ელზა პაპოშვილი
13.11.2022

ენმ-ში შდა არჩევნებისათვის მზადება ოფიციალურად გაიწყო. პირველ რიგში კი მიდის ახალი წესის შემუშავება, თუ როგორ ფორმატში უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები. გარდა ამისა, პარტიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საზღვარგარეთ მცხოვრები მხარდამჭერების ხმებს. რატომ გახდა საჭირო ახალი წესის შემუშავება და როგორ შეიცვლება პარტიის პოლიტიკა მოქმედი თავნჯდომარის შეცვლის შემთხვევაში? ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პარტიის მომავალი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით.

ენმ-ში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა შეიმუშავოს არჩევის ისეთი წესი, რომ არჩევნების შედეგების სანდოობასთან და გამარჯვებულ კანდიდატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არავის არ გაუჩნდეს. ამის შესახებ შაბათს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომელიც ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს.

ჯგუფში სულ 7 წევრია და ბარამიძესთან ერთად მასში შედიან:  გიორგი ბოტკოველი, თორნიკე ბიკაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ბაჩო დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ივანე პეტრიაშვილი.

ბარამიძის თქმით, ამ ჯგუფის წევრები პარტიაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავაბენ. გარდა ამისა, მანვე განაცხადა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარდეს „სწრაფად, მაგრამ არა ნაჩქარევად“ და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი პარტიის მხარდამჭერების მონაწილების მნიშნელობას.

არის ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ემიგრაციამ, სადაც ასევე ძალიან ბევრია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც და მხარდამჭერიც. ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ამ პროცესის სამართლიანობაში. შედეგი რაც დადგება, უნდა იყოს ობიექტური. ამისთვის ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, ვინც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია და ამ ჯგუფის ერთად მუშაობის შედეგად 22 ნოემბრამდე, იმედია, შევძლებთ, ამ წესის შემუშავებას. შემდეგ დიდი იმედია, რომ ამას დაამტკიცებს და იმსჯელებს პოლიტიკური საბჭო და დაიწყება კამპანია იმ კანდიდატურების, რომლებიც დაასახელებენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად“, - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება ერთმანეთთან დაპირისპირებული ენმ-ის სხვადასხვა ჯგუფებისადმი მის დამოკიდებულებას, ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მძიმე ბრძოლაში მყოფ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმის ფუფუნება, „ხელი ჰკრას რომელიმე ადამიანს, ვისაც რამე შეუძლია, მათ შორის კეზერაშვილს“.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, როგორც წესი, ენმ-ში პარტიის ყრილობის დროს იმართება. თუმცა, ბოლო არჩევნები, სადაც ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მელიას გამარჯვებით დასრულდა იმის მიუხედავად, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშალომიძეს უწევდა რეკომენდაციას.

ვინ იბრძოლებს ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის

ამჯერად პარტიის ერთი ფრთა თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, მის უკან ყოფილი ძალოვნები - დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან. ხოლო ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი დავით კირკიტაძე გახდება. თუმცა, ხაბეიშვილს თავისი კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ დაუყენებია.

რაც შეეხება გიორგი ჩალაძეს, რომელიც ოფიციალურად არის დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატად, არსებობს ინფორმაცია, რომ მას მიხეილ სააკაშვილის  ოჯახის ლობირებს  - ჩალაძეს მხარს უჭერენ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ბიძა თემურ ალასანია უჭერენ. 

რაც შეეხება ასევე ოფიციალურ კანდიდატად დასახელებულ გიორგი მუმლაძეს, ძნელი სათქმელია პარტიის რომელი ჯგუფი დაგს მის უკან, თუმცა ანალიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი კანდიდატურა შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მონაწილე ერთი ჯგუფის მიერაა წარდგენილი, რათა მათ კონკურენტს ხმები გაუყოს.

გარდა ამისა ცნობილია, რომ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ასევე იბრძოლებს თანამდებობის შესანარჩუნებლად. გავრცელებული ცნობებით, მის მხარესაც ძმები ახალაიები დგანან. თუმცა, ანალიკოსთა შეფასებით, მისი შანსები არც ისე მაღალია. თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნების საკითხი სწორედ მელიას პოლიტიკით პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილების გამო დადგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ პარტიულთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსიც მუშაობს.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებში ისევ ჩაერთოს ლევან ვაშალომიძე. 

პარტიაში აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ ერთი ბანაკი უნდა არსებობდეს და ეს ბანაკი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახულ იდეეებს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ის, თუ ვის დაუჭერს მხარს სააკაშვილი და მისი ოჯახი.    

რატომ გახდა საჭირო ახალი წესი   

„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებისთვის უკვე ემზადება. სანამ თარიღი დაზუსტდება, მანამდე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მოდერაციას გიორგი ბარამიძე გაუწევს. მისი თქმით, ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი, 22 ნოემბრამდე უნდა მოამზადოს. 

„ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული სამუშაო იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს დააკმაყოფილებს, მათ შორის იმას, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, ასევე  ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა“, - აცხადებს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, გიორგი ბარამიძისგან გაირკვავ, თურმე 21-წლიანი სტაჟის მქონე პარტიაში არ არსებობს მკაფიო წესები, თუ პარტიის  თავმჯდომარის არჩევა როგორ უნდა მოხდეს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ არადემოკრატიული სტრუქტურაა და საბოლოოდ ახლა მიხვდნენ, რომ თავმჯდომარის არჩევას გარკვეული წესების შემუშავება სჭირდება. 

რაც შეეხება უშუალოდ წესებს, აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს იქნება მორიგი ფიქტიური არჩევნები და გადამწყვეტი მაინც ის იქნება, სააკაშვილის მომხრეები რომელი კანდიდატის მიმართულებით გადაიხრებიან. მისივე თქმით, ამით საბოლოდ გაირკვევა, სააკაშვილს მომხრეები პარტიაში რამდენად დარჩა. 

„გააჩნია წესებს არჩევნებში მიღების უფლება ვის ექნება. ეს იქნება მხოლოდ პოლიტსაბჭოს წევრები თუ რეგიონალურ ორგანიზაციებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქ მნიშვნელოვანი ის გარემოება იქნება, რამდენი კაცი დარჩა სააკაშვილის მხარეს და რამდენი - კეზერაშვილის. არ ვფიქრობ, რომ ნიკა მელია გამარჯვებას კიდევ შეძლებს. მთავარი მხოლოდ ეს ორი ფაქტორი იქნება. კეზერაშვილი ფინანსებით ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაიბიროს. 

„რაც შეეხება არჩევნების სანდოობას და იმას, რომ თუ რომელიმე ჯგუფი დამარცხდება არჩევნებს არ აღიარებს, კი, ბატონო,  ამის დიდი ალბათობა არსებობს. ამიტომაც არის, რომ ფიქრობენ რეალურად როგორ ჩაატარონ ისე არჩევნები, რომ ყველასთვის მისაღები იყოს. 

„რა თქმა უნდა, პარტიის შიგნით თავად ერთმანეთს არ ენდობიან. აქ მიდის ბრძოლა გავლენების და ფინანსური სარგებლის  მისაღებად. აქედან გამომდინარე ის წინა არჩევნები, სადაც მელიამ „ფეისბუქით“ გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იყო. პარტიის შიდა განაწესში ეს წესები არ იყო მიღებული. ანუ მელიასთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარდა სხვებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა. ამიტომ ბოტების და ტროლების გამოყენება ძალიან ადვილი იქნებოდა. მკაფიო გახდა, რომ ამ ტიპის არჩევნები იყო ფარსი. შესაბამისად ეძებენ ისეთ წესს, რომ დამარცხებულმა კანდიდატებმაც ეს აღიარონ და კთხვის ნიშნები არ გაჩნდეს“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება - პარიმერიზის საშუალებით პარტიის თავმჯდომარეს  ირჩევენ. მისი აზრით, „ფეისბუქით“ ჩატარებული არჩევნები მაინც კითხვებს გააჩენს, ამიტომაც აუცილებელია ისეთი წესის მოფიქრება, რომელიც ბევრად სანდო იქნება. ხოლო საზღვარგარეთ მყოფი პარტიის  მხარდამჭერების არჩევნებში მიღება იმიტომაა აუცილებელი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს სურს საკუთარი როლი შეიტანოს პარტიის თავმდჯომარის არჩევაში, რაც ლოგიკურია და მათი ხმების დაკარგვა არაფრით არ შეიძლება.

აბაშიძის თქმით კი, ალბათ საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებზე ამ არჩევნებისას დიდი დატვირთვა იქნება, რადგან ქვეყნის გარეთ მცოხვრები ენმ-ის მხარდამჭერების უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან  და მათი ხმები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის მათზე ამხელა აქცენტი გაკეთებული. შესაბამისად,  აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩალაძეს გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

ვინ ვის ლობირებს 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ დიდი ალბათობით გიორგი ჩალაძის უკან, რომელიც მელიას მიერ არის პარტიაში მიყვანილი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დგას. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მის უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან. ხოლო გიორგი მუმლაძე ვინ არის და რას წარმოადგენს, აბაშიძის თქმით, პარტიის ბევრმა წევრმა არც იცის. ამიტომ ეს ფიგურა ყველაზე საინტერესოა. 

„არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მუმლაძეს სპეციალურად არის შემოყვანილი, რათა რომელიღაც კანდიდატს ხმები წააართვას, იქნება ეს მელია, ხაბეიშვილი თუ ჩალაძე. თუმცა მოსალოდნელია, რომ სხვა კანდიდატურებიც გამოჩდნენ. 

„სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც ასეა, რომ ზოგიერთ არჩევნებში შემოჰყავთ ისეთი კანდიდატურა, რომლის ძირითადი მიზანი სწორედ რომელიმე სხვა კანდიდატისთვის ხმების გაყოფაა. არ ვიცი  მუმლაძე ვის ხმებს უმიზნეს, მაგრმ ფაქტია, რომ ეს ადამიანი სწორედ ამის გამო ვიღაცამ შემოიყვანა. 

„რაც შეეხება ჩალაძეს, ეს სააკაშვილის ოჯახის კადრია და მაინც ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მხარს მას დაუჭერენ. მას ყველაზე დიდი  შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს. მართალია, მისი ფიგურა ვიღაცისთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ის დამოუკიდებლად, ოჯახის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. 

„ხაბეიშვილი კი ძველი ძალოვნების მხარდაჭერით სარგებლობს. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლას აპირებს. არც ის არის გამორიცხული, რომ კანდიდატურა მანაც დააყენოს. 

„რაც შეეხება იმას, თუ რომელი გაიმარჯვებს და რა პოლიტიკის გატარებას  დაიწყებენ, მიმაჩნია, რომ უფრო რადიკალური და დესქტრუქციული დღის წესრიგი ექნებათ, რადგან ახალი თავმჯდომარის მთავარი დავალება სააკაშვილის ციხდან დახსნაა“, -ამბობს აბაშიძე. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიკა მელიას სამივე სავარაუდო ოპონენტი - ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე - საკმაოდ კარგი და ღირსეული პიროვნებები არიან. მისი შეფასებით, ჩალაძე უფრო ინტელექტუალია, რომელსაც პარტიის მართვა არ გაუჭირდება. რაც შეეხება ხაბეიშვილს და მუმლაძეს, ისინი მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებსაც პარტიისთვის და თავად სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მცდელობა  არ დაუკლიათ. ამიტომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მათ უნდა შეძლონ და ერთად პოლიტიკური თანაცხვრება გააგრძელონ. 

„რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატი ვიღაცის მხარდაჭერით სარგებლოს და ეს, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და რაიმე შეთქმულებაზე საუბარიც ზედმეტია. 

„ხაბეიშვილიც, ჩალაძეც და მუმლაძეც პარტიაში საკმაოდ კარგი სახეები არიან, როემლთაც თავისი მხარდამჭერები ჰყავთ. რაც შეეხება იმას, რომელიმეს გამარჯვების შემთხვევაში რა შეიცვლება პარტიაში, მგონია, რომ თუ ჩალაძემ გაიმარჯვა, ის ენმ-ში ახალი და საინტერესო სახეების მიღებას შეძლებს. პარტია უფრო მოაზროვნე და ინტელექტუალური წევრებით შესაძლოა დააკომპლექტოს. ხაბეიშვილი და მუმლაძე კი საკმაოდ მებრძოლი ადამიანები არიან და მათი გამარჯვების შემთხვეევაში პარტიული საქმიანობა უფორ აქტიური გახდება. 

ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის დამგეგმავი და დღეს ჩვენგან პირიქით ხდება. ეს აუცილებლად უნდა შეცვალოს ახალმა თავმჯდომარემ. ასევე იზრუნოს იმაზე, რომ ხალხში ენმ-ის მიმართ ნდობა აღადგინოს და ის შიში გაფანტოს, რომელიც ამ 10 წლის განამვლობაში მათი უკან დაბრუნებით ხალხშია გამჯდარი. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, მაშინ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა ძალიან გაჭირდება და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს“, - ამბობს ჩიტაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×