თეონა ვეშაგური
20.11.2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს - შესვენებას ძალების აღსადგენად. მისი თქმით, შეიძლება ვინმემ ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთს შესვენება ახალი გადაჯგუფებებისა და შეტევების დაგეგმვისთვის სჭირდება.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს კონტრშეტევები და რუსეთი აიძულოს დატოვოს მისი ტერიტორიები, რაც ომის დასრულების ერთადერთი გზაა. 

ზელენსკის განცხადებით, რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგადაა შესაძლებელი.

„ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს. ჭეშმარიტად რეალური და გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან პარტნიორებს უკრაინის მიერ ინიცირებული 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

„უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის. უკრაინამ სწორედ ასეთი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. მე ის წარვადგინე გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე და გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ფორმულის განხორციელებაში! ეს არის ერთადერთი გზა ნამდვილი მშვიდობისკენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკ ბერიძის შეფასებით, ამ ეტაპზე საომარი მოქმედებების გაყინვა უკრაინისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის დამანგრეველ შედეგებს მოიტანს მომავალში

„უკრაინის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება კონფლიქტის მოკლე ვადით გაყინვაზე წასვლა. ნებისმიერი შესვენება ნიშნავს, რომ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცე, რათა დაგეგმოს ახალი გადაჯგუფებები და სტრატეგიები სამომავლო შეტევისთვის. 

„ახლა უკრაინამ უნდა გააგრძელოს კონტრშეტევები, როგორც შეუძლია ისე, რომ ეს ომი დასრულდეს. ამ ომის ნებისმიერი სახით გაყინვა უკრაინისთვის და მომავალში მსოფლიოსთვის  იქნება კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი. უკრაინელებმა  უნდა გააგრძელონ კონტრშეტევები და ბოლომდე გაათავისუფლონ ტერიტორიები, ერთადერთი გამოსავალი ახლა ეს არის“, - ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×