თამთა ჩაჩანიძე
18.11.2022

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" მახინჯი სისტემა დაამსხვრია, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გააკეთა - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მისი თქმით, 10 წელიწადში მმართველმა გუნდმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთის მმართველმა გუნდმა მზაობა გამოთქვა, კარი გაეღო ოპონენტებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობოებიისთვის, თუმცა „პასუხად საბოტაჟი და დესტრუქცია მივიღეთ".

პრემიერმა გაიმეორა, რომ საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და მმართველი გუნდი შრომობს იმისთვის, რათა ყველა ევრორეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული, ოპოზიციას კი, მისი თქმით, სრული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ამ პროცესისადმი და მოუწოდა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაში ჩაერთონ.

„სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე, ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო, თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი - მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ. ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუნდის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც სტატუსი იმავე დათქმებით მისცეს, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამაში არაფერი შეცვლილა.

„არავინ დავობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის - მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით.

„არ მინდა, ციტირება გავაკეთო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში (ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში), მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დაახლოებით იმავე დათქმებით, რომელიც საქართველოსთვის განისაზღვრა. მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. ჩვენ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები.

„ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა, ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა. ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობითა და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც ინტერპელაციის წესით დაიბარეს, სთხოვეს დაეფიქსირებინა მთავრობის პოზიცია ანტიდასავლურ განცხადებებზე, რაზედაც ღარიბაშვილმა, თქვა, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩზე მისთვის მიუღებელია, თუმცა დასძინა, რომ დემოკრატია ყველას აძლევს საშუალებას გამოხატოს თავისი აზრი.

„მიუღებელია ჩემთვის პირადად, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია, თუ კითხვები არსებობს, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ," - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მან ევროკომისრის ვიზიტზეც ისაუბრა: „ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი, იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა."

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ უხარია არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა და არც პოზიტიური შეფასებები.

„პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდნენ, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, ამის მერე რომ დახტიხართ, უკაცრავად ახლა, დადიხართ და რაღაც პერფორმანსებს დგამთ, რას ნიშნავს ეს უბრალოდ? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა. თუ გინდათ თქვენ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არა და შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი," - განუცხადა მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს.

პრემიერის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას სანქციების დაწესების მიზნით კამპანია არ უწარმოებია. თქვა, რომ „ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს და შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსებისთვის".

„მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი, მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ, ომის შემდეგ მაქვს საუბარი. ომამდე რა გააკეთეთ და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე, ეგ ძალიან კარგად ვიცი. ომის შემდეგ, გელაპარაკებით იმაზე, რომ თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები. ბატონი მერაბიშვილი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მეორე არაფორმალური მმართველი, ღიად ამბობდა ამ ტრიბუნიდან, რომ მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ცნობილი გამონათქვამია, გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ, ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციებზე მიერთებაზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დასძინა, ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფილიყო, „დაანგრევდნენ ქვეყანას, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×