თამთა ჩაჩანიძე
02.12.2022

უკრაინაში ზამთრის ბრძოლები დაიწყო - რუსეთი ოლქებს კვლავ მძიმე არტილერიით ბომბავს, განსაკუთრებული აქტიურობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აქვთ. რაც შეეხება სამხრეთის ფრონტს, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთმა დაიწყო ჯარის გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად. ამაზე რუსული მხარე ჯერჯერობით არაფერს არ ამბობს, თუმცა ანალიტიოკოსთა პროგნოზით, შესაძლოა ზაპოროჟიემაც ხერსონის ბედი გაიზიაროს.

„ბახმუტში დამატებითი უკრაინული სამხედრო ძალები ჩავიდნენ. ქალაქის მისადგომებთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამასთან, ბახმუტში ყინვები დაიწყო. ახლა ტემპერატურა -2 გრადუსია. მომდევნო დღეებში კი -9 გრადუსამდე ჩამოდის. ყინვა ქალაქზე იერიშებს ნამდვილად ვერ გააადვილებს. რუსულ ცოცხალ ძალას კი ტანისამოსის სერიოზული პრობლემა დაუდგება.

„სვატოვე-კრემინას გზასთან რამდენიმე ადგილას რუსული სამხედრო პოზიცია დაიკავეს უკრაინელებმა. აღნიშნული ინტენსიური ბრძოლის ფონზე გზა პრაქტიკულად დისფუნქციურია და რუსები მხოლოდ ლიმიტირებულადღა იყენებენ მას.

„იბომბება ქალაქ დონეცკის მისადგომები. რუსული პოზიციები უკრაინული არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ", - წერს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ფეისბუქზე.

რაც შეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო.

„არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკა. პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მანამდე კი ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ რუსებს ზამთარში გაუჭირდებოდათ და გარკვეული ადგილების დათმობა მოუწევდათ.

„რუსებს წინ ზამთრის ომი ელოდებათ და გარკვეული ადგილების დათმობა და შევიწროვება მოუწევთ. ასეთ მასშტაბზე გაშლილი ძალების მომარაგება რუსეთს გაუჭირდება. გარკვეული მიმართულებებს, რომელიც მნიშნელოვანი არაა და რომელზეც იციან, რომ მაინც დაკარგავენ, ალბათ რუსები დათმობენ და გამოვლენ", - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან" .

კითხვაზე გარკვეულ ადგილებში, ენერგოდარი და ზაპოროჟიეს აეს-ი ხომ არ იგულისხმება ბერიძემ განაცხადა:

„იმ მიმართულებებზეა საუბარი, რომლის დაცვაც ძალიან გაუჭირდებათ. ენერგოდარში გარკვეულ ტერიტორიებს ალბათ დათმობენ, მე ვფიქრობ ალბათ ლუგანსკშიც", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×