თეონა ვეშაგური
12.11.2022

ახლო მომავალში „ნაციონალური მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება და შესაძლოა მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას თანამდებობის დატოვება მოუწიოს. როგორ შეიცვლება ამ შემთხვევაში ენმ-ს პოლიტიკა და დათანხმდება თუ არა პარტია საპარლამენტო არჩევნებისათვის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას?

მთავარი ცვლილება პარტიის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისათვის ბრძოლის გააქტიურებას უკავშრდება. რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ახალმა მმართველობამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანების პოლიტიკა აირჩიოს.

ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისა და საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი პროპორციული სიით გასვლის იდეა „სტრატეგია აღმაშენებელმა", „დროამ" და „გირჩი - მეტი თავისუფლებამ" წამოაყენეს, თუმცა, ენმ-ს თავმჯდომარისა და პარტიის ახლანდელი ლიდერებისათვის ეს შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა.

შეიცვლება თუ არა ამ საკითხზე ენმ-ს პოზიცია, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძისათვის უცნობია.

„სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა", - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

კითხვიზე, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, ვინ არის ერთობის წინააღმდეგი, ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა" და„ლელო" ერთობის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, ერთობის ფორმასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

"მე არ ვაკეთებ კომენტარს სხვა პარტიებში მიმდინარე მოვლენებზე. არ მგონია, რომ ეს ჩემი საქმე იყოს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ერთობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. შესაბამისად, ვიმუშავებთ და დაველაპარაკებით ყველას.

„წარმოდგენა არ მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ. მე არ ვიცი პარტიაში როგორ დალაგდებიან საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიდი ერთობა შეიქმნას „ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, რა თქმა უნდა. მათთან კომუნიკაცია სულ გვაქვს.

„მე არ მსმენია ნიკა მელიასგან. რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია. მისი კრიტიკა, რაც მომისმენია, მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებთან მიმართებაშია, მაგალითად, პრაიმერისთან მიმართებაში აქვს კითხვები. ამიტომ ასე ვერ იტყვით, რომ ვინმე წინააღმდეგია ერთობის.

„ამ წუთში რაღაც თვალსაზრისით „ლელოც" წინააღმდეგია ერთობის, თუმცა, „ლელოს" ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ ფორმას სხვას ფიქრობენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ში თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ გამორიცხული არაფერია, მაგრამ მთავარი მაინც ენმ-ის წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარის გაბათილებაა.

„რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ახლა მთავარი არის ის, რომ ვინც არ უნდა გახდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება. მოსახლეობას უნდა აუხსნან და გაფანტონ ის დეზინფორმაცია, რასაც „ქართული ოცნება" ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა იყო მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების პერიოდი.

„ასევე აუცილებელია პარტიამ საინფორმაციო კამპანია აწარმოვოს, იმის შესახებ თუ რას გააკეთებენ მომავალში.

„რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუ მათთან გაერთიანება არა, კოორდინირებული მუშაობა მაინც უნდა დაიწყონ. ეს აუცილებელია „ოცნების" დასამარცხებლად. შესაძლოა „ნაცმოძრაობას" სხვა პარტიებთან გაერთიანება მერეც არ აწყობდეს, მაგრამ კოორდინაცია აუცილებელია. პროდასავლური პარტიების კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციის დაქსაქსულობა ნეგატიურად აისახება როგორც ოპოზიციის, საერთოდ საქართველოს მომავალზე", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×