თამთა ჩაჩანიძე
24.11.2022

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდეკაბე") სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციასა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს სკანდალი იმით აიხსნება, რომ „ოდეკაბე" ფაქტიურად კვდება, სომხეთი კი, თუკი მოინდომებს, რუსეთის გავლენებისგან თავის დაღწევას შეძლებს.

როგორც ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ოდეკაბე" რომ სრულიად უსარგებლო ხდება, საქართველოსთვის მხოლოდ კარგია, რადგან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს თანამშრომლობის მეტი პერსპექტივა გაუჩნდებათ.

ოთხშაბათს ერევანში გამართულ სამიტზე ნიკოლ ფაშინიანმა თავისი უარი იმით ახსნა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური შეფასება აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ".

„სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციასთან დაკავშირებით. ეს დიდ ზიანს აყენებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის იმიჯს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ფაშინიანმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია („ოდეკაბე") რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსია, რომელშიც 6 ქვეყანა შედის - რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომის დროს ერევანმა ორგანიზაციას ოფიციალურად სთხოვა დახმარება, რასაც თავად „ოდეკაბეს" წესდება ითვალისწინებს. საპასუხოდ მოსკოვიდან სომხეთის ხელისუფლებამ უარი მიიღო იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანი არ დასხმია უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას და საბრძოლო მოქმედებები სადავო ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ეს, ბუნებრივია, სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს სომხეთში და ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდა ორი კვირის წინ, როდესაც მოსკოვში „ოდეკაბეს" წევრი სახელმწიფოები უმოქმედობაში დაადანაშაულეს. რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე არა უკრაინის, არამედ კრემლის მიერ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ უკრაინულ ოლქებში მიმდინარეობდა და, „ოდეკაბეს" წესდების თანახმად, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, და მათ შრის სომხეთიც, ვალდებული იყვნენ რუსეთისთვის სამხედრო დახმარება აღმოეჩინათ.

სწორედ ამ უკმაყოფილების შედეგია ის ფაქტი, რომ 23 ნოემბერს ერევანში სამიტზე დასასწრებად ჩასულ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სომხური საზოგადოება საპროტესტო აქციით დახვდა, აქციის მიონაწილეებმა „ოდეკაბედან" სომხეთის გამოსვლა მოითხოვეს და რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს.

როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, სომხეთი თავს მოტყუებულად გრძნობს და შანსი ეძლევა, რომ დასავლეთთან ითანამშრომლოს და რუსეთის გავლენებისგან თავი დააღწიოს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვისაც კარგია.

„ლოგიკური შედეგია და ნათელია პროცესი საითაც მიდის, რადგან იდეაში კოლექტიური უსაფრთხოება ფარსი იყო. რეალურად ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს თავის სამხედრო ქმედებების ლეიტიმაციისთვის სჭირდებოდა, კარგავს რა რუსეთი თავის ძალას, სრულიად უსარგებლო ხდება.

„ფაშინიანი ძალიან დიდი ხანია რუსული გავლენებისგან თავის დაღწევას ცდილობს, რაც, რუსეთის დასუსტების მიუხედავად, ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თუკი მონდომებაა, მიღწევაც შესაძლებელია. მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთი სუსტდება და ამავდროულად სომხეთი დასავლური მიმართულებით აქტიურია, ესაა ურთიერთობა იგივე აშშ-სთან, ევროკავშირთან. ევროკავშირის მისია კი რეალურად მზადაა იმისთვის, რომ დაპირისპირების ხაზზე ჩადგეს.

„ეს ყველაფერი სომხეთისთვის შანსია, რომლის გამოყენებასაც ის აპირებს. მთლიანად, რაც ოთხშაბათს სომხეთში ხდებოდა, თავისი საპროტესტო მიტინგებით, ეს არის პასუხი იმაზე, რომ სომხეთი თავს მოტყუებულად გრძნობს. სომხეთმა უსაფრთხოების გარანტიებისთვის ბევრი რამ დათმო, რუსეთმა კი, როგორც ყოველთვის, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„ჩვენთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია, რადგან ამ რეგიონში რუსეთი რაც ნაკლებად იქნება წარმოდგენილი, თანამშრომლობის მით მეტი პერსპექტივა ჩნდება სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის.

„იმთავითვე რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა ის იყო, რომ ამ სახელმწიფოებს შორის განხეთქილება ყოფილიყო და ისეთი ერთიანობა არ შეკრულიყო, როგორიც, მაგალითად, ბალტიის ქვყნებმა მოახერხეს. თუ აქედან რუსეთს არა მხოლოდ გავლენა შეუმცირდება, არამედ განიდევნება, ამითი ჩვენც ამოვისუნთქავთ და ჩვენი მეზობლებიც", -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×