თეონა ვეშაგური
16.11.2022

ზურგში დანის ჩარტყმის მეტი რა არის ჩვენს რეალობაში და მითუმეტეს პოლიტიკაში, პარტიის შიგნით გინდა თუ გარეთ? - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე.

მისი თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნული განცხადებით ეხება და აკრიტიკებს ყველა იმ პიროვნებას, ვინც მის წინააღმდეგ არის მომართული და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. თუმცა, თუ მელია ამ არჩევნებშიც გაიმარჯვებს, ის არ მოიმოქმედებს არაფერს განცაკუთრებულს მასთან დაპირისპირებული მხარეების საწინააღმდეგოდ.

„ზურგში დანის ჩარტყმის მეტი რა არის ჩვენს რეალობაში და მითუმეტეს პოლიტიკაში, პარტიის შიგნით გინდა თუ გარეთ? - სწორედ იმ ჯგუფზე საუბრობს მელიაც, რომელმაც დროზე ადრე წარმოადგინა არჩევნების ჩატარების იდეა. შიდა ვითარება მათ უფრო კარგად იციან, ამიტომ გამორიცხული არ არის ამ ადამიანებში კეზერაშვილს, ალასანიასა და სააკაშვილსაც გულისხმობდეს.

„ხოლო რაც შეეხება იმას თუ მელია რას იზავს ხელმეორედ თავმჯდომარეობის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ მელია აქამდეც იყო ინფორმირებული მის მიმართ უკმაყოფილების შესახებ, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარეა. ჩემი აზრით, ის არც ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს," - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან" .

კითხვაზე, თუ მოიგებს, გარიცხავს თუ არა ამ ადამიანებს პარტიიდან, ვინც „ზურგში დანა ჩაარტყა", ნიკა მელია პასუხობს, რომ პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს.

„ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია იმიტომ, რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ.

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას" - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან გაიხსენა 2020 წელი, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„2020 წელი მახსოვს, როდესაც ბატონი გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და გაიმართა შიდა პრაიმერისი ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის. ისე დაიწყო საარჩევნო კამპანია და ისე დასრულდა, არცერთი გადაბრუნებული სიტყვა არც მე მიკადრებია ლევან ვარშალომიძის მიმართ და არც ლევან ვარშალომიძეს უკადრებია ჩემ მიმართ ტალახის სროლა. არ გვიკადრებია და არც ვიკადრებთ არასდროს, რატომ? იმიტომ, რომ ის იყო რეალური, გულწრფელი პროცესი, მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის და პირველი სამი წლის განმავლობაში აგრესიის გარდა იმ ადამიანების მხრიდან არ მიგვიღია, რომელთა პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, წლების განმავლობაში მათ შორის, რომ პარტია ყოფილიყო ბევრად უფრო ძლიერი. ზოგი ჭირი მარგებელია. მე პირადად, თუ გაინტერესებთ დავრწმუნდი, რომ რიგი ადამიანების პირობებში შეუძლებელი შეიძლება გამხდარიყო პარტიული წინსვლა," - განაცხადა ნიკა მელიამ

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×