანაძე (მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე); და ნაზი ჯანეზაშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დირექტორი).

ვინ ვის დაუჭერს მხარს

ოპოზიციისგან მხარდაჭერა სწორედ ამ კანდიდატებს აქვთ. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ სახალხო დამცველობის იმ 3 კანდიდატს, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარადგინა.

„პირდაპირ და ღიად ვამბობ - თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა კანდიდატების მხარდაჭერაზე დაიწყებს ფიქრს, ეს ღალატი იქნება. ამიტომ, როგორც ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია არის, რომ ამ სამიდან სამივეს დავუჭერთ მხარს. „ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა აქვს ამ სამიდან აირჩიოს", - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეს განცხადება ულტიმატუმად შეაფასა:

„სტრატეგია აღმაშენებელი" ულტიმატუმს უყენებს პარლამენტს, რომ თუ მე ვინც მინდა მხოლოდ იმას არ განიხილავთ, მაშინ მე არაფერში არ ჩავერთვები. რაში ჩართულან, რომ ამაში ჩართვა იყოს ახლა მნიშვნელოვანი? არც არაფერში ჩართულან აქამდე და ახლაც თუ არ ჩაერთვებიან, ამით არაფერი დააკლდება პროცესს".

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს გაესაუბნენ და პარლამენტს ახლა აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ყველა კანდიდატთან მოხდა გასაუბრება. ზოგიერთმა კანდიდატმა საკმაოდ უხეშად, უპატივცემულო გამოხატვის ფორმით თავი აარიდა პარლამენტში გასაუბრებას, კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილმა. ამით მან ფაქტობრივად აჩვენა, რომ ის სახალხო დამცველობის რეალური კანდიდატი კი არა, ანგაჟირებული და გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გამომხატველი იყო. ამაში ნათლად გამოაჩინა თავისი თავი.

„ჩვენ დავინახეთ ცხრამეტივე ადამიანის უნარები, შესაძლებლობები, მათი სახე, მათი განვლილი გზა და მათი მომავალი ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევანი დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება. ეს იყო ამ პროცესის მთავარი მიზანი, რომ პარლამენტს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ, როგორც ვთქვით, კანდიდატს არ ვაყენებთ, მაგრამ ცხრამეტივე ადამიანი კანდიდატად უკვე დაყენებულია, ამიტომ აქედან ჩვენ ასარჩევი გვეყოლება ერთი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება „ოცნებას" უფრო წაადგება..."

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნებისთვის" მისთვის სასურველი სახალხო დამცველის არჩევა პრობლემას არ წარმოადგენს.

„მმართველი გუნდი მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და საერთაშორისო მოწოდებებს, ამ ფონზე კი მათთვის რა პრობლემაა სახალხო დამცველის არჩევა? თამამად და თავისუფლად შეუძლიათ აირჩიოს მათთვის მისაღები კანდიდატი და ასეც იქნება.

„რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? ან უნდა დაემორჩილოს თითქოს ყველაფერი კარგად არის, ან არ უნდა დაეთანხმონ და თქვან, რომ ეს ასე არაა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის პოზიცია გასაგებია. ახლა გამოჩნდება ის პრინციპები, რა პრინციპითაც მხარეები მოქმედებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება" თავისას გაიტანს, ოპოზიციის პროტესტი მაინც მისაღები და მისასალმებელია, რადგან ააშკარავებს ხელისუფლების არადემოკრატიულობას და იმას, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული 12 პუნქტის შესრულებით.

„რაც შეეხება საკმარისი ხმების მიღებას, ოპზიციის რაღაც ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მხარს ყველა კანდიდატს დაუჭერენ, ეს კი, დიდი ალბათობით, „ოცნებას" უფრო წაადგება, ვიდრე ოპოზიციას. იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ყველას ხმას აძლევენ, პარქტიკულად, „ოცნების" კანდიდატი გაყავთ. მართალია, „ოცნებას" არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატი და ჯერ არც ფავორიტი დაუსახელებიათ, მაგრამ ესეც მალე გამოჩნდება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×