ელზა პაპოშვილი
02.12.2022

აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის აქციების გამართვას იმ შემთხვევაში თუკი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო უარს იტყვის? „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა წამოსცდა. მმართველი გუნდი ოპოზიციის ლიდერის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის აქტივობებზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი ქვეყანაში სიტუაციის არევა იყო და ახლაც, გარდა რადიკლაიზმისა, შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ. ამიტომ ორად გაყოფილ პარტიაში სააკაშვილის და მისი ამომრჩევლის გულის მოგებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. იქნებ ქვეყნის ნანგრევებზე  ხაბეიშვილი ან მელია აღმოცენდნენ.  

„ვთანხმდებით, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ვისურვებდით, რომ არათუ მისი მდგომარეობა არ იყოს დამძიმებული, პატიმრობაშიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, ამ ყველაფრის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რაზეც საუბრობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურ უპირატესობას, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს. არ იქნება მსუბუქი პროცესები, იქნება მძიმე პროცესები, მაგრამ როდესაც ხელისუფლება სხვა გზას არ გიტოვებს – რჩება ერთადერთი გზა, რა გზასაც გამოიყენებს ნაციონალური მოძრაობა. 

სადაც ვიწროა, იქ გაწყდება, დიახაც, არავინ არ შეეგუება, ჩვენ თავთან მართლები ვიქნებით ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიამ შეაფასოს თითოეული პოლიტიკისოს როლი ამ პროცესში, არა რიტორიკის დონეზე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, როგორ მივიქეცით, ვის აქვს უნარი თავდადების, ვის აქვს გამბედაობა, ბრძოლაში ღრმად შესვლის. ამ ყველაფერს ვიხილავთ“,-ამბობს ნიკა მელია. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის განცხადებით კი, გამოყენებული იქნება ყველა სტრატეგია და მეთოდი იმისათვის, რომ პარტიამ მიაღწიოს საბოლოო მიზანს და გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი.   

ამასთან, წითლიძე იმასაც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წლებია გამოირჩევა თავდადებული ბძროლით. 

"ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა 10 წლის განმავლობაში გამოირჩეოდა შეუვალობით და თავდადებული ბრძოლით. შესაბამისად, თუ ამას ეძახიან აგრესიას, მაშინ ვიტყვი, რომ ეს არ არის აგრესია, ეს არის შეუპოვარი და თავდადებული ბრძოლა. ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა პრეზიდენტი სააკაშვილი და გაწირა სასიკვდილოდ, მაშინ პარტიას მოუწევს სტრატეგიის შეცვლა და პარტიას მოუწევს კიდევ უფრო მეტად აქტიურობა. ბრძოლის ყველა ფორმა, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო მიზნის მისაღწევად იქნება გამოყენებული და ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს პარტია," - აცხადებს ანა წითლიძე.   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ქუჩის აქციებზე და სააკაშვილის გათავისუფლების სტრატეგიაზე საუბრობს. 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარტია არის ორ ჯგუფად გაყოფილი. ერთ ჯგუფს ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ჰყავს კეზერაშვილი, ხოლო მეორე ჯგუფი იძულებულია დაუპირისპირდეს მას და შეჯიბრება გამოუცხადოს ვინ უფრო მეტ რადიკალიზმს ჩაიდენს ქვეყანაში. 

"ყველა, მათ შორის მელია გუშინდელი თავის გამოსვლით მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს გამოვიდნენ ქუჩაში და დაანგრიონ ქვეყანა. იქნება ამ ნანგრევებზე ან მელია აღმოჩნდეს აღმართული დროშით ან ხაბეიშვილი. აი, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ამ დამოკიდებულებას არ გააჩნია პერსპექტივა. შეიძლება წუთიერი წარმატება მოუტანოს რომელიმეს ამ არჩევნების დროს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი. ერთი ჯგუფი არის მხარდაჭერილი კეზერაშვილის მიერ ანუ ფინანსური რესურსის მხარდაჭერა გააჩნია.

შესაბამისად, მეორე გუნდი, რომელიც ამ მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, იძულებულია დაუპირისპირდეს და შეჯიბრება გამოუცხადოს სწორედ იმ ფორმატში, სადაც საუკეთესო შედეგები აქვთ და საუკეთესო შედეგები აქვთ იმაში, რასაც ჰქვია არეულობის შექმნა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.   

 ანალიტიკოსი რამაზ საყავრელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საუბარი უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ჯგუფს ეხებოდა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობს. საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებაც ცდილობს, რომ მელიას ამ განცხადებებით საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ აჩვენოს, ამ პარტიის მთავარი დღის წესრიგი კვლავ რადიკალიზმია. 

„პარტიაში დაპირისპირებული მხარეები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ერთმანეთზე რადიკალურები იყვნენ. ამით კი პარტიული ამომრჩეველი მიიზიდონ, რომელიც უდავდო მხარს რადიკალიზმს უჭერს. სააკაშვილის ვერ გათავისუფლების გამო და პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე ორივე ჯგუფის მიმართ ამ ამომრჩეველს  სკეპტიკური დამოკიდებულება ორივე ჯგუფის მიმართ გაუჩნდა. ასევე პრეტენზიები სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიას, შვილებს  და დედას აქვს.

 უკრაინაც კი პრეტენზიებს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად პარტიაში არავინ არაფერს აკეთებს. ამ ფონზე ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, ამ რადიკალური ამომრჩევლისთვის კეთდება. თუ ნიკა მელია ამით ვინმეს შეშინებას აპირებს, აქ ხელისუფლების შეშინებაზე უფორ ნაკლებად არის გათვლილი. მელია ამ განცხადებებს შიდა დაპირისპირებაზე უფრო თვლის. შეჯიბრების წინ მოკრივეები რომ იმუქრებიან ხოლმე, დაახლოვებით საქმე ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში მეორე მოკრივე ხელისუფლება არ არის, სააკაშვილი ამ მეტოქეში პარტიის მეორე ჯგუფს ხედავს. მელიამ კარგად იცის და ეს დაინახა კიდევაც, რომ ხელისუფლებას ასეთი ქცევებით ვერ აშინებს. კი ბატონო, ენმ-ს შეუძლია სააკაშვილის გამო ელექტორატის  ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობის ადამიანები, რომელთაც „ოცნების“ შეშინება შეუძლია. თან რაც უფრო  დრო  გადის და პარტიაში დაპირისპირება ღვივდება, ელექტორატიც  რამდენიმე ნაწილად იყოფა. ზოგმა მათგანმა კი პარტიისგან საერთოდ დისტანცირება გადაწყვიტა. ამიტომ მელიას მუქარის ხელისუფლებას  ყველაზე ნაკლებად  ეშინია“,-ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×