ელზა პაპოშვილი
07.11.2022

რისთვის ემზადება რუსეთის ჯარი ხერსონში და რატომ აიღო ამ ეტაპზე უკრაინამ ხერსონის მიმართულებით პაუზა? ტაქტიკური მანევრი თუ ზამთრისთვის მზადება? მიუხედავად იმისაა რომ აშშ-ს და ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ უკრაინელებს ახლა აქვთ კარგი შანსი ხერსონზე შეტევისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ამის მზადყოფნა არ შეიმჩნევა. 

რუსულმა მხარემ ხერსონიდან მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე კი მოსახლეობის გემებით გაყვანა შეწყვიტა. არადა რუსეთმა ხერსონიდან ხალხის ევაკუაცია 18 ოქტომბერს დაიწყო. თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობასთან ერთად ქალაქს ოკუპანტებიც ტოვებენ, თუმცა, მოგვიანებით უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ხერსონში შეიარაღებული ძალების დამატებითი ქვედანაყოფები გაგზავნეს და შესაძლოა ეს ერთგვარი მახეც კი ყოფილიყო, რომელშიც უკრაინელების შეტყუება უნდოდათ. 

„2022 წლის 7 ნოემბერს ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროდან უკანასკნელმა გემმა დატოვა ქალაქი ხერსონი, რომელსაც შეეძლო მიეყვანა ხალხი, ვისაც მარცხენა სანაპიროზე წასვლა სურდა", - ამბობს სტრემოუსოვი.

მისივე თქმით, ხერსონიდან ევაკუაცია უკვე დასრულებულია, მარცხენა ნაპირზე გზა ჩაიკეტება და "ხერსონში დაბრუნებას არავის ურჩევს“.

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი კი მოსახლეობას აფრთხილებს ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. 

ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ ის რასაც რუსეთი აკეთებს, არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია.

"ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის... ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, - თქვა კლიჩკომ. 

ქალაქის მერმა ზოგიერთ მაცხოვრებელს, ვისაც ჰყავს დიდი ოჯახი, მოუწოდა ეფიქრათ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად კიევიდან წასვლაზე, თუ ქალაქი დარჩება ელექტროენერგიის და წყლის გარეშე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის 3 საწყობი გაანადგურეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარმა სუმის ოლქში საზღვრის გასწვრივ 203 ჭურვი და ნაღმი გაისროლა, დაღუპულია 1 ადამიანი. თავდასხმების გამო ტერიტორიაზე შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები მასობრივად ანადგურებენ კერძო ნავებს ხერსონის ოლქში, დნეპრის ნაპირებზე. ქალაქ ბერისლავის მცხოვრებლებს კი 10 ნოემბრამდე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარების საერთო მოცულობა 18 მილიარდ ევრომდე იქნება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში 2023 წლისთვის.   

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველამ, მათ შორის ირანმა, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის ემზადებიან, რისთვისაც მათ ირანული ტექნიკა სჭირდებათ.

მიმართვის დროს ზელენსკი მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალები დიდ ზარალს განიცდიან.

„ირანის თანამონაწილეობა რუსულ ტერორში უნდა დაისაჯოს. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და შესაბამისად, იმ საფრთხეების გახანგრძლივებაში მსოფლიოს მიმართ, რომელიც არის პროვოცირებული სწორედ რუსეთის ომით. 

„რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს სასურსათო კრიზისის სრულ მოგვარებასთან სიახლოვეს; სიახლოვეს ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან და ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზებასთან; მიახლოებას რადიაციული შანტაჟისგან საიმედო დაცვასთან, რომელსაც რუსეთი არ წყვეტს. ამიტომ აბსოლუტურად ყველა, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხისმგებელია ამ ომის შედეგებზე," -განაცხადა ზელენსკიმ. 

ირანული დრონების თემას გამოეხმაურა ირანის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი "ტვიტერზეც." რობერტ მელის თქმით, ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს არა ომამდე, არამედ მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი სამხედრო პერსონალი რუს სამხედროებს მათ გამოყენებაშიც კი ეხმარებოდა.    

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ხერსონზე შეტევისგან უკრაინა ამ ეტაპზე თავს იკავებს და ამას თავისი სამხედრო ტაქტიკური გათვლა აქვს. 

ბერიძე ამბობს, რომ უკრაინელები შიშობენ რუსები თუ მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადმოვლენ და მარჯვენას სრულად დატოვებენ, შეიძლება მათ იქ მდებარე ორი ხიდი ააფეთქონ. ერთი ეს არის ავტონოვსკის ხიდი, რომელიც უკვე მწყობრიდან  არის გამოსული და მეორე ეს არის ნოვოკახოვკის ხიდი, რომელიც კაშხალი უფროა. ამიტომ რუსებს თუ მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოუწევთ, უკრაინელები უნდა გადაჯგუფდნენ, რადგან ორივე მხარეს მდინარის სანაპიროზე ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. 

„უკრაინელები ცდილობენ, რომ ჯერ ნოვოკახოვკა რაღაცნაირად დაიკავონ, ჯერ დნიპროს აქეთა სანაპიროზე გადმოვიდნენ, პლაცდარმი შექმნან და ხერსონი მერე აიღონ. ეს არის ერთი და მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ეტაპზე უკრაინელები ხერსონზე შეტევისგან თავს იკავებენ. 

„თუ საბრძოლო ხაზმა მდინარე დნიპროზე გაიარა, ეს არის სერიოზული ბუნებრივი დაბრკოლება უკრაინელებისთვის. მათ შორიდან, ზაპროჟიედან მოვლა მოუწევთ, რაც უკრაინულ ჯარს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. უკრაინელები ცდილობენ, რომ დნიპროს მარცხენა მხარეს გარკვეული პლაცდარმი შექმნან და ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევაზე ამის შემდეგ გადავიდნენ.

 „ეს არის უკრაინელების მხრიდან სტრატეგიული გათვლა, რადგან მათ კარგად იციან, რომ ბრძოლის ველი თუ სანაპირო ზოლზე გავა, მაშინ ბრძოლით მდინარის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ. ასევე ხერსონი არის დასახლებული პუნქტი, რომელსაც რუსები ნაღმავენ. ამიტომ იქაც ძალიან დიდი მომზადება და სიფრთხილე დასჭირდებათ იმისთვის, რომ განაღმვითი სამუშაოები აწარმოონ. ქალაქში ბრძოლა უკრაინელებისთვის უფრო ადვილი იქნება, მაგრამ, მანამადე როგორც უკვე ზემოდ აღვნიშნე, მდინარის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის შექმნა უნდა მოხდეს“,-ამბობს ლაშაა ბერიძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, უკრაინელები დროში გაწელვით რუსეთის არმიის გამოფიტვას ცდილობს. როგორც კი დაინახავენ, რომ რუსებმა ყველა რესურსი ხერსონისკენ მიმართა და ბრძოლით ჯარი გამოიფიტა, ამის შემდეგ უკვე მომზადებულები მიაწვებიან.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×