ელზა პაპოშვილი
11.11.2022

ორ გუნდად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდა კონსულტაციებისთვის ემზადებიან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც გადაწყდება პოლიტიკური საბჭოს არჩევნების თარიღი. დღეს ნიკა მელია და მისი მომხრეები პარტიის შენობაში შეიკრიბნენ და იმსჯელეს, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები. უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი, თუმცა როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, ის ფსონს უფრო ლევან ხაბეიშვილზე დადებდა, რომელიც „კეზერაშვილის კაცია“. მისი თქმით, „ალბათ  გადამწყვეტ სიტყვას სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია იტყვიან. თუმცა ბოლო მოვლენების მიხედვით, ისინი ქართული პოლიტიკით დიდად აღარ ინტერესდებიან.“

არჩევნებში მონაწილეობის სავარაუდო კანდიდატები კი შესაძლოა ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე იყვნენ. ჩალაძე და მუმლაძე პარტიის თავჯდომარეობისთვის ბრძოლას ადასტურებენ. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მან გუშინ ინფორმაცია უარყო, დღეს კი გადაიფიქრა და ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით სხვა სავარაუდო კანდიდატებს განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ჩალაძის კანდიდატურას მოწინააღმდეგეები და მომხრეებიც უკვე გამოუჩდნენ. 

რომან გოცირიძე ჩალაძის კანდიდატობას კომიკურს უწოდებს. 

„ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით,“ -წერს რომან გოცირიძე. 

ენმ-ის თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კი, პირიქით, ამბობს, რომ ჩალაძე ღირსეული ადამიანია. 

„კარგია, რომ გვყავს უკვე ორი კანდიდატი - დღეს გიორგი ჩალაძემ დააყენა თავისი კანდიდატურა, რომელიც არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ამ პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ღირსეული ლიდერი და იმედი მაქვს, რომ შიდა დემოკრატიული პროცესებისთვის იქნება ბევრი კანდიდატი და ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს ექნება საშუალება, აირჩიოს მათგან ყველაზე აქტიური, ყველაზე სასურველი - ის ადამიანი, ვინც შეძლებს პარტია კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს.

ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე - ვისაც არ დაუყენებია ჯერ კანდიდატურები. ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები.  რაც შეეხება მე ვის დავუჭერ მხარს - უნდა ვნახო ჯერ ვინ დააყენებს კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ყველა კანდიდატი არ არის და ამის შემდგომ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე. 

პარტიის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აღნიშნავს, რომ ჩალაძის ამბავი თავდაპირველად ხუმრობა ეგონა. 

„ახლახანს გავიგე,  მეგონა, რომ ხუმრობა იყო, მაგრამ ყველას არჩევანს პატივს ვცემ. დღეს უკვე აქტიურად დავიწყებთ კომუნიკაციას თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს და რა დროს უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმიტომ, რომ აუცილებელია კანდიდატებმა აწარმოონ სრულფასოვანი კამპანია ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად, ეს აბსოლუტურად ნორმალური, დემოკრატიული პროცესია და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, როგორც ფორმას ასევე დროს, თუ როგორი ტიპის არჩევნები გვინდა,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.   

ანალიტიკოის გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ ამ შიდაპარტიულ ბრძოლაში „კეზერაშვილის კაცი“ ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს. 

„პარტიაში დაპირისპირება რომ იყო, ყველამ კარგად იცოდა. ნიკა მელიას ირგვლივ შავი ღრუბელი დიდი  ხნის წინ მოგროვდა. მარტივ მამრავლებად ენმ-ის დაშლა გარდაუვალია. ვისით ჩაანაცვლებენ ნიკა მელიას, საკითხავი ეს არის. არის საუბარი რამდენიმე კანდიდატზე, მაგრამ მაინც ლევან ხაბეიშვილზე ვფიქრობ, რადგან ის უშუალოდ დავით კეზერაშვილის კაცია და მისგან დაფინანსებასაც იღებს. აქ ალბათ კიდევ გადამწყვეტ სიტყვას სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია იტყვიან. თუმცა ბოლო მოვლენების მიხედვით, ისინი ქართული პოლიტიკით დიდად აღარ ინტერესდებიან და ესეც ნაკლებად  მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, თუ დააკვირდებით, ორივე ჯგუფი მაინც სააკაშვილთან უშუალო კავშირს ცდილობს და ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის მთავარი დღის წესრიგი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდა იყოს. ორივე ჯგუფმა კარგად იცის, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე მხარდამჭერებს დაკარგავს. ამიტომ იქნება თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, მისი სახელით მანიპულირებას პარტიის წევრები მაინც გააგრძელებენ. უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს საჯაროდ კომპრომატებით ბრძოლას დაუწყებენ. აქ ყველაზე საინტერესო კი იმ კარტების გახსნა იქნება, რეალურად ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რატომ ჩამოვიდა“, - ამბობს გია აბაშიძე.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×