თამთა ჩაჩანიძე
08.11.2022

„აირაის" („საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის") ბოლო კვლევებით, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია, ოპოზიცია საზოგადოებაში პესიმიზის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ უიმედობა „ქართულმა ოცნებამ" დანერგა, თუმცა დასძენს იმასაც, რომ ეს ოპოზიციის ნაწილის დამსახურებაცაა.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ ოპოზიცია პესიმისზმის გაძლიერებაზე აპელირებს, არაა გამორიცხული, რომ ეს „პოლიტიკური დაკვეთა იყოს". თუმცა, მეორეს მხრივ, ისიც არაა გამორიცხული, რომ პესიმიზმი მართლაც იყოს საზოგადოებაში, ეს კი მთელ პოლიტიკური სპექტრის „დამსახურებაა" და განსაკუთრებით ოპოზიციის, რადგან, საყვარელიძის თქმით, როცა ძლიერი ოპოზიცია გყავს, იმედი გაქვს, რომ ხელისუფლება თუ არ ივარგებს, ოპოზიციით შეცვლი.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ პარამეტრზე აპელირებს - ესე იგი ეს დასკვნა სჭირდება, რომ ხალხმა ოპტიმიზმი დაკარგა. მერე ოპოზიცია ამას დაუკავშირებს, რომ ესე იგი ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ამ შემთხვევაშიც ალბათ წინა პლანზე იგივე საკითხები წამოიწევს, რაც ივანიშვილის და ომბუდსმენის რეიტინების შეფარდებისას წამოიწია. სხვათა შორის, „გირჩის" ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ ამ გამოკვლევას რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, სადაც ლომჯარიას უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ივანიშვილსო.

„ივანიშვილის დაბალი რეიტინგი ისევ და ისევ ოპოზიციურ პარტიებს აწყობს და „აირაი" ცდილობს, რომ ის სურათი დახატოს, რაც ოპოზიციურ პარტიებს აწყობს. ამ შემთხვევაში პესიმიზმი, ჩემი აზრით, პოლიტიკური დაკვეთაა.

„მეორეს მხრივ, შესაძლოა პესიმიზმი იყოს, ოღონდ ხშირად რაც მესმის, ეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეხება და პესიმიზმის საფუძველი უფრო ხშირად ოპოზიციის უუნარობა უფროა ხოლმე, ვიდრე ხელისუფლების, რადგან როცა ძლიერი ოპოზიცია გყავს იმედი გაქვს, რომ ხელისუფლება თუ არ ივარგებს, ოპოზიციით შეცვლი. თუკი პოლიტიკაზე ხარ ორიენტირებული და არც ოპოზიციის გჯერა და არც ხელისუფლებით ხარ მოხიბლული, იქ, რა თქმა უნდა, შეიძლება პესიმიზმი განვითარდეს.

„მათი რიცხვი, ვისაც არცერთი პარტია არ მოსწონს და არჩევნებზე უარს ამბობს, 50%-მდე ადის. ის, რომ ამ ადამიანებისთვის მისაღები პარტია არ არსებობს და უარი უწევს, ეს უკვე შეიძლება პესიმისზმის საფუძველი გახდეს"- განაცხადა საყვარელიძემ.

„აირაის" საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია. შეკითხვაზე, ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ განწყობას, პასუხები ასეთია : ოპტიმისტურად - 47%; ნეიტრალურად - 38%; პესიმისტურად - 15%.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ოპტიმისტურად შეფასების მაჩვენებელი ბოლო კვლევაში ყველაზე დაბალია. 2012 წელს ის 83%-ს შეადგენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×