ელზა პაპოშვილი
14.11.2022

დეოლიგარქიზაციის  კანონი არის თუ არა  გზა ევროპისკენ? -ეს არის კითხვა, რომელსაც ოპოზიცია სვამს. ოპოზიციის უმრავლესობის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მეორე მოსმენის მიღების შემდეგ,  ვერ შესრულდება ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია, რადგან როგორც თავად განმარტავენ, პროექტით განსაზღვრული კრიტერიუმები აღნიშნულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ კანონპროექტზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით იმუშავა, როდესაც უკრაინული ვერსია დაუდო საფუძვლად დეოლიდარქიზაციის ქართულ კანონპროექტს.   

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საერთოდ ფიქრობს, რომ ამ გამოწვევას ქვეყანამ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით უნდა უპასუხოს. 

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეს პროექტი მოწონებულია როგორც ევროკომისიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. მეტიც, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინაში ამ კანონის შემუშავებაში ჩართული იყვნენ კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.  

ის, ვინც დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპარლამენტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, ვინც საუბრობენ, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა მოერგოს, სწორედ ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას ახდენენ.

„ევროსტრუქტურებიდანაც საკმაოდ კეთილგანწყობილი რეკომენდაცია მივიღეთ. არსებობს უკრაინაში მიღებული კანონი, არსებობს კრიტერიუმები და თუკი ამ კრიტერიუმებზე რამე დასამატებელია ან ამოსაკლები, ამის გარჩევა სამუშაო ჯგუფებში შეიძლებოდა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ეს არ მოხდა.

ამ საკითხის განხილვა ისე, რომ ეს უნდა ეხებოდეს ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ის იგულისხმა, არის სერიოზული დარტყმა ევროპარლამენტზე, ეს არის ბრალდება, რომ სწორედ ივანიშვილზე მორგებული კანონი უნდა მიგვეღო და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპაში არ იცოდნენ ვინ არის კეზერაშვილი, ძალიან ცდება. კეზერაშვილის განცხადება,რომ ფინანსურ რესურსებს ფლობს და სწორედ პოლიტიკის მართვისთვის გამოიყენებს ამას, მათ შორის, მედიაზე გავლენისთვის, რომელიც ზუსტად ემთხვევა კრიტერიუმებს, რაც თუნდაც უკრაინაშია მიღებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ცალკეულ პიროვნებაზე კანონპროექტის მორგება და ამაზე საუბარი ევროპარლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არის დისკრედიტაცია ევროსტრუქტურების,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინული კანონი ევროპისთვის მისაღებია. ვოლსკი აღნიშნავს, რომ კანონპროექტზე მსჯელობის პერიოდში, ევროპარლამენტის წარმომადგენლებისგან რაიმე მოსაზრებები, თუ რა შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი კანონპროექტში, არ მიუღიათ.  

მოემზადონ, ოლიგარქების რეესტრის შედგენას რომ დავიწყებთ, იქ მოიტანონ მტკიცებულებები და დოკუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება მათი დამფინანსებელი ოლიგარქები იქ მოხვდნენ იმ კრიტერიუმებით, რაც გაწერილია ამ კანონპროექტით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათ შეეძლოთ, თავად დაეწერათ კანონპროექტი, თუმცა, ამ გზით არ წავიდნენ, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო, ამიტომ აიღეს უკრაინული მოდელი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო მოწონებული. ოხანაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის მოისმინოს წინადადებები, თუ როგორ შეიძლება კანონპროექტი გაუმჯობესდეს.

„ის, რომ კონკრეტული პირები შეიძლება მიჩნეულ იქნენ ოლიგარქებად და სათავეში რომ ეყოლებათ კეზერაშვილი, ეს ერთი მხრივ, ამ პირის მიცემული ღია, საჯარო ჩვენებებიდან ირკვევა და მეორე მხრივ, დასტურდება ბევრი ოფიციალური წყაროთი. ეს ჩვენი შეფასებები არ არის, უკრაინული მოდელით არის განსაზღვრული, ვინ შეიძლება იქნეს მიჩნეული ოლიგარქად და ვინ ვერ იქნება მიჩნეული.

„ჩვენ მზად ვართ, როგორ მიაჩნიათ რომ, საქართველოს რეალობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი, მოვისმინოთ, დააყენონ კონკრეტული წინადადებები. არც პირველი მოსმენის დროს მოგვისმენია კონკრეტული შემოთავაზებები და არც მეორე მოსმენით განხილვის დროს. პლენარულ სხდომაზე თუ რამეს დააყენებენ საკითხს, რა თქმა უნდა, პასუხს მიიღებენ, ველოდებით, რა საკითხებს დასვამენ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.   

ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

„როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეეხება ვინმეს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, ამით ამბობს, რომ ის არის გამორიცხული თავიდანვე, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. 

„ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ხდება ძალიან კარგად ილუსტრაცია იმის, თუ ვის ეფარება "ქართული ოცნება," სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საკანონმდებლო ინსტიტუტი და ვინ არის რეალურად პროცესებზე გავლენის მატარებელი. 

„ეს პროექტი არ შეესაბამება 12 რეკომენდაციას, რადგან არის კოპირებული და ის შეესაბამება უკრაინაში არსებულ გამოწვევებს და არა საქართველოში არსებულს. ოლიგარქიზაციის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური ძალაუფლების კონსოლიდაცია და ამ კანონით ვერ მოხდება ამის გადაჭრა, ამიტომ მთავარია ყველა დანარჩენი რეკომენდაციის შესრულება და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაზრდა,"- განაცხადა ლილუაშვილმა.   

ოპოზიციონერი  გიორგი ვაშაძე კი კითხულობს, არის თუ არა საქართველოში ვინმე ადეკვატური ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ. 

„პირდაპირ გეტყვით, რასაც „ქართულ ოცნება“ აკეთებს, ეს არის ფარსი. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროპარლამენტარების, ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების წერილებს იღებს ახლა უკვე პირადად პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დავაინიცირეთ ეს პროცესი, რომ კარგად გაიგონ, მათი ტყუილი და თაღლითობა ვერ გაჭრის და არც გაჭრის. 

„ამას ევროპა არ მიიღებს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ევროპელები, ჩვენი პარტნიორები გიჟები არიან ან წაკითხვა არ შეუძლიათ, შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ თუ რა?! ამიტომაც, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ვინმეს გჯერათ ახლა, რომ ეს კანონი, რაც მათ მიიღეს, შეგვიყვანს ევროპაში? ვინმე ადეკვატური ადამიანი არის საქართველოში, რომელიც მეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ? მომიყვანეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას საღი აზრით იტყვის. მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, რომ ამ „კლოუნადაში“ გამოდიან და ჩვეულებრივი „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან. აი, ესაა რეალობა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×