ია აბულაშვილი
17.11.2022

„ხელისუფლებას დიდი ხანია უნდა, რომ ეს თავის ტკივილი მოიშოროს და სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს. ევროპელების მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სააკაშვილის საკითხი მკაფიოდ ჩაიწერა, ბევრ რამეზე მიანიშნებს. მალე უცხოელი ექიმების დასკვნებიც დაიდება და ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ინტერვიუში და დაამატა, რომ ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ ბრძოლაში „საბოლოო სიტყვას იტყვის სააკაშვილი, მას უკვე გაცნობიერებული აქვს, ვის გვერდით დადგეს." მისი აზრით, ამ ბრძოლაში ნიკა მელია გაიმარჯვებს.

„რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობის" ის ნაწილი, რომელიც შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვს, ამბობს, რომ ახალ თავმჯდომარედ ისეთი ადამიანი უნდა შეირჩეს, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმურობა, სანდოობა და ამომრჩევლის მხარდაჭერა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასე მოულოდნელად არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და საით მიდის პროცესი?

იგორ კვესელავა: პროცესი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის, მოსალოდნელი იყო, რადგან დიდი ხანია, პარტიის შიგნით დაპირისპირებაა, ახლა კი გარეთ გამოვიდა. შიდა კონფლიქტი დროებით შეაჩერა მიშას ჩამოსვლამ, თითქოს შეიკრა გუნდი, რადგან მიშას გამარჯვების მოლოდინი იყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. არავინ ელოდა, რომ მიშა ამდენ ხანს ციხეში დარჩებოდა.

პარტია ორად არის გაყოფილი, პროცესი მიდის კეზერაშვილსა და ნაყოფიას შორის. კეზერაშვილმა მოვლენებს დაასწრო და მოითხოვა არჩევნების ყველა დონეზე ჩატარება, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო.

„რ": ვინ გაიმარჯვებს?

ი.კ: პროგნოზი ძნელია. ჯერ მიდის ბრძოლა ახალ და ძველ თაობას შორის. არის ფიქრი, როგორ განვითარდეს პარტია და როგორ მოიზიდონ ფინანსური რესურსები. ფაქტობრივად, ორივე დაპირისპირებული მხარე ემზადება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. რაც შეეხება კანდიდატებს, მელია იქნება თუ სხვა, აქვთ ამბიცია და ინტერესი, მაგრამ აქ მთავარი არის მიშას ფაქტორი. მიშამ უნდა თქვას ბოლო სიტყვა. შეიძლება უკვე გაცნობიერებული აქვს, ვის მხარეს დადგეს, მაგრამ ამას ახლა არ იტყვის, ელოდება, ვის მხარეს გადაწონის სასწორი. მიშასთან ჭკუით და გამოცდილებით მთელი ოპოზიცია ახლოსაც ვერ მივა. სრული სურთი გამოჩნდება დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს მელია.

„რ": სააკაშვილის გარემოცვა ამბობს, რომ მიშა არ ერევა ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო პარტიის საქმეებში. მას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა საზღვარგარეთ, რასაც არ თანხმდება ხელისუფლება.

ი.კ: ხელისუფლებას, დიდი ხანია, უნდა, რომ ეს თავის ტკივილი მოიშოროს, სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს. ევროპელების მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სააკაშვილის საკითხი მკაფიოდ ჩაიწერა, ბევრ რამეზე მიანიშნებს. მალე უცხოელი ექიმების დასკვნებიც დაიდება და ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

„რ": „ოცნებაში" ეჭვობენ, რომ „ნაცმოძრაობა" ამ კრიზისს გადალახავს. ამბობენ, რომ ძველი სახეებით წინ ვერ წავლენ, ახალი კი არ ჩანს.

ი.კ: „ოცნების" მთავარი მიზანი არის „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. სიღრმეში არ შევალ, მაგრამ რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, „ოცნებასთან" არის დაკავშირებული, ამ პარტიის დაშლით დაინტერესებული და მონაწილეა „ოცნება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×