თეონა ვეშაგური
12.11.2022

რუსეთი უკრაინაზე ინტენსიური სარაკეტო დარტყმების ახალი სერიისთვის ემზადება ამ მასშტაბურ შეტევას, სავარაუდოდ, „დიდი ოცეულის" სამიტს დაამთხვევს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსების საჰაერო დარტყმები უკრაინელთათვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ნაკლებად მოსალოდნელია, ახალმა მასშტაბურმა შეტევამ რამე შეცვალოს.

„რუსეთს ძალიან უყვარს სიმბოლური თარიღები. „დიდი ოცეულის" სამიტი აღიქმება ამ პარადიგმაში და სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი ემზადებოდეს შემდეგი დარტყმის განსახორციელებლად „დიდი ოცეულის" სამიტის დღეებში. მათ ძალიან უყვართ პროვოკაციის მოწყობა ასეთ დროს", - აღნიშნა იგნატმა.

„დიდი ოცეულის" სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. ბოლო დრომდე არსებობდა მოლოდინი, რომ სამიტს პირადად დაესწრებოდნენ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. მოსკოვშიც და კიევში ამას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ოფიციალურად ადასტურებდნენ. თუნცა, 9 ნოემბერს რუსების მიერ ქალაქ ხერსონი დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი ლიდერი სამიტზე არ ჩავა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის ნაცვლად სამიტში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს, თუმცა ჯერ გაურკვეველია ლავროვი ბალიზე ჩავა, თუ ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება სამიტის მუშაობაში.

ბალიზე ჩასვლას არ აპირებს პრეზიდენტი ზელენსკიც და იგი მასში მხოლოდ ონლაინ ჩართვით მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მსგავსი სარაკეტო თავდასხმები ჩვეულებრივ ამბად იქცა.

„რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო შეტევები ისედაც ხორციელდება და ეს სიახლე არ იქნება. შესაძლოა მორიგი ინტენსიური დარტყმა განახორციელონ. ამ ეტაპზე უკრაინაში მათ არ შეუძლიათ რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ.

„უკრაინის მიერ ხერსონის დაკავების შემდეგ, შესაძლოა რუსეთი შეეცადოს ფრონტის რომელიმე ნაწილზე მაინც უპირატესობის აღებას. ეს ჩვეულებრივი ომის ნაწილია.

„მე, როგორც უკრაინული ამბების სამხედრო ექსპერტს, უკრაინიდან ჩართვები ყოველდღიურად მაქვს და დაბომბვის ხმა ჩართვის დროსაც ხშირად ისმის. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ უკრაინაში ასეთი დაბომბვები, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირაა რუსების მხრიდან უკრაინაზე საჰაერო შეტევების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. უკრაინული სარდლობა ამას იმით ხსნის, რომ რუსული მხარე რაკეტებსა და დრონებს აგროვებს ახალი მძლავრი დარტყმისათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×