ბაჩანა ტყემალაძე
24.01.2023

ისინი თავის დაჭრილებს ბრძოლის ველზე ტოვებენ, მოწინავე ნაწილებში დანაკარგი 80% აქვთ და პოზიციის უნებართვოდ დატოვება მათთან სიკვდილით ისჯება - ამერიკულმა ტელეკომპანია „სიენენმა" უკრაინის სამხედრო დაზვერვის დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ასახავს, თუ რის ხარჯზე ახერხებს წარმატების მიღწევას ბრძოლის ველზე რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი".

დოკუმენტი 2022 წლის დეკემბერითაა დათარიღებული. მასში შესწავლილია „ვაგნერელთა" ბრძოლის ტაქტიკა ქალაქ ბახმუტთან. მასალა ცხადყოფს, თუ რაოდენ რთულია მათ წინააღმეგ ბრძოლა.

„ვაგნერი" კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი მართავს. ბოლო კვირების განმავლობაში დაქირავებულმა მებრძოლებმა ფრონტის ხაზზე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ისინი ჩართულნი იყვნენ სოლედარის აღებაშიც.

უკრაინული მოხსენების თანახმად, „ვაგნერი" უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ახლო ბრძოლაში მაშინაც კი, თუ ის დიდი მსხვერპლით იბრძვის.

„ვაგნერის ათასობით ჯარისკაცის სიკვდილს რუსი საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მებრძოლი ჯგუფები ბრძანების გარეშე პოზიციებს არ ტოვებენ, რადგან ეს სიკვდილით ისჯება", - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, „ვაგნერელები" დაჭრილ თანამებრძოლებს საათობით ტოვებენ ბრძოლის ველზე, რადგან მათი მთავარი ამოცანა იერიშის გაგრძელება. ისინი აგრძელებენ შეტევას დასახეული მიზნის მიღწევამდე, თავდასხმის წარუმატებლობის შემთხვევაში უკან დახევა კი მხოლოდ ღამითაა დაშვებული.

ასეთი მკაცრი მიდგომა იმითაა განპირობებული, რომ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლთა უმეტესობა რუსი პატიმარია, რომლებსაც თავისუფლების სანაცვლოდ ომში მონაწილეობა შესთავაზეს.

სამხედრო დაზვერვის დოკუმენტების თანახმად, „ვაგნერის" ტაქტიკა დინამიურად ვითარდება. შეტევის საწყის ეტაპაზე, გამოუცდელი ჯარისკაცებისგან შემდგარ ჯგუფებს, რომელიც 10 ან ნაკლები მებრძოლისგან შედგება, კონკრეტულ წერტილებში ანაწილებენ და მოწინააღმდეგის პოზიციის დაკავებას ავალებენ. ისინი აღჭურვილნი არიან როგორც ყუმბარმტყორცნებით, ისე დრონებით. ამ პროცესში საშუალოდ ჯარისკაცთა 80% იღუპება. თუ გადარჩენილი მებრძოლები მოახერხებენ პოზიციის აღებას, ბრძოლაში მძიმე არტილერია ერთვება, რაც „ვაგნერის" მეომრებს სანგრების გათხრის საშუალებასა და ადგილზე გამაგრების საშალებას აძლევს.

ამის შემდეგ დაკავებულ პოზიციაზე მიდიან შედარებით უფრო გამოცდილი მებრძოლები, რომლებიც თერმული გამოსახულებებისა და ღამის ხედვის მოწყობილობით არიან აღჭურვილი.

უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, „ვაგნერის" ტაქტიკას უკვე რუსეთის სახმელეთო ძალებიც მიმართავენ, რომლებიც უმეტესად ცუდად გაწვრთნილი

მობილიზებული ჯარისკაცებისგანაა დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ დაქირავებული მებრძოლები აქტიურად იყენებენ კომპანია „მოტოროლას" საკომუნიკაციო აღჭურვილობას. ამასთან დაკავშირებით „მოტოროლამ" „სიენენს" განუცხადა, რომ რუსეთში მათ ყველა გაყიდვა შეჩერებული აქვთ.

უკრაინელებისთვის „ვაგნერთან" ბრძოლისას საჰაერო დაზვერვა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ ყუმბარმტყორცნით განხორციელებული თავდასხმები.

ექსპერტთა თქმით, მანამ, სანამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი ძალებით ეფექტურ ოპერაციებს ვერ აწარმოებს, პრიგოჟინი „ვაგნერისთვის" მთავრობისგან უფრო და უფრო მეტ რესურსს მოითხოვს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაციას რუსეთის გარდა სხვა იარაღის მომწოდებელიც ჰყავს. გასულ კვირას, „ვაგნერმა" იარაღი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა.

„გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ სხვადასხვაგვარი რაკეტები რუსეთს სპეციალურად „ვაგნერისთვის" მიაწოდა", - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×