თეონა ვეშაგური
11.11.2022

ორ და შეიძლება მეტ ბანაკადაც გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება., რასაც თავად პარტიის გაძლიერების მოტივით ხსნიან. „ქართულ ოცნებაში", ცხადია, ნიშნისმოგებით ხელებს იფშვეტენ და ენმ-ში დაწყებულ ქაოსს პარტიის მართვის სადავეებისთვის ბრძოლას უკავშირებენ. შეფასებები კეთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

ვრცელდება ცნობები, თითქოს კეზერაშვილის დაჯგუფებას სათავეში ვანო მერაბიშვილი უდგას, მეორე მხარეს კი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ნიკა მელიას ლობირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მაინც ორი ძირითადი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს. ეს ბრძოლა ახალი დაწყებული არ არის და ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ახალაიებსა და მერაბიშვილის კლანებს შორის. დღესაც ამ ღია ბრძოლის უკან, ჩრდილოვან მხარეს, ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეს ორი კლანი უპირისპირდება ერთმანეთს. ახალაიები მხარს უჭერენ მელიას, ხოლო კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფრთა კი, მელიას წინააღმდეგ აწყობს ამ გადატრიალებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩალაძე სააკაშვილის დედის ფავორიტია და მისი მეშვეობით აქვს ბმა სააკაშვილთან, არ მგონია, რაიმე კონკრეტული წარმატება ჰქონდეს მის კანდიდატურას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ენმ-ს წევრები „ერთმანეთს ჭამენ" ფულისა და პარტიის შიგნით გავლენებისთვის.

„ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ, იბრძვიან გავლენებისთვის, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე - ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ და არა საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიურად ძლიერი, ხალხმა შვება იგრძნოს, ქვეყანა განვითარდეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. ეს ორი ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ, არიან სხვანაირად - შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ საქმის კეთებისას," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთი ჯგუფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას, ბოლო ორი დღეა, საგანგებო ბრიფინგებით ითხოვს. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აეჭვებს თანაპარტიელების აჩქარება, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნების იდეა, თვე-ნახევრის წინ, თავად წამოაყენა და პარტიაში მზადებაც დაწყებული იყო.

9 ნოემბერს საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ხოლო 10 ნოემბერს, პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან გააკეთეს განცხადებები სწრაფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ეს ჯგუფი ითხოვს, რომ პარტიამ ხელახლა აირჩიოს პოლიტიკური სამდივნო, საბჭო და აუცილებლად - თავმჯდომარე.

„ნაციონალურ მოძრაობაში" გახმოვანებულ საკითხს, პარტიის გაძლიერების მოტივით ხსნიან. ამბობენ, რომ შიდა არჩევნები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და რომ ეს, მხოლოდ, ამომრჩევლის დაკვეთის შესრულებაა.

შეფასებები გაკეთდა სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც. ექსპრემიერ გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ მიექანება. აკაკი გვიანიძე IRI-ის კვლევას იშველიებს და ამბობს, რომ ოცნებისა და ნაცმოძრაობის რეიტინგები დღითი დღე ეცემა. ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები საერთო ოპოზიციურ სურათზე არ იმოქმედებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აუცილებელია ზოგადი პოლარიზაცია დასრულდეს რათა ევროპული პერსპექტივა არ დავკარგოთ.

„ლელოში" კი ამბობენ, რომ წამყვანი ოპოზიციური ძალის დასუსტება, მთლიან ოპოზიციურ სპექტრზე ნეგატიურად აისახება. თუმცა ვაჟა დარჩია ფიქრობს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დაშლა არ ემუქრება.

„ქვეყნის რეალობა არ იცვლება იმით, თუ ვინ განსაზღვრავს პროცესს ნაცმოძრაობაში . ამ ქვეყნის რეალობა რომ შეიცვალოს , „ოცნება" უნდა დამარცხდეს. რაც დღეს ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, არ აინტერესებს 10 ადამიანიდან 8-ს. დარწმუნებული ვარ, მორიგი ინდური სერიალი განვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში" გავლენების გადანაწილებისთვის და დაიკავებს იმ საინფორმაციო სივრცეს , სადაც ჩვენ ხალხს უნდა ველაპარაკოთ. ამიტომ არის ეს უსიამოვნო". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი".

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×