თეონა ვეშაგური
08.11.2022

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას მოსახლეობის მეოთხედი უჭერს მხარს და იგი კვლავ მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს მდევარ ენმ-ს, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური რეიტინგი კი მნიშვნელოვნად დაეცა. რამდენად დამაჯერებელია ეს შედეგები?

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კვლევის ზოგიერთი შედეგი არ ასახავს რეალობას და გარკვეულ ეჭვს იწვევს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მე-10 ადგილი პერსონალურ რეიტინგებში; გიორგი გახარიასა და მისი პარტიის კარგი შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკური ძალა ბოლო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა; ასევე გარკვეული შეუსაბამობა „ქართული ოცნების" პარტიულ რეიტინგსა და მისი ლიდრების პერსონალურ რეიტინგებს შორის და სხვა.

მმართველ გუნდში კვლევის შედეგებს არ ენდობიან, ოპოზიციაში კი პირიქით, ამბობენ, რომ მმართველ გუნდს შიდა კვლევებით უარესი შედეგი აქვს. ანალოგიურადაა გაყოფილი ანალიტიკოსთა აზრიც.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თავისი მორიგი კვლევის შედეგები ორშაბათს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.5-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, უნდობლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიაა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემIPM-ს „საეჭვო რეპუტაციის კომპანია უწოდა", რომელსაც კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან".

„უკვე წლებია არსებობს ეს კავშირი და სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ხოლმე ჩვენი ეჭვები, მათ შორის პერსონალურ რეიტინგებში, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგსა და ა.შ. აქ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ არის გარკვეული მანიპულაციის ინტერესი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ეს კომპანია არასდროს არ აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს.

„ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია 100 პროცენტზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს 40% ამომრჩევლის არის გადაუწყვეტელი, რაც მთლიანად შეიძლება ოპოზიციისკენ მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება", - აღნიშნა კობახიძემ.

ოპოზიცია კი კვლევის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს. მათი შეფასებით, ეს შედეგები რეალურად შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. თუმცა, როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაშია.

„ზოგადად, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის კონსოლიდაცია არის საჭირო. ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში ითარგმნოს, ეს არის მისაღწევი და ამას ვაკეთებთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიების რეიტინგები

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხებიასე განაწილდა:

25% - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

12% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

3% - საქართველოსთვის - გიორგი გახარია

3% - გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

2% - სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე

2% - დროა - ელენე ხოშტარია

2% - ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი

2% - ხალხისთვის - ანა დოლიძე

2% - გირჩი

2% - პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი

1% - ლელო

1% - მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი

1% - კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო

2% - სხვები

11% - გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი

6% - ხმას არ მივცემდი

16% - არ ვიცი

7%- უარი პასუხზე.

შედარებისათვის, ამავე ორგანიზაციის მიერ 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევისას ამავე კითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: 33% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, წინასაარჩევნოდ შექმნილ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას" კი - 16%; მესამეზე „ევროპული საქართველო" იყო 5%-ით.

იგივე კითხვაზე 2021 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევისას მონაცემები ასეთი იყო: გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას", 9 % კი - გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".

პერსონალური რეიტინგები

ნდობის მხრივ ჩატარებული კვლევის ნაწილში პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება:

პატრიარქი ილია მეორე - 88 %;

კახა კალაძე - 51%;

ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;

ანა დოლიძე - 40 %;

სალომე ზურაბიშვილი - 38%;

დავით უსუფაშვილი - 38%;

ნინო ლომჯარია - 38 %;

გიორგი გახარია - 37%;

გიორგი ვაშაძე - 37%;

ბიძინა ივანიშვილი - 36%;

ირაკლი კობახიძე - 34%;

ელენე ხოშტარია - 33%;

მიხეილ სააკაშვილი - 33%;

შალვა ნათელაშვილი - 33%;

ნიკა მელია - 32%;

ხატია დეკანოიძე - 31%;

ალეკო ელისაშვილი- 30%;

მამუკა ხაზარაძე - 29%;

შალვა პაპუაშვილი - 28 %;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;

ბადრი ჯაფარიძე - 23%;

გიგა ბოკერია - 17 %;

ხათუნა სამნიძე - 15 %.

სხვა შედეგები

კითხვაზე, თუ საქართველო წარუმატებელი აღმოჩნდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:

64% - საქართველოს მთავრობა/მმართველი პარტია;

8% - ოპოზიციური პარტიები;

6% - ევროკავშირი;

2% - რუსეთის ომი უკრაინაში;

1% - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;

3% - სხვა;

17% - არ ვიცი/უარი პასუხზე.

გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით, კვლავ დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი - 32 %. უცვლელად კი მთავარი პრობლემა - სიღარიბე რჩება.

რომელი მონაცემები იწვევს ეჭვებს და რატომ

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კვლევის შედეგებს არ ენდობა და გარკვეული არგუმენტებიც მოჰყავს.

„სიახლეა, რომ ივანიშვილი რომელზეც მთელი ოპოზიცია გამუდმებით ლაპატაკობს და მასზე უცხოეთიც ასეთივე დაბეჯითებით საუბრობს, საზოგადოებაში ანა დოლიძეზე, ან ნინო ლომჯარიაზე ნაკლებად პოპულარულია. ესე იგი საქართველოში რეიტინგიანი პოლიტიკოსების რიცხვი მატულობს. რა თქმა უნდა, ეს კვლევა არადამაჯერებელია. უბრალოდ, ეს შედეგები მხიარულ განწყობაზე გაყენებს.

„კველევები მიზანმიმართული გაყალბების შთაბეჭდილებას ახდენს რამოდენიმე მიზეზის გამო, კალაძის რეიტინგი 51%-ია, ღარიბაშვილის კი - 44% და ამ დროს კი პარტიის რეიტინგი მხოლოდ 25 %-ია. ანუ პარტია მის ლიდერებზე ნაკლებად პოპულარულია?!

„არ ვიცი კვლევები რა მეთოდოლოგიით ჩატარდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა არადამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პარტიის რეიტინგი ივანიშვილის რეიტინგიდან გამომდინარე იყოს დაბალი. დასკვნებში ჩანს არალოგიკური შედეგები და აქედან გამომდინარე არადამაჯერებელ შედეგებამდე მიდის მათი კვლევები.

„კვლევები მიზანმიმართულად გაყალბების შთაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ, რომ ამ შედეგებით „ქართული ოცნება" როგორც პარტია კნინდება. რაც შეეხება კვლევის ორგანიზატორთა მოტივებს, ვფიქრობ ისინი უფრო ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების მიხედვით მოქმედებენ", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

მისივე თქმით, პარტიულ რეიტინგებშიც ჩანს არალოგიკური შედეგები.

„ლაპარაკია გიორგი გახარიაზე რომელიც ჰორიზონტზე საერთოდ არ გამოჩენილა. როცა პოლიტიკოსი მედიაში არ ჩანს, მას რეიტინგი უვარდება, მერე კი ქრება, ამ დროს კი ვხედავთ, რომ ასეთი მაღალი შედეგოი აჩვენა მან, ეს ცოტა უცნაურია. ასევე საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა უსუფაშვილმაც, რომელიც არ აქტიურობს. აქედან გამომდინარე, კვლევაში კიდევ ერთხელ ჩნდება არალოგიკური დასკვნები.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ენმ-ის 12%-იც არადამაჯერებელია, რადგან ისე მიდის ამ პარტიის საქმე, რომ ყველა ჟურნალისტი სვამს კითხვას, როდის დაიშლება ის . ამ ფონზე კი მისი რეიტინგი მოსალოდნელზე შედარებით მაღალია, რაც მაფიქრებინებს, რომ კვლევა რომელიღაც პარტიის ინტერესებით არის გაკეთებული. აქდან გამომდინარეა ისიც, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა 64% „ოცნებას" აკისრებს პასუხისმგებლობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში. ოპოზიციის მთავარი მესიჯიც ეს არის, ამით აპირებენ შეტევას. „ნაცმოძრაობა" ცდილობს „ოცნების" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გააძლიეროს უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით. ამას თუ მოყვება უარი კანდიდატის სტატუსზე, მას გადმოიტანენ ხელისუფლების წინააღმდეგ, რის გამყარებასაც ახლა ამ კვლევითაც ცდილობენ. მთავარი მესიჯი გახდება, რომ მმართველი გუნდია დამნაშავე სტატუსის ვერ მიღებაში, ეს ხელისუფლება ხელს უშლის ქვეყნის ევროპისკენ მოძრაობას და უნდა იყოს შეცვლილი, რისთვისაც საჭიროა რევულუცია". - განცახადა მან.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩირტაძე კი მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები ლოგიკური და დამაჯერებელია. ამასთან, არაფერია უცნაური იმაში, რომ პასიურ პოლიტიკოსებს შედარებით მაღალი რეიტინგი აქვთ, „ოცნების" დაბალი პარტიული რეიტინგი კი სხვა მიზეზებითაც აიხსნება.

„მე მგონია, რომ გამოკითხვის შედეგები რეალობასთან ახლოს არის. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დიდი სასულიერო პირების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, პატრიარქი მაინც მიიჩნევა ერის სულიერ ლიდერად. ამიტომაც არის ლოგიკა იმაში, რომ მას მოსახლეობის უმეტესობა ენდობა.

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი მეათე ადგილზეა და მას უსწრებს თუნდაც ნინო ლომჯარია, ლოგიკა აქაც არის და რატომ? - იმიტომ, რომ თავად „ქართული ოცნების" მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი ივანიშვილზეა განაწყენებული, რადგან მათ მისცეს ხმა და ელოდნენ, რომ ის კაპიტალს დააბანდებდა საქართველოს ეკონომიკაში, გახსნიდა ას საწარმოს და ა.შ. მან კი პირობები არ შეასრულა. აქედან გამომდინარე მისი რეიტინგი დაეცა.

„რაც სეეხება „ოცნების" ლიდერების მაღალ რეიტინგსა და თავად პარტიის დაბალ რეიტინგს. ამ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომები არსებობს პარტიების ლიდერებსა და თავად პარტიასთან დაკავშირებით. ასე ანა დოლიძესაც აქვს რეიტინგი მაღალი, მაგრამ მისი პარტიის რეიტინგი შედარებით დაბალია.

„ამასთან, რა თქმა უნდა, ლოგიკურია ისიც, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×