თამთა ჩაჩანიძე
23.01.2023

გერმანია საკუთარი წარმოების „ლეოპარდი 2" ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემისგან კვლავ თავს იკავებს, თუმცა, სხვა ქვეყნებს დაბრკოლებას არ შეუქმნის. რუსული მხარე უკვე წერს, რომ ნიკოლაევის ოლქში ორი „ლეოპარდი" დააფიქსირეს, სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს კრემლის მორიგი პროვოკაცია იყოს, თუმცა, მათი აზრით, არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლოა კიევს პოლონეთმა, ან სხვა ისეთმა ქვეყანამ გადასცა, ვის შიარაღებაშიც ეს ტექნიკაა.

ანალიტიკოსებისვე შეფასებით, ტანკებთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციას რამდენიმე მიზეზი აქვს, ამისგან გამოწვეული უთანხმოება კი შესაძლოა იმით დამთავრდეს, რომ დაგვიანებით, მაგრამ, ბერლინმა გადაწყვეტილება მაინც მიიღოს, როგორც კი ნახავს, რომ ტანკებს სხვაც აძლევს.

როგორ ეხმიანებიან დასავლელი ლიდერები გერმანიის გადაწყვეტილებას

გერმანია პოლონეთის მიერ უკრაინაში „ლეოპარდების" ტანკების გაგზავნას ხელს არ შეუშლის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ფრანგული მედიის კითხვაზე, რა მოხდება, თუ პოლონეთი „ლეოპარდი 2"-ის ტანკებს უკრაინას გერმანიის თანხმობის გარეშე გაუგზავნის, განაცხადა, რომ „ჩვენ ამას დაბრკოლებას არ შევუქმნით".

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია უკრაინისთვის ამ ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების „მცირე კოალიციას" შექმნის, რომლებიც მზად არიან უკრაინას ტანკები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნონ. მორავეცკისთვის გერმანიის პოზიცია მიუღებელია.

მისივე განცხადებით, პოლონეთი პასიური ვერ იქნება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკრაინა და ევროპა მოიგებს ომს გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე.

„თითქმის ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან... რუსული არმიის ომის დანაშაულების მტკიცებულება შეგიძლიათ ტელევიზორში და YouTube-ზე ნახოთ. მეტი რა სჭირდება გერმანიას, რომ გაახილოს თვალები და გერმანიის სახელმწიფოს პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება", - აღნიშნა მორავიეცკიმ.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ სწუხს უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება.მისი თქმით, გადაწყვეტილების გაჭიანურება ამორალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი დღე უკრაინას სიცოცხლის ფასად უჯდება.

„სამწუხაროა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, სხვადასხვა მიზეზის გამო ჭიანურდება. ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა გრძელი განხილვის გაკეთება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია, რომ შესაძლოა არ გინდოდეს, სახელმწიფოს პროვოცირება, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ჭუჭყიანი ჩექმით დაცოცავს. ვფიქრობ, ეს არასწორია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღება.

„შევწყვიტოთ, შევაჩეროთ ეს ბოროტება რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყველას ერთი და იგივე გვინდა, გარდა აგრესორისა. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება", - განაცხადა ნაუსედამ.

რას ამბობს უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას 1 000 ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის.

„მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლიუსია. მაგრამ როცა მათ აქვთ 1000 ტანკი, ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს - პრობლემას ვერ გადაჭრის", - განაცხადა ზელენსკიმ ARD-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ისინი მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ღირებულებებისთვის ბრძოლისთვის მოტივაციას აძლევენ.

"ამით აჩვენებენ, რომ მთელი მსოფლიო შენთანაა. მე მაქვს 10 ტანკი - ყველა წაიღე. მე მაქვს 100 ტანკი - ყველა წაიღე. მე მაქვს ერთი ტანკი - წაიღე, მე მას მოგცემ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ აპირებს ტანკების გამოყენებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

"ეს „ლეოპარდები", თუ ვინმე განიცდის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გადავა. ჩვენ თავს ვიცავთ. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი მიწა, ხალხი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი მელნიკი კი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტანკების მიწოდების პროცესი უნდა დაჩქარდეს.

„მხოლოდ კეთილი შეხსენება: უკრაინამ გერმანიას "ლეოპარდის" ტანკების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად 2022 წლის 3 მარტს მიმართა, ანუ მე-7 დღეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და უკრაინელი ერის წინააღმდეგ ომი დაიწყო. დღეს რუსეთის ბარბაროსული ომის 334-ე დღეა. იქნებ ამ პროცესის დაჩქარების დროა?"- წერს ანდრეი მელნიკი „ტვიტერზე".

„ორი „ლეოპარდი" უკვე გამოჩნდა"

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსული მხარე წერს, რომ ფრონტზე ორი „ლეოპარდი" უკვე გამოჩნდა. მისი აზრით, ეს შესაძლოა პროვოკაცია იყოს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ კიევისთვის იმ ქვეყნებს მიეწოდებინათ, ვის შეიარაღებაშიც ეს ტანკებია.

„რუსული სამხედრო წყაროები წერენ, რომ ორი „ლეოპარდი" უკვე ნიოკოლაევში გამოჩნდაო, ეს რამდენად სიმართლეა, არ ვიცი, მაგრამ, შესაძლოა გერმანიამ არა, მაგრამ შესაძლოა პოლონეთმა, ან სხვა ქვეყანამ, ვის შიარაღებაშიც ეს ტექნიკაა, უკრაინას უკვე გადასცა. გერმანიამ თქვა, რომ ამის წინააღმდეგი არაა. რუსების რეაქცია ის იყო, რომ ამ ტანკების გამოჩენა მათთვის სასიამოვნო არ იყო.

„გერმანიის გადაწყვეტილებას იღებს არა მთავრობა, არამედ ბუნდესტაგი, პარლამენტმა ეს საკითხი დაბლოკა, თუმცა, მთავრობა მზადაა, რომ 19 მოძველებული „ლეოპარდის" ტიპის სასწავლო ტანკი გადასცეს, თუმცაღა, ესეც ბუნდესტაგთანაა შესათანხმებელი, ზელენსკიმ კი თქვა, რომ ამ რაოდენობის ტანკები ამინდს ვერ შექმნისო, თუმცა სტიმულიაო, სხვათა შორის კარგად მიანიშნა.

„სამწუხაროდ „ლეოპარდების" გადაცემის გამო, გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რამდენად გაღრმავდება, არ ვიცი, მაგრამ, ყველაფერი მოსალოდნელია. თან დასავლეთის სახელმწიფოებიც შეიარაღების მიცემაზე უკვე კრიტიკულ ზღვარზე გადიან. „ლეოპარდი" გერმანიის ძირითადი დამრტყმელი ტანკია.

„გერმანელები თავდაცვისუნარიანობის განვითარებას მანამდე ყურადღებას არ აქცევდნენ და მათ ნატოს ქოლგის ქვეშ იყვნენ. ისინი თვლიდნენ, რომ რუსული სამხედრო საფრთხე რეალური არ იყო. გერმანიაში კოალიციური მთავრობაა და რამდენიმე პოლიტიკური ძალა რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ფრთხილად უყურებენ. ასევე გადაწყვეტილებაზე მოქმედებს თავდაცვისუნარიანობაზე გამოყოფილი ნაკლები თანხები.

„გერმანული „ლეოპარდები", ამერიკული „აბრამსები", ფრაგული „ლეკლერკები" და ბრიტანული „ჩელენჯერები" მძიმე შემტევი ტიპის საბრძოლო ტანკებია, რომლებსაც შეუძლიათ მოწიონააღმდეგის თავდაცვის ზღუდეები გაარღვიონ. შეტევითი ოპერაციებისთვის ყველაზე იდეალური სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღებაა.

„უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება უნდა მოხდესო და ბუნებრივია შეტევისთვის უკრაინას დამრტყმელი შეიარაღება სჭირდება. ამ ტიპის საბრძოლო ტანკების გარეშე გეგმის განხორციელება წარმოუდგენელი იქნება",-განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

„გერმანიის პოზიციის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, რუსეთის არგაღიზიანება, მეორე ის რომ რუსეთს ტექნიკა ხელში არ ჩაუვარდეს, მესამე მიზეზი, თავად ეს შეიარაღება ქვეყანას ლიმიტირებული რაოდენობა აქვს. ასევე, ამ ტანკების მომსახურება საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, ეს თავად მიმღებმა ქვეყანამ უნდა უზრუნველჰყოს, მაგრამ, უკრაინას ახლა ასეთი ძვირადღირებული ტანკების შენახვა რამდენად შეუძლია, ესეც საკითხავია. ასევე, ეს ტექნიკა უკრაინის გეოგრაფიულ პირობებთან რამდენად თავსებადია.

„მაროკომ უკრაინას 20 „ტე-72" ტიპის მოდერნიზებული ტანკები გადასცა, ანუ ახლა იმაზე მიდის საუბარი, რომ უკრაინას სხვა ქვეყნებმა გაუწიოს დახმარება, ვის რისი საშუალებაც აქვს.

გადასცემს თუ არა უკრაინას გერმანია საბოლოოდ „ლეოპარდებს"

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გერმანიის პოზიცია ევროატლანტიკურ თანხმობას, უკრაინის უსაფრთხოებას და ომის შედეგებს დიდ პრობლემებს უქმნის და არაა გამორიცხული, რომ პოზიცია შეცვალოს.

„ეს პრობლემა ძირითადად იქიდან გამომდინარეა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვერ ჩამოყალიბდა, ერთი დღით აცხადებს, რომ უკრაინას ომში ბოლომდე მხარს დაუჭერს, მეორე დღით, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათ შორის „ლეოპარდებთან" დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ იღებს, ან ცვლის.

„ამიტომაც, ეს ევროატლანტიკურ თანხმობას, უკრაინის უსაფრთხოებას და ამ ომის შედეგებს საერიოზულ პრობლემას უქმნის. გერმანელები ამბობენ, რომ ისინი აშშ-ს ელოდებიან. ამერიკელების მიერ „აბრაჰამსების" გადაცემა ასე სწრაფად ვერ მოხდება, საბოლოოდ ყველას ეშინია, რომ რუსებს ხელში არ ჩაუვარდეთ და ტექნოლოგიური გაჟონვა არ მოხდეს.

„ახლა გერმანელები წინა პლანზე კი არიან, მაგრამ ტანკების გადაცემაზე ფეხს სხვებიც ითრევენ. ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ გერმანელების უმრავლესობა შოლცის პოზიციას მხარს უჭერს და ისიც ამითი სარგებლობს, ამბობს, რომ მე კი მინდაო, მაგრამ გერმანელებს არ სურთო, ამას თითზე იხვევს.

„ფაქტია, რომ შოლცს ლიდერობის პრობლემები აქვს, რაც შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, ეს გარმანიის პოზიციაზე ისახება და უკვე თითქმის ყველა მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, არ დარჩა ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც მათ არ აკრიტიკებს, ეს კი ქვეყნის რეპუტაციას ძალიან არყევს.

„როგორ ჩანს გერმანიაზე გარკვეული მორალური ზეწოლა სჭირდება. თავიდან რამდენიმე ასეული მუზარადის გაგზავნით დაიწყო და იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, დრო სჭირდება, დრო კი უკრაინას არ აქვს და გადამწყვეტი მომენტია. შესაძლოა დაგვიანებით მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღოს, როგორც კი ნახავს, რომ ტანკებს სხვაც აძლევს",- განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×