ელზა პაპოშვილი
15.11.2022

სამშაბათს რუსულმა ძალებმა უკრაინაში მორიგი მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგაც პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. კიევში აცხადებენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეტევა ენერგოობიექტებზე ომის დაწყების დღიდან. ამის პარალელურად კი ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, უკრაინულმა ნაწილებმა დნეპრი გადალახეს და მდინარის მარცხენა ნაპირზე გააფთრებული ბრძოლები მიდის.

სამშაბათს დილიდან გავრცელდა ცნობები უკრაინული ძალების მიერ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლის შესახებ. სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხები წერდნენ ქალაქების - კახოვკის, ნოვა კახოვკისა და ოლეშკი გათავისუფლების შესახებ. თუმცა, უკრაინული სარდლობა ამას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მარცხენა ნაპირზე ბრძოლა მიდის.

რაც შეეხება ფრონტის სხვა მინაკვეთებს, რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის (ავდეევკა) მიმართულებაზე. როგორც ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ იტყობინება, რუსებს ხერსონიდან გამოყვანილი დანაყოფები სწორდე დონეცკის ოლქში გადაჰყავთ. შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ ამის გამო ქალაების ბახმუტისა და დონეცკის გარშემო შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს

კრიტიკული დარტყმა უკრაინის ენერგეტიკაზე

ყველაზე მასშტაბური შეტევა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების დღიდან - ასე შეაფასეს კიევში 15 ნოემბრის მოვლენები. უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა თავდასხმისას დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. იერიში მიტანილი იქნე ქვეყნის სხვადასხვა წერტილებშ მდებარე ენერგოობიექტებზე, რის შედეგადაც პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ზოგიერთი მისი მეზობლის, მაგალითად მოლდოვის ელექტრომომარაგებასაც.

„დღეს რუსეთმა ისევ განახორციელა მასობრივი დარტყმა ენერგოობიექტებზე. ეს არის ყველაზე მასშტაბური შეტევა ჩვენს ენერგოსისტემაზე ომის დაწყების დღიდან. აფეთქებები ხდება როგორც გენერაციის ობიექტებზე, ისე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემებზე“ - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.

ამის შედეგად უკრაინაში დენის ავარიული გამორთვები დაიწყო და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში შექმნილ სიტუაციას კრიტიკული უწოდეს.

რა ხდება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ბრძოლები დნეპრის მარცხენა ნაპირზე მართლაც მიდის, მაგრამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება ჯერ არ მომხდარა.

„ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ქალაქების გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, სერჰი ხლანმა განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს კახოვკაში, ნოვა კახოვკასა და ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ.

„ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე - ქალაქ ხერსონზე. ოლეშკიზე, კახოვკაზე, ნოვაია კახოვკაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის“, - განაცხადა ხლანმა.

დეპუტატის თქმით, მან უკვე განაცხადა, რომ უკრაინის დროშა ახალ კახოვკაში კინოთეატრ „იუნოსტის“ მახლობლად გამოჩნდა.

„ზოგიერთმა სხვაგვარად აღიქვა ეს ინფორმაცია. კახოვკაშიც გამოჩნდა ახალი დროშები. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ ამ დასახლებების განთავისუფლებისა და კონტროლის შესახებ. თუმცა ცნობილია, რომ ბრძოლა მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. დაველოდებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ინფორმაციას“, - განაცხადა ხლანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარის ინფორმაციით, ქალაქ კახოვკის ადმინისტრაციამ სამშაბათს ქალაქი დატოვა. ოფიციალურ მიზეზად უკრაინელების მიერ კახოვკის ინტენსიური დაბომბვა დასახელდა, რის შედეგადაც ადმინისტრაციის მუშაობა ქალაქში შეუძლებელი გახდა.

რუსებს ხერსონის ალყაში მოქცევა აქვთ ჩაფიქრებული 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსებმა ხერსონში მდებარე 49-ე არმიის შენაერთები ახლა ყირიმის დაცვაზე გადაიყვანეს. ეს არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები, რომლებიც ასევე 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. პარალელურად რუსები აძლიერებენ დონეცკის ფრონტს, რათა უკრაინელთა დაცვის ხაზი გადაჭრან და ავდეევკის მიმართულების გარღვევით დონეცკის მთელი ოლქი დაიკავონ. აქედან კი ღრმა და ფლანგურ შემოვლას გააკეთებენ როგორც სამხრეთიდან, ასევე ჩრდილოეთიდან, რათა ხერსონის უკრაინულ დაჯგუფებაზე დარტყმა შეძლონ და ალყის მსგავსი ტომრები გააკეთონ.

„რუსების მიერ ხერსონიდან ჯარი გაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ტაქტიკური მანევრი იყო. სხვაგვარად ალყაში თავად რუსები ექცეოდნენ, ბრძოლა და ჯარის მომარგება გაჭირდებოდა. ახლა კი რუსები ხერსონის გარშემო ალყის შეკვრას ცდილობენ, ამით კი ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებით გზა გაეხსნებათ. რა თქმა უნდა, უკრაინელები თუ მისცემენ ამის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში მათი სტრატეგიული ჩანაფიქრი ეს არის. ამიტომ არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალა გადასროლილი ამ მიმართულებაზე, რომლითაც ხერსონის გარშემო დამრტყმელ მუშტს ქმნიან. რუსები ასევე ცდილობენ, რომ ლუგანსკის ოლქის დებლოკირება მოახდინონ, რომელსაც ახლა უკრაინული ჯარები აკონტროლებენ“, - ამბობს ვახტანგ  მაისაია „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება დნეპრის გადალახვასა და მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის შემქნას, მაისაიას თქმით, ფაქტია, რომ უკრაინელებმა მდინარის მარცხენა სანაპიროს დაკავება დაიწყეს და ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ზამთარი მოდის და ორივე მხარეს საბრძოლო მოქმედებების ინტესივობის შეჩერება მოუწევს. ამიტომ ორივე მხარე ზამთრის დადგომამდე ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას და უპირატესობის მოპოვებას. 

„არ მგონია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დემორალიზების ნიშნები აქვს, მაინც პოტენციალი გააჩნია და საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა. ამიტომ რუსები შემტევ ოპერაციებს მხოლოდ დონეცკის მიმართულებით ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, უკრაინელები ეცდებიან, რომ ზამთრის მოახლოვებამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაათავისუფლონ. 

„თუ უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ფეხის მოკიდებას შეძლებენ, შანსი ეძლევათ, რომ მარიუპოლის მიმართულებითაც კი წინ წაიწიონ  და დაიბრუნონ. ამით კი აზოვის ზღვისკენ გასვლა შეძლებენ. აზოვის ზღვაზე გასვლით უკრაინა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ უპირატესობას იბრუნებს, ეს კი ომში გარდატეხის წინაპირობა იქნება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

ეცდებიან თუ არა უკრაინელები დნეპრის ფორსირებას

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინას წინსვლა რამდენიმე მიმართულებით შეუძლია. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ლოგიკურად თუ გავყვებით, უკრაინელებმა შეტევა ზაპროჟიეს მიმართულებაზე უნდა მიიტანონ, რადგან იმ დერეფანში, რომელიც მარიუპოლის და აზოვის ზღვის მიმართულებას გულისხმობს, რუსებს ყველაზე თხელი თავდაცვითი ზღუდეები აქვთ. უკრაინელებს ხერსონის ოლქის სრულად დაკავების შემთხვევაში კი ზაპროჟიეს ამ დერეფანზე თავდასხმა უფრო გააუადვილდება. ისინი ახლა ძალიან ფრთხილად, გონივრულად და გეგმიურად მოქმედებენ. არცერთი ქალაქი მათ დიდი ბრძოლის შედეგად არ დაუკავებიათ. უბრალოდ ქალაქებს ალყას არტყამენ და შემდეგ უმოტივაციო და ბრძოლისუუნარო რუსული ჯარი ამ ქალაქებს თავად ტოვებენ. 

„რუსებს არც შეტევაში და არც თავდაცვაში უკრაინელებთან პირისპირ ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი ქალაქებს იღებენ მაშინ, როცა მათ მიწასთან ასწორებენ და უკრაინული ჯარი მას ტოვებს. ასე მოხდა მარიუპოლის, სევეროდონეცკის შემთხვევაში. 

„რაც შეეხება დნეპრის მარცხენა სანაპიროს უკრაინელების მხრიდან დაკავებას, ამის შანსი არსებობს. როგორც რუსები თავადვე წერენ, უკრაინელებმა კიმბურნის ნახევარკუნძული დაიკავეს, თუმცა აქედან უკრაინული ჯარის შეტევა რუსების მიმართულებაზე რთული იქნება. აქ გადაადგილება სივიწროვის გამო რთულია. 

„მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ასევე რუსების მიერ თავდაცვის სამი ზღუდეა შექმნილი - ერთია უშუალოდ მდინარის ნაპირის გაყოლებაზე, მეორე 12-15 კმ სიღრმეზე და მესამე 20-25 კმ სიღრმეზე. მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე უკარინელების მხრიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მხოლოდ დაზვერვითი და სარეიდო მოქმედებები იქნება. 

„სავარაუდოდ, უკრაინელებს დნეპრის გადალახვის მცდელობა არ ექნებათ, ვინაიდან ეს მდინარის ფორსირების ოპერაციებს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებმა მდინარე უნდა გადალახონ იმ პირობებში, როცა მოპირდაპირე მხარე მტერს უკავია. ეს საკმაოდ რთული მოქმედებაა. არ დაგვავიწყდეს, რომ დნეპრი 200-400 მეტრი სიგანისაა. ყველაზე კარგი გადასალახია კახოვკასთან, სადაც კაშხალია და იქ გადასასვლელი 100-მეტრამდეა“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინელების ძირითადი ძალისხმევა ხერსონის მიმართულებით ტერიტორიის გასუფთავებასა და განნაღმვაზე იქნება მიმართული. ასევე მოხდება საკომენდატო სამსახურის ორგანიზება და მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება, ზამთრისთვის მომზადება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×