თამთა ჩაჩანიძე
22.11.2022

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ამერიკელი სპეციალისტებისგან ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს ელოდებიან და არაა გამორიცხული, რომ კვირის ბოლომდე დასკვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირადად გააცნონ. ამის პარალელურად ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ სურს სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, თუმცა დასძენს, რომ განაჩენის გამოტანამდე შეწყალების უფლება არ აქვს.

მმართველი პარტიის პოზიცია ექსპრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად შერბილებულია. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა მისი თქმით, „ცალკე საკითხია, რამდენად სწორი ან არასწორი იქნება".

მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა კი პრეზიდენტის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისათვის საფუძველის შემზადება ამოიკითხა.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა „ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში თითქოს „გადაახვია" თავისი ყოფილი განცხადებები. გვახსოვს, არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ შევიწყალებო. დღეს უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ „ჰო, არ ვიწყალებ ჯერჯერობით, მაგრამ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა მოკვდეს..."

„ქალბატონო სალომე, გარწმუნებთ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება და არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი იმას, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, რათა შეიწყალოთ, როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან. ასევე, არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენც იმ აგენტოკრატიაში გადიხართ. მესმის, რომ საფრანგეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ, მესმის, რომ საფრანგეთში არის თქვენი პირველი სამშობლო ან მეორე - არ ვიცი, მაგრამ როცა არჩევანი დადგება, თქვენ მაინც იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხართ, სადაც უნდა შეასრულოთ თქვენი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები და ნუ დაგვიწყებთ შემზადებას იმაზე, რომ „ის ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამიტომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მივიღო", - განაცხადა სუბარმა „პოსტვ"-ის ეთერში.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს თუ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მართლაც საფრთხის ქვეშაა. თუმცაღა, მისი თქმით, თუ ასეთი დასკვნა არ დაიდო, შეწყალება გამორიცხულია.

სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა ევროპარლამენტარებსაც გაიგზავნათ და მათ სწორედ ამ დასკვნის გავლენით ჩასვეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვების საკითხი თავის ცნობილ რეზოლუციაში. ამასთან, სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ახალი ტოქსიკოლოგიური დასკვნით პირადად აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას და დაამატა, რომ გარკვეული პერიოდის წინ თავად იყო სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი და მას კარგად იცნობს.

ორი ექსპერტიზა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ 21 ნოემბრის დილით სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავდნენ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან, ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმებიან, თუ მასში „ვივა მედის" სამედიცინო ჯგუფიც ჩაერთვება.

„თუ ჩაატარებენ, მაშინ „ვივა მედის" სამედიცინო საექსპერტო ჯგუფიც ჩაერთვება და ამ პირობას დავუყენებთ მათ. მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდგომ მივაღებინებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ცოტა გაუგებარია, თუ რაღაცებთან დაკავშირებით არის ეჭვი, სისტემა, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული და ახლა ამასთან დაკავშირებით თავად იუსტიციის სამინისტრო ატარებს კვლევებს?! ანუ, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო - დაახლოებით ეგ სცენარია...

„ჩვენ დასკვნა რომ გვექნება, მოვითხოვთ შეხვედრას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. მე მისი ადვოკატი ვიყავი 2 წელიწადი და ვიცნობ საკმაოდ ახლოს . გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - თქვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციას, მან განაცხადა, რომ არ სურს სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, თუმცა დასძენს, რომ განაჩენის გამოტანამდე შეწყალების უფლება არ აქვს.

„არ მაქვს ამის უფლებამოსილება ერთი მარტივი მიზეზის გამო - განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება ხდება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია", - განაცხადა პრეზიდენტმა „ბი-ბი-სი"-სთან.

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს, როცა დასრულდება ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს სხვა საკითხია, მე განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას".

„ეს არის პოლარიზაციის ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს და საქართველოში პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ დარჩა, რომელმაც საკუთარ თავზე არ განიცადა, თუ რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა. არ მგონია, რომ უნდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის.

„ამასთან, მე არ მსურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. საქართველოში საჯაროდ ვაცხადებ, რომ მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, თუ არ ვიცი, რა ტერმინი გამოიყენება, რათა დამატებითი მკურნალობა მიიღოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ვერავინ ვერ იტყვის იმას, პრეზიდენტი რას გამოიყენებს და რას არა. ვერც მე, ვერც თქვენ, ვერც „ბი-ბი-სი" და ვერც სააკაშვილი. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. მეორეა ეს რამდენად სწორი იქნება, ან არ იქნება - ამის შეფასება ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება. „არა და არასდროს" არც ჩემი ნათქვამია და არც თქვენი, ეს პრეზიდენტმა ბრძანა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ. ექიმების დასკვნის შესაბამისად დგება აბსოლუტურად ყველაფერი და პატიმრის ქვეყნიდან გაყვანა არცერთ კანონში, არცერთ კოდექსში არ წერია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ახალი ტოქსიკოლოგიური კვლევის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ დასავლეთიდან ხელისუფლებაზე, სავარაუდოდ, სერიოზული ზეწოლა მიდის.

„ხელისუფლება ეცდება, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას იმ პრეტენზიების გასაწონასწორებლად, რაც ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნების" მიმართ გააჩნიათ. დასავლეთის მხრიდან კრიტიკული განცხადებები აქამდეც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას თითი არ გაუნძრევია იმისთვის, რომ რაიმე ნაბიჯი გადაედგა.

„ამასთანავე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი ორლესური მახვილივით იყოს - თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ შეწყალების მხრივ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მაშინ სამხარაულის ექსპერტიზაც ალბათ იგივე დასკვნას გააკეთებს. არ ვიცი, შეიძლება ცოტა შერბილებულს, ან უფრო მკაცრს, რომელიც იმ კონტექსტში ჩაჯდება, რომ, მაგალითად, შეწყალება დასავლელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე კი არ მოხდა, არამედ სამხარაულის ბიუროს. საქართველოს ხელისუფლების შემდგომი მოქმედებების საბაბი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდება.

„თუ შეწყალებაზე მიდიან, სამხარაულის ექპერტიზაც ისეთ დსაკვნას დადებს, რომ შეწყალება აუცილებელი გახდეს. თუ არ მიდიან, მაშინ სხვანაირი დასკვნა იქნება. ამასთანავე, ეს გარკვეული გზვანილიცაა. თუ „ოცნებას" რომელიმე უცხოელ ექსპერტში და მის დასკვნაში ეჭვი ეპარება, მაშინ ეს გარკვეული ინფორმაციაცაა, რომ ექსპერტიზას ჩვენც ვატარებთ და ამ დოკუმენტს ჩვენც დავდებთო.

„მრავალი ვერსია შიძლება განვიხილოთ, ოღონდ სწორედ ამ კონტექსტში - თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, სამკურნალოდ დასავლეთში მიდის, თუ ასე არაა - მაშინ რჩება იქ, სადაც არის", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

რა შემთხვევაში შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზურაბიშვილი სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე მართლაც საფრთხის ქვეშაა.

„თუ მართლაც მძიმე მდგომარეობაა, რაშიც პირადად მე ერთწლიანი ეპოპეიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება, შეწყალების ვარიანტი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ თუ რეალურად ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ლაპარაკობენ, რომ მის სიცოცხლეს არანირი საფრთხე არ ემუქრებაო, მაშინ არ მგონია, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალოს. ზურაბიშვილი სააკაშვილს იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მართლაც საფრთხის ქვეშაა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვიცნობ, მაგრამ „ქართული ოცნების" პოლიტიკას მშვენივრად ვხედავ. „ოცნებას" სააკაშვილი ახლა, აქ 2024 წლის არჩევნებამდე სჭირდება. არჩევნების შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ამიტომ, თუ ლეტალური შედეგის საფრთხე არ არსებობს, „ოცნება" ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან საკმაოდ მკაფიო და მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. ამიტომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი რიტორიკას, რა თქმა უნდა, შეარბილებდა. „ქართულ ოცნებას" დასავლეთთან ასეთი მკვეთრი დაპირისპირება რა თქმა უნდა ხელს არ აძლევს, რადგან უამრავი მექანიზმია იმისთვის, რომ ქვეყანა ცუდ დღეში აღმოჩნდეს. თუ ჩვენ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების გარეშე აღმოვჩნდით, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„იმედია დასავლეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაგრამ არსებობს დიპლომატიური არხებია და ამ არხებით კულისებში სხვა საუბრები მიდის, ვიდრე საჯაროდ გამოტანილი განცხადებებია. ოღონდ საჯარო განცხადებებშიც კი ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკვე ძალიან კატეგორიულები არიან. ამიტომაც რიტორიკის შერბილება შესაძლოა ამ ფაქტორითაც იყოს გამოწვაული", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×