თამთა ჩაჩანიძე
21.11.2022

უკრაინის ხელისუფლება პარტნიორებს აფრთხილებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში „სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან" კომპრომისი არ იქნება, რადგან ნებისმიერი დათმობა ვლადიმერ პუტინის გამარჯვება იქნება და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმას, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან კიევის მოლაპარაკებებში ჩასართავად რაღაცა ტიპის ზეწოლა იყოს, თუნდაც ირიბი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, უკრაინა ამაზე არანაირად არ წავა.

ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთს ახლა იმის იმედი აქვს, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივებით, საკვანძო სფეროებში მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს, გარკვეული ქვეყნები კი უკრაინის ხელისუფლებას აიძულებენ, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

უკრაინის ხელისუფლების პოზიცია

ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პანევროპული კავშირის კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს გააჩენს, ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა.

„ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, ვინაიდან ეს თქვენი კომპრომისებიც იქნება საკუთარ უსაფრთხოებასთან", - განაცხადა კულებამ.

მისივე სიტყვებით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ "ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა სრულდებოდეს".

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა პუტინის გამარჯვება იქნება, რომელიც დააკანონებს მკვლელობას და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს.

„ნებისმიერი ტერიტორიული „კომპრომისი" არ მოიტანს მშვიდობას, არამედ გაამრავლებს მსხვერპლს. რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა იქნება პუტინის გამარჯვება, დააკანონებს მკვლელობას და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დასასრული. ვინმეს ნამდვილად სურს ეს?"- აცხადებს პოდოლიაკი.

ამასთან, პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს" იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს.

„ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე".

რას ფიქრობენ დასავლელი ლიდერები

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია.

"ყველანი ვთანხმდებით, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა არის საუკეთესო რამ", - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ „ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის და როდის და როგორი გაიმართება ეს მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ უბიძგებს მას მოლაპარაკებებისკენ".

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან მიიღო გარკვეული სიგნალი რუსეთთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი საკითხები საჯაროდ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოხდეს საჯაროდ და არა კულუარულად.

უკრაინის დასავლელმა მხარდამჭერებმა არ უნდა უკარნახონ კიევს სამშვიდობო პირობები და უნდა აღიარონ, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის წინააღმდეგ მთელი ევროპის დასაცავად იბრძვის, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა.

მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაიცვას, რადგან მათი ბრძოლა მეზობლის წინააღმდეგ დასავლეთსაც იცავს.

"ჩვენ არ უნდა ვუკარნახოთ უკრაინას სხვა სამშვიდობო პირობები, თუ ისინი იბრძვიან საკუთარი გადარჩენისთვის", - აღნიშნა ლიპავსკიმ, როდესაც ჰკითხეს, არის თუ არა გონივრული 2014-მდე პერიოდის საზღვრების აღდგენის მოთხოვნა.

„სასწორზე გაერო-ს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დევს. პუტინს სურს გაანადგუროს პრინციპი, რომ სახელმწიფოთა საზღვრების უხეში ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეიძლება.

"უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი, რომ არ სურდათ მოსკოვის იმპერიის ნაწილი ყოფილიყვნენ", - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

„არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან რაღაც სიგნალებია"

როგორც „რონდელის ფონდის" ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, თუ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ნუ გვთავაზობთ"-ო, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნისგან გარკვეული მინიშნებებიც იყოს, თუნდაც ირიბი.

„თუ საუბრობს იმას, რომ ნუ გვთავაზობთო, ესეიგი ვიღაცეები სთავაზობენ?! არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან სიგნალებია. რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის მეშვეობით სულ ცდილობს, რომ მოსკოვის სტატუს-კვოს პირობებში უკრაინა რამენაირად მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

„ალბათ, გარკვეული ზეწოლა იქნება და კულებამაც ამიტომაც ღიად განაცხადა, რომ ასეთი სახით მცდელობას აზრი არ აქვსო, თან ეს რუსეთისთვისაც სიგნალია, რომ უკრაინის პარტნიორებს ამისთვის ტყუილად ნუ აწუხებო",-განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, რომელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ, რომლებიც შესაძლოა უკრაინაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში გარკვეულ ზეწოლას ახდენდნენ, ანალიტიკოსმა გვითხრა: „ძნელი სათქმელია, მაგალითად, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ მსგავსი რაღაცა რამდენჯერ განაცხადა და შესაძლოა იტალიაც იყოს. შეიძლება რომელიმე სხვაც. საფრანგეთმა ბოლოს თქვა, რომ ამ საკითხში აღარ ჩავერევიო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება, რომ რაღაც სიგნალები მაინც მიდიოდეს.

„კონკრეტულად რომელი ქვეყანაა, ვერავის დააბრალებ და ძნელი სათქმელია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რომელიმე ევროპული სახელწიფოები რაღაცას ცდილობენ. აქ საქმე იმაში არაა, რომ თავად უკრაინის დათანხმებას ცდილობენ, შეიძლება რუსეთის წინადადებებს უბრალოდ უზიარებენ, ეუბნებიან.

„ამ მომენტში უკრაინა არანაირ მოლაპარაკებებზე არ დათანხმდება, ყველაფერი იმაზეა დამოკდიებული თუ ეს ომი როგორ გაგრძელდება და ვისთვის რა შედეგს მოიტანს.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ ეს ომი დასავლეთში სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს. მაგალითად ინფლაციას, (რომელიც ინგლისში უკვე არის), უმუშევრობას, მსოფლიოს დიდ ნაწილში სასურსათო კრიზისს და ასეთ კატაკლიზმებს, შესაბამისად, მოსკოვსაც იმედი აქვს, რომ ქვეყნები უკრაინას აიძულებენ, რომ რაღაცეები დაუთმოს. თუ ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა უკრაინა არაფერს არანაირად არ დათმობს", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×