თამთა ჩაჩანიძე
18.11.2022

მას შემდეგ, რაც აშშ-ს შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს, იმ თემების გააქტიურება დაიწყეს, რაზედაც არჩევნებამდე საუბრობდნენ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას აანონსებენ, ასევე ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტი მოითხოვა.

როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობაში მოსვლამ შესაძლოა უკრაინის დახმარებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაწელოს, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს მიმართ არაფერი შეიცვლება.

„ეს შესაძლოა პირდაპირ უკრაინასთან კავშირში არც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ შედეგის შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების შემდეგ დადგა, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან გაჭირდება, ანუ ბაიდენის ადმინისტრაცია მანამდე გადაწყვეტილებებს უკრაინის დახმარებაზე უფრო ადვილად და სწრაფად იღებდა, ახლა უფრო ხელ-ფეხი შეეკვრება იმ მხრივ, რომ უფრო მეტი დრო დასჭირდება. თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობა უკრაინის დახმარებაზე უარს იტყვის.

„ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მერე რესპუბლიკელები ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩაეძიებიან, რა როგორ დაიხარჯა, არის თუ არა კორუფციული სქემები. ამას თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვს და შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თორემ სინამდვილეში უკრაინასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და „რესპუბლიკელების" უმრავლესობა მაინც მხარს დაუჭერს. ეს უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გააჯანჯლებს, რომელიც არც უკრაინისთვის იქნება მაინცდამაინც სასარგებლო და არც დანარჩენი სამყაროსთვის.

„საქართველოსთან მიმართებაში არა მგონია რამე შეიცვალოს, რადგან ჩვენ საომარ კონფლიქტში არ ვართ, რომ დღე და ღამ ჩვენზე ფიქრობდნენ. დემოკრატიის უკუსვლასთან ხშირად კეთდება განცხადებები, მათ შორის სენატორის განცხადება ბოლო დღეებშიც გავრცელდა, ჩვენ ახლა არაფერი არ შეგვეხება, რადაგან აშშ-ში ჯერ კიდევ ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს და იმედია, ამას არ დავკარგავთ", - განაცხადა კაკაჩიამ.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 435-იდან ამ დროისთვის 218 მანდატი მოიპოვა, რაც უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისია. „დემოკრატებს" 212 კონგრესმენი ჰყავთ, 5 მანდატის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ შინარჩუნა.

წარმომადენელთა პალატაში „დემოკრატების" მიერ უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ „დემოკრატების" ლიდერის პოსტს ტოვებს და კონგრესში მუშაობას კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.

„რესპუბლიკელმა" კონგრესმენებმა, ჯეიმს კომერმა და ჯიმ ჯორდანმა 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქტიურად იყო ჩართული საზღვარგარეთ ბიზნეს-გარიგებებში თავის ვაჟთან ერთად.

„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რის დამალვას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ხალხისგან. იყო თუ არა ჯო ბაიდენი უშუალოდ ჩართული ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებებში და არის თუ არა ის კომპრომეტირებული? ეს არის ჩვენი გამოძიების მიზანი", - აღნიშნა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარმოადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა მარჯორი ტეილორ გრინის რეზოლუცია გამოხატავს იმ რესპუბლიკელთა პოზიციას, რომლებიც მთავრობის ხარჯების მეტ ზედამხედველობას მოითხოვენ.

ტეილორ გრინმა კანონპროექტი პრივილეგირებული რეზოლუციის სახით წარმოადგინა. ეს ნიშნავს, რომ ის თავდაპირველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. თუ მას 14 დღის განმავლობაში არ განიხილავენ, ავტორს ექნება უფლება, დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე დააყენოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×