თამთა ჩაჩანიძე
07.11.2022

რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ მიზანმიმართულად ურტყამს, რის გამოც ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. კიევის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ქსელებიდან დედაქალაქის სრული გათიშვის შემთხვევაში, მოსახლეობას სრული ევაკუაცია მოუწიოთ.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთს ერთსა და იმავე ენერგოობიექტზე ოჯერ, ან სამჯერ მიაქვს იერიში და ცდილობს ბოლომდე გაანადგუროს, თუმცა, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის უარესი სცენარი, რაზეც საუბრობენ, არ დაუშვას და უკრაინელები არ გატეხონ.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, უარესისთვის მოემზადონ. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშს გააგრძელებს, ისინი ელექტროენერგიის, წყლის ან გათბობის უქონლობისთვის უნდა მოემზადონ.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ, გულწრფელად, რომ გითხრათ, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ზოგადად, ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა ვითარებისთვის", - განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, ქალაქი სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. კიევის ხელისუფლებამ მოაბილიზა დიზელის საწვავი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვებისა და წყლის მარაგები. მათი ცნობით, ზამთრის განმავლობაში ქალაქში სულ მცირე 1 000 გასათბობი პუნქტი იქნება.

თუმცა, კლიჩკოს თქმით, ეს საკმარისი არ იქნება და უმჯობესია, თუ მოსახლეობა კიევის გარეთ მეგობრებსა და ნათესავებს დაუკავშირდება და "ცუდი სცენარის შემთხვევაში" მათთან დროებით დარჩენას შეათანხმებს.

"ეს არაა საკმარისი. შესაბამისად, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას - ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუ არ გვექნება ელექტროენერგია და წყლის მიწოდება, თუ გყავთ ნათესავები და მეგობრები კიევის გარეუბნებში, სადაც არის დამოუკიდებელი წყლის მიწოდება, გაზქურა, გათბობა იმისთვის, რომ დროებით იქ დარჩეთ, გთხოვთ, შეთანხმდით რომ ცუდი სცენარის შემთხვევაში შეძლოთ მეგობრებთან და ახლობლებთან გარკვეული დროის გატარება" - განაცხადა კიევის მერმა.

„ნიუ იორკ თაიმსი" კი წერს რომ ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას ცდილობს. თუმცა დასძენს, რომ უკრაინა არ დაეცმა.

"მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავალზე", - წერს პოდოლიაკი.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაია თქმით, რუსეთმა ამ შეტევებით უკრაინის მასშტაბით ენერგოობიექტების თითქმის 60% გაანადგურა, თან ერთსა და იმავე ობიექტს სრული განადგურების მიზნით ორ-სამჯერ ურტყამს, კიევის მერი კი ზუსტად ამ უარეს სცენარზე ლაპარაკობს.

„შესაძლოა, ევაკუაცია მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე იყოს, უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტების დაახლოებით 60% განადგურებულია, თან ამას რუსები მიზანმიმართულად აკეთებენ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ობიექტზე ერთხელ რომ მიიტანენ იერიშს და ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, რომ ის განადგურდა, ხელმეორედ ურტყამენ და ზოგ შემთხევაში მესამედაც. ეს ბარბაროსული ქმედებებია, მაგრამ რუსებისგან გასაკვირი არაა.

„ესაა კლასიკური ენერგეტიკული ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინისწინაარმდეგ აწარმოებს, სხვანაირად ის უკრაინას ვერ ერევა. კლიჩკოს მოწოდება, რომ ყველანი რეგიონებში, პროვინციებში და მიმდებარე ტერიტორიებზე გავიდნენ, ეს ენერეტიკული ომის ფონზე სრულიად ნორმალური და ადეკვატურია.

„კლიჩკოს მოწოდება ახალი მიდგომაა და იმედია, რომ უკრაინელები შეძლებენ და თავიდან უარეს სცენარს აირიდებენ, რომ რუსებმა ქვეყანა უწყლოდ და ელექტროენერგიის გარეშე არ დატოვონ.

„ევროკავშირის 12 სახელმწიფო უკვე შეთანხმდა, რომ უკრაინას მიზნობრივ დახმარებას გამოუყოფენ ენერგეტიკული სისტემებისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, რაც საკმაოდ კარგ საშუალეაბს იძლევა, რომ უკრაინელებმა ის პრობლემები, რაც მათ აქვთ, აღმოფხვრან და საქმე უარეს სცენარამდე არ მივიდეს.

„უკირაინაში ისედაც საკმაოდ სუსხიანი ზამთარი იცის, ეს ბუნებრივია რუსებმაც იციან და ზუსტად ამაზეა გათვლილი, რომ ზამთრის პირზე ასე ვერაგულად იქცევიან, მაგრამ არა მგონია, რომ მოსახლეობა ამით უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხონ და არც ის მგონია, რომ სიცივეში დარჩებიან, ბოლო-ბოლო სხვა ქვეყნები დაეხმარებიან და ზამთარს გადაატანინებენ.

„თუმცაღა, რუსეთი ამ ქმედებებით ბუნებრივია ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისს შექმნის. კლიჩკოს განცხადება უფრო მოსახლეობის შემამზადებელი მგონია, რომ ყურადღება არ მოადუნონ და მკაცრი სუსხიანი ზამთრის პირობებისთვის ვისაც რა შეუძლია ის გააკეთოს",- განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„უკრაინელები ხერსონის მიმართულებით საკმაოდ აქტიურობენ, „ემ-14" მთავარი ტრასა, რომელიც ხერსონისკენ მიდის, ფაქტიურად აღებული აქვთ. მეტიც, ხერსონში უკვე რუსული არხები გათიშეს, ოლქის პრორუსული ადმინისტრაცია ევაკუირებულებია და მოსახლეობის ევაკუაციაც გრძელდება.

„ხერსონის დაკავების პროცესს უკრაინელები ცოტა ფრთხილად და სერიოზულად უდგებიან. ისინი რუსები არ არიან და მათთვის თითოეულ მებრძოლს, ჯარისკაცს, ოფიცერს ფაქტიურად ოქროს ფასი აქვს და რუსებივით სახორცე მასალასავით სასაკლაოზე არ აგზავნიან.

„ხერსონი ურბანისტული პირობებით საკმაოდ კარგად განვითარებული ცენტრია, უკრაინელებმა ოლქის აღება საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმა. ბუნებრივია, აქ პირდაპირი შესვლა და შტურმი სერიოზულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული, ალბათ ისინი იცდილებენ, რომ ხერსონს მიუახლოვდნენ, ოპერატიული ალყა შეკრან და მერე შეტევა ისეთ ადგილებზე დაიწყონ, სადაც შედარებით იოლია.

„უკრაინელებმა სვატოვი დაიკავეს, სადაც მნიშვნელოვანი ტრასაა და პლაცდარმის გაფართოვების შემდეგ შეიძლება ლუგანსკის ოპერაციაც დაიწყოს.

„რუსებს რაც შეეხება, შემხვედრი ბრძოლების სტრატეგია აქვთ, ისინი დონეცკის მიმართულებით აქტიურობენ და პლაცდარმის გაფართოებას ცდილობენ. ლუგანსკში პოზიციური ბრძოლებია და აქ ძალთა თანაფარდობაა. ხერსონში უკრაინელები უტევენ, რუსები კი თვადაცვაში არიან.

„კახოვკისა და ხერსონის ორი სტრატეგიული წერტილების დაკავების პირობებში უკრაინელები ფაქტიურად მარიუპოლზე გადიან და მერე უკვე ყირიმის მიმართულებით გადიან.

„ამ ბრძოლებში რა თქმა უნდა უკრაინასაც გარკვეული დანაკარგები ჰქონდა, ახლა ავსებენ და დასავლეთში გაწვრთნილი შენაერთები ჩამოდიან. ასევე, რუსებმაც მობილიზირებულების რაღაცა ნაწილი გადაისროლეს",-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×