თამთა ჩაჩანიძე
23.11.2022

ევროპელი ლიდერები უკრაინაში რუსეთისგან სამხედრო კონფლიქტის გამწვავებას ელოდებიან. უკვე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა, ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინა ზამთარში სრულიად ჩააბნელოს და სიცივეში დატოვოს.

ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოთხშაბათს ზაპოროჟიეში სამშობიაროს დაბომბვა იმის ინდიკაციაა, რომ გაამწვავებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და არც ისაა გამორიცხული, რომ სახმელეთო ოპერაციებში წარუმატებლობით გამწარებულმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ჰიდოროელექტროსადგურებს დაარტყას.

რუსეთის ბოლოდროიდელი თავდასხმების შედეგები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.

უკრაინის ერთ-ერთი კერძო ენერგოკომპანია აცხადებს, რომ უკრაინელები, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში იცხოვრებენ.

„მინდა, ყველამ გაიგოს: უკრაინელები, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის ბოლომდე მაინც იცხოვრებენ ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში. ძირითადი სცენარი არის ის, რომ თუ არ იქნება ახალი თავდასხმები ელექტროქსელზე, მაშინ, ელექტროენერგიის წარმოების ამჟამინდელი პირობებში, ელექტროენერგიის დეფიციტი შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს მთელ ქვეყანაში.

„ეს ნიშნავს, რომ შეფერხებები ყველგან იქნება, მაგრამ ნაკლებად ხანგრძლივი. ასევე არსებობს ამ სიტუაციის განვითარების სხვადასხვა პროგნოზი და ის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის თავდასხმებზე", - აცხადებს ენერგოკომპანია „იასნო".

ამის პარალელურად თავდასხმები ხორციელდება მშვიდობიან მოსახლეობაზე, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რის შედეგადაც ახალშობილი დაიღუპა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი რაკეტები კიდევ 3-4 ისეთი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, როგორიც 15 ნოემბერს განხორციელდა, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაში 100 რაკეტა გაუშვეს.

მისი თქმით, ოკუპანტებს ზოგიერთი რაკეტის 10%-ზე ნაკლები დარჩათ, არის რაკეტები, რომელთაგან 18% დარჩა, მაგრამ არის რაკეტები, „რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე - ეს არის ეს-300 რაკეტები".

რას აცხადებენ დასავლელი ლიდერები

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში ომის ესკალაციისთვის მზად უნდა იყოს, მისი თქმით, ესკალაცია ინფრასტრუქტურის განადგურებასაც შეიძლება გულისხმობდეს.

როგორც შოლცმა განაცხადა, გერმანიის მიერ 100 მილიარდი ევროს ოდენობის გამოცხადებული თავდაცვის ფონდი, რომლის შესახებაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს, გამოტანილ გაკვეთილს წარმოადგენს გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვითი მარაგების შესაქმნელად.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ჩინეთში ვიზიტი თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ორივე ქვეყნის საერთო პოზიცია გაჟღერდა ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ.

„ომის განვითარებისა და რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობების გათვალისწინებით... ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა შოლცმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

„ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. 2023 წლისთვის 18 მილიარდ ევროს გამოყოფას ვგეგმავთ, დაფინანსების რეგულარულად გაცემით. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციას გამოიწვევს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე".

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

რაზეა წამსვლელი რუსეთი

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციებში რუსეთის მზარდი წარუმატებლობის ფონზე, მოსალოდნელია, რომ სარაკეტო თავდასხმებს მოუხშიროს, მათ შორის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახელობაზე.

„პირველ რიგში მოსალოდნელია, რომ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გაააქტიუროს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ოთხშაბათს ღამით საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე სამშობიარო დაბომბეს, შედეგად, ახალშობილი დაიღუპა. ეს იმის ნიშანია, რომ სამწუხაროდ შესაძლოა ასეთი დაბომბვები გააგრძელოს.

„რუსეთს გარკვეული რაკეტების რაოდენობა ეწურება, მათ შორის „კინჟალი","ტოჩკა-უ" და სხვები, მაგრამ ჯერ კიდევ ფლობს „ეს-300" ტიპის რაკეტებს, საკმაო რაოდენობით აქვთ, რითაც შეუძლია, რომ მნიშვნელოვნად დამაზიანებელი სარაკეტო დარტყმები განახორციელოს. ისეთი, როგორიც 15 ნოემბერს იყო, როცა ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს. უმეტესი ნაწილი უკრაინამ ჩამოაგდო, მაგრამ რამდენიმე მაინც ჩავარდა.

„რუსეთის მიზანია, რომ ამ ზამთარს უკრაინა სრულიად ჩააბნელოს და სიცივეში დატოვოს. სხვადასხვა მონაცემებით უკრაინის ენერგოობიექტების უკვე 40-დან 50%-მდე დაზიანებულია. დასავლეთი მზადაა, რომ ამ მზარდი საფრთხის ფონზე, უკრაინას შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

„უკრაინას აშშ სამხედრო, ხოლო ევროკავშირი ეკონომიკური ტიპის დახმარებას უწევს. საუბარია ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს გამყოფაზე. რა თქმა უნდა პირველ რიგში ანტისარაკეტო სისტემებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. სახმელეთო წარუმატებელი ოპერაციების ფონზე, ახლა რუსეთს ერთ-ერთი ბერკეტი სარაკეტო თავდასხმები დარჩა. რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინელებმა 1886 დასახლებული პოუნქტები დაიბრუნეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ესკალაციის ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბოს, ჩიტაძემ განაცხადა, რომ გამწარებული რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა, ზაპოროჟიე რუსეთის ტერიტორიიდან შორს არაა და შესაძლებელია, რომ დაბინძურებულმა ღრუბელმა რუსეთამდე მიაღწიოს. მაგრამ, შესაძლოა პუტინი იქამდეც მივიდეს, რომ საკუთარი მოსახლეობის მსხვერპლიც არაფრად არ ჩათვალოს და არა გამორიცხული, რომ უკრაინის გამწარების მიზინით, სარაკეტო იერიში მიიტანიოს და კიევს დააბრალოს.

„გარდა ამისა, უკრაინაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურია, „დნეპროჰესი", კახოვკის წყალსაცავი, შესაძლებელია, რომ რუსეთი ყველანაირ ვა-ბანკზე წავიდეს და გამწარებულმა ამ ობიექტებს შეუტიოს.

„ბირთვულ იარაღს რაც შეეხება, რუსეთის შეიარაღებაზე სადღაც 6 ათასამდე ბირთვული მუხტი ირიცხება. აქედან 2 ათასამდე ტაქტიკური დანიშნულებისაა, არაა გამორიცხული, რომ რუსეთი ყველაფერზე წავიდეს, მითუმეტეს წარუმატებელი სახმელეთო ოპერაციების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებს „კარგავენ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×