ია აბულაშვილი
22.11.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ისაუბრებს გულწრფელად ყველა თემაზე. მისი მთავარი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ „მელია ბნელ ოთახში შავ კატას ეძებს“. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს აჩენს მოლოდინს, რომ არჩევნებზე მწვავე დაპირისპირება იქნება როგორც კანდიდატებს გორის, ისე ენმ-ს მხარდამჭერებში.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ისინი. მელიასა და მისი მხარდამჭერების პოზიციაა, რომ ყველა ინტერესი საჯარო იყოს და გარკვეული ადამიანები ჩრდილიდან გამოვიდნენ, რათა მინიშნებები არ იყოს არაფორმალურ პროცესებზე.

ლევან ხაბეიშვილი კი კონკურენტს ახსენებს, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ისევ იყრის კენჭს, არ უნდა იყოს დაკავებული შიდაპარტიულ ოპოზიციაში რაღაცეების ძებნით.

„ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები არ გადავიდეს იმ ფაზაში, რომ ბოლოს სისხლიან ბანარებზე გამომაკრან და სისხლიან 9 წელზე ისაუბრონ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაკეთებული ხისტი განცხადებები აჩენს მოლოდინს, რომ დაპირისპირება იქნება როგორც კანდიდატებს შორის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში.

„ამ განცხადებებიდან უკვე ჩანს ხისტი დაპირისპირება. არჩევნები არ იქნება იოლი და „დაუთოვებული“. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველა კარტი გაიხსნება და ეს კარგია. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაკეთებული ასეთი აგრესიული განცხადებები აჩენს მოლოდინს, რომ მელიამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს და ამიტომ იძულებული იქნება თქვას ყველაფერი.

„ვფიქრობ, საკმაოდ მძაფრი პროცესები შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ „ნაციონალური მოძარაობის“ ელექტორატში. 

„რაც შეეხება ხაბეიშვილის განცხადებას სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით, ვანოს (მერაბიშვილს) თუ აიკიდებს, სისხლიანი ბანერები არ იქნება?“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×