თამთა ჩაჩანიძე
15.11.2022

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. მედიის ცნობით, საუბრის თემა იყო რუსების მიერ ბირთვული იარაღის შესაძლოა გამოყენება უკრაინაში - ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, თუ როგორი იქნება პასუხი ამაზე.

როგორც ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, აშშ-სა და ნატოს რეაქცია გამანადგურებელი იქნება - შეიძლება რუსეთის ყველა იმ წერტილზე, სადაც თავდაცვის ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტებია განლაგებული, ბირთვული დარტყმები მიადგეს. გარდა ამისა, ნატოს გაფრთხილებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ალიანსი ვლადიმერ პუტინის და მისი ახლო წრის გადაადგილებას თვალყურს მუდმივად ადევნებს და დარტყმა პირდაპირ იმ წერტილს მიადგება, სადაც იმ მომენტში პუტინი იქნება.

საუბრის ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, განხილული ორი მთავარი თემა იყო: რუსების მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევასი აშშ-ის საპასუხო რეაცქიას და ამერიკელი პატიმრების ბედი, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, უსამართლოდ არიან დაკავებული რუსეთში.

ანკარის შეხვედრამდე, თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბერნსი გეგმავდა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების - კალათბურთელ ბრიტნი გრაინერისა და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილენის საკითხის წამოჭრას. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთთან პატიმართა გაცვლის ოპერაცია შედგეს.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ ბერნსი არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და რომ ვაშინგტონი მტკიცედ დაიცავს ფუნდამენტურ პრინციპს - „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე".

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, საუბრის ზუსტი შინაარსი მისთვისაც უცნობია, თუმცა ნათელია, რომ ბერნსი ანკარაში ტყუილად არ ჩავიდოდა და დიდ ალბათობით, ნარიშკინი გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აშშ-ის რეაქცია მყისიერი და გამანადგურებელი იქნება.

„მათი საუბრის შინაარსი არავინ იცის, თუმცა საქმე ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში აშშ-ის საპასუხო რეაქციას ეხება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რეაქცია იქნება მყისიერი და რუსეთის შეიარაღებული ძალების და ეკონომიკური ობიექტების მიმართ გამანადგურებელი. ეს ის უდავო თემაა, რომელსაც რუსეთი ანგარიშს უნდა უწევდეს", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, ბირთვული დარტყმის ქვეშ შესაძლოა ასევე აღმოჩნდეს პირადად რუსეთის პრეზიდენტი და მისი უახლოესი გარემოცვა.

„საუბარია სარაკეტო იარაღზე, რომლითაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს ბირთვული დარტყმები მიადგეს, სადაც თავდაცვის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური ობიექტებია განლაგებული. გარდა ამისა, რაც ჩემთვისაა ცნობილი, ნატოს გაფრთხილებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ალიანსი რუსეთის ხელმძღვანელობის - პუტინის და მისი ახლო წრის გადაადგილებას თვალყურს მუდმივად ადევნებს და დარტყმა პირდაპირ იმ წერტილს მიადგება, სადაც პუტინი იმ მომენტში იქნება.

„ამის შემდეგ რუსეთმა ამგვარ გადაწყვეტილებაზე ხელი უნდა აიღოს, თუმცა აქამდეც ასე იყო. დასავლეთის მომაკვდინებელ პასუხზე ასეთი შიში და სიფრთხილე რომ არ ყოფილიყო, რუსეთს ეს შესაძლოა კარგა ხანია უკვე გაეკეთებინა", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×