თამთა ჩაჩანიძე
13.11.2022

ხერსონის ჩაბარებამ რუსეთში სრული ქაოსი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღა გამოიწვია. კრემლის თავგადაკლული იდეოლოგი ალექსანდრ დუგინიც კი მომხდარში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, პუტინის მკვლელობასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ რუსებს ახლა თავი არარაობად მიაჩნიათ, იტანჯებიან და „ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებენ". რუსეთის ხელისუფლებამ კი ტალღის შესაჩერებლად რეპრესიები დაიწყო.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში უკვე შიდა არეულობა და სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლის პროცესი დაიწყო და ისიც არა გამორიცხული, რომ უკმაყოფილო საზოგადოების ტალღა იმ დონემდე მივიდეს, რომ პუტინის მკვლელობაც კი მოაწყონ. თუმცა, მათი განცხადებით, დღეს იმის თქმაც ძნელია, რომ ამის შემდეგ ხელისუფლებაში ისეთი ჯგუფი მოვა, რომელიც რუსეთს დემოკრატიის გაძლიერებისა და ნორმალურ სახელმწიფოდ ფორმირების გზით წაიყვანს.

რას წერს დუგინი

კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ხერსონის უკრაინის კონტროლქვეში გადასვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს და აცხადეს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია. დუგინი წერს, რომ თუკი მმართველი მარცხს განიცდის, მაშინ მას „წვიმის მეფეის" ბედი ელის და ამატებს, რომ მხედველობაში აქვს ბრიტანელი ანთროპოლოგის ჯეიმს ჯორჯ ფრეზერის 12-ტომეულის „ოქროს რტოს" ერთი ფრაგმენტი, სადაც მეფეთა მკვლელობის ძველი პრაქტიკაა აღწერილი, რომ თუკი მეფე გვალვაში წვიმას ვერ იწვევდა, მას სიკვდილით სჯიდნენ.

„რუსული ქალაქი ჩაბარდა, რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქი - ისეთივე, როგორიცაა ბელგოროდი, კურსკი, დონეცკი ან სიმფეროპოლი. თუ ეს შენთვის სულერთია, მაშინ რუსი არ ხარ. რუსები ახლა ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებენ, ტირიან და იტანჯებიან, თითქოს გული ამოგლიჯეს, თითქოს შვილები, ძმები, დედები და ცოლები თვალწინ მოუკლეს. თუ ახლა არ გტკივა, არარაობა ხარ," - წერს დუგინი თავის „ტელეგრამ" არხზე.

შემდეგ ის პასუხობს რუსეთისთვის ტრადიციულ კითხვებს: ვინ არის დამნაშავე და ამ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს. მას მიაჩნია, რომ სამხედრო ხემძღვანელობის მიმართ და პირადად გენერალ სუროვიკინთან არანაირი პრეტენზია არაა, რადგან „ის არ არის პოლიტიკოსი და ის ფრონტის ტექნიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი".

„ხელისუფლება - ის არის პასუხისმგებელი ამაზე. რა არის თვითმპყრობელობის (Самодержавие) არსი (ჩვენ კი სწორედ ის გვაქვს)? ჩვენ მმართველს ვაძლევთ სრულ ძალაუფლებას, მან კი კრიტიკულ მომენტში ყველანი უნდა გადაგვარჩინოს - ერი, სახელმწიფო, ადამიანები, მოქალაქეები. თუ ამისათვის ის გარს შემოიკრავს განავალს, ან ფეხებზე იკიდებს სოციალურ სამართლიანობას, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ მთავარია გადაგვარჩინოს. თუ ვერ ახერხებს ჩვენს გადარჩენას მაშინ „წვიმის მეფის" ბედი ელის (იხ. ფრეზერი). თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს - სრული ძალაუფლება წარმატების შემთხვევაში, მაგრამ ასევე სრული პასუხისმგებლობა ჩავარდნაზე. აბა როგორ გინდოდათ?!

„როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან? დაუყონებლივ გადავიდეთ სუვერენული დიქტატურიდან კომისარულზე, ანუ შემოიტანოთ იდეოლოგია. მმართველმა ეს თითქმის გააკეთა. მაგრამ მხოლოდ „თითქმის". ხერსონი კი თითქმის კი არა, მთლიანად ჩააბარეს.

„არავითარი პრეტენზია სუროვიკინთან. ის არ არის პოლიტიკოსი, პასუხისმგებელია ფრონტის ტექნიკურ მხარეზე. დარტყმა მას არ ეკუთვნის. კარგად გესმით ვისაც ეკუთვნის და არანაირი პიარი აქ აღარ უშველის. კრიტიკულ სიტუაციაში პოლიტიკური ტექნოლოგიები საერთოდ არ მუშაობს. დღეს ისტორია ლაპარაკობს და ის წარმოთქვამს ჩვენთვის საშინელ სიტყვებს.

„ეს არ არის ღალატი, ეს არის ნაბიჯი არმაგედონისაკენ. დასავლეთის პირობები, რომელიც იმარჯვებს, ამ სატანის ამ ცივილიზაციის პირობები მოსკოვისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს ნიშნავს, რომ დარჩება ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღი, ანუ დასასრული. და აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„გვეყოფა წუწული - რუსული იდეა და მხოლოდ ეს. სისულელეა რუსული იდეის, ჩვენი იდეოლოგიისადმი შიშის გამო კაცობრიობის ტოტალურ განადგურებაზე წავიდეთ. სხვა გზა აღარ დარჩა. ამ ხელისუფლებას მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. გამარჯვებისთვის კი ტექნიკური საშუალებებიც არ გვაქვს საკმარისი", - წერს დუგინი.

როგორ ცდილობს უკმაყოფილების ჩახშობას პუტინი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" თავის მორიგ ანგარიშში პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღის შესახებ წერს, რომელიც, მათი განცხადებით, ხერსონის ჩაბარებამ გამოიწვია.

„რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დატოვებამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ომის მომხრეებს შორის იდეოლოგიური გახლეჩა გამოიწვია. უკან დახევამ ჩამოშალა ნაციონალისტების რწმენა, რომ პუტინს შესწევს უნარი შეასრულოს თავისი დაპირებები", - აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრსაც მაგალითად მოჰყავს რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის პუბლიკაცია.

პუტინი კი კრიტიკის ტალღას ახალი მეთოდებით ებრძვის - სახელმწიფო სათათბირომ, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მოქალაქეობის შესახებ შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის" პირს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას:

„მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი, ასევე, შეიძლება იყოს ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა: ექსტრემიზმისკენ საჯარო მოწოდებები, სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება, ძარცვა, ქრთამი, ვანდალიზმი, სახელმწიფო ემბლემისა და დროშის შეურაცხყოფა და სხვა".

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები

კითხვაზე ეს გარემოებები რაზე მიგვითითებს და მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ხელისუფლების ცვლილება და პუტინის ჩამოშორება,

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი დღეს იმ კატასტროფის რეალიზაციის ფაზაშია, რომელიც დიდი ხანია პროგნოზირებადი იყო - რომ ომში რუსეთის მარცხის მწვავე ფაზები შიდა არეულობას და სისტემის ჩამოშლას გამოიწვევდა.

„რუსეთის პერსპექტივა ზუსტად ესაა. ამგვარ ფორმაზე კომენტარს უამრავი ანალიტიკოსი აკეთებდა - რომ საომარ მოქმედებებში დამარცხება რუსეთში შიდა არეულობას და სახელმიფოს სისტემის ჩამოშლას გამოიწვევსო. როგორც ჩანს ისინი მართალნი აღმოჩნდნენ. ეს ჩვეულებრივად მსგავსი ტიპის სახელმწიფოებს ემართებათ ხოლმე. ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში, იაპონიაში და ა.შ.

„რუსეთი დღეს პრაქტიკულად იმ კატასტროფის რეალიზაციის ფაზაშია, რომელიც დიდი ხანია პროგნოზირებადია.

„პროცესები როგორ წავა ძნელი სათქმელია, შიდა პროტესტი და უკმაყოფილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რამე კონკრეტული სცენარით წავა საქმე. ბუნებრივია, რომ სასურველი იქნებოდა რუსეთში ცვლილება დემოკრატიის გაძლიერების, ნორმალური სახელმწიფოს ფორმირების გზით წასულიყო, მაგრამ რუსეთში ამის გარანტირება ჯერჯერობით არავის შუძლია. დავიცადოთ და სიტუაციას შვხედოთ", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისი ვარაუდოთ, ისიც არაა გამორიცხული, რომ უკმაყოფილოების ტალღის ზრდას მართლაც მოჰყვეს პუტინის მკვლელობა.

„ამაზე დიდი ხანია საუბარი, რადგან მისი (პუტინის) მდგომარეობა, ძალაუფლება და ის უზარმაზარი ფინანსური რესურსები, რომელიც მათ ხელშია, დიდი ხანია უმარავი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესს იწვევს. ასე რომ, რუსეთში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×