თამთა ჩაჩანიძე
11.11.2022

ხერსონიდან რუსების გაქცევის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფართო საზოგადოებაში ვეღარ ჩნდება, „დიდი ოცეულის" სამიტს ონლაინ რეჟიმშიც აღარ დაესწრება. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პუტინი დამარცხებით შერცხვენილია და მის ინტერესში ასეთ შეხვედრებზე დასწრება აღარ შედის და არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა „კუდი მოიქნიოს".

„ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის" სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება" - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. მისი თქმით: "ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან".

„ხერსონის დატოვება პუტინის ავტორიტეტზე ნეგატიურად აისახება. ახლა მას არ სურს, რომ „დიდი ოცეულის" სამიტს თუნდაც ონლაინ დაესწროს, რადგან ის უკვე დამარცხებით შერცხვენილია. სამიტს რომ დაესწროს, კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გადხება და, ბუნებრივია, ეს მის ინტერესში არ შედის.

„პესკოვის განცხადებამდე მოსალოდნელი იყო, რომ თუ პუტინი სამიტზე ფიზიკურად არ იქნებოდა, დისტანციურად მაინც ჩაერთვებოდა. ასეთ შემთხვევაში ზელენსკიმ ჩასვლაზე მზადყოფნა გამოთქვა, ახლა მით უმეტეს გამარჯვებულის პოზიციიდან დაესწრება", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ხერსონის დაბრუნება ომში რამდენად გარდამტეხი აღმოჩნდება და უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან რაიმე მწვავე პასუხს, ჩიტაძემ განაცხადა:

„სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა კუდი მოიქნიოს და ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რუსეთი მარცხდება და მგონია, რომ საბოლოოდ დამარცხდება ეს დროის საკითხია, მაგრამ სანამ დონბასი და ყირიმი გათავისუფლებული არაა, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი და საერთაშორისო საზოგადოებას განსაკუთრებული ძალისხმევა მართებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×