თამთა ჩაჩანიძე
24.01.2023

უკრაინაში ომის პარალელურად კორუფციულმა სკანდალმა იფეთქა, რის გამოც მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. დასავლეთის მრავალმილიონიანი დახმარებების სერიის ფონზე, რადას თავმჯდომარის მოადგილემ კიევის ცენტრში ფეშენებელური სახლი შეიძინა, რის გამოც თანამდებობიდან ხსნიან. თანხების დიდი გახარჯვაა ასევე თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცების საკვებისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდოდ ხელოვნურ გაზრდას უკავშირდება.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ უკრაინის მთავრობა გადამწყვეტ ზომებს მყისიერად არ მიიღებდა, შესაძლოა დასავლეთი დახმარებაზე დაფიქრებულიყო და დამატებითი კითხვები ჰქონოდა, თუმცა ახლა კორუფცია იმ მასშტაბის არ იყო, რომ ომის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა, როგორიც რუსეთის შემთხვევაში იყო, რის გამოც რუსული არმია ხერსონისა და ხარკოვის ფრონტზე დამარცხდა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უმჯობესია უკრაინამ პროცესის გასაკონტროლებლად საერთაშორისო კომისია შექმნას.

რა გადაწყვიტა მინისტრთა კაბინეტმა და რა აუკრძალეს მაღალჩინოსნებს

უკრაინის მთავრობის სხდომაზე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მინისტრთა კაბინეტის მინისტრის ოლეგ ნემჩინოვის განცხადებით, თანამდებობიდან შემდეგი პირები გაათავისუფლეს:

ვიაჩესლავ შაპოვალოვი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ივან ლუკერია - მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;

ვიაჩესლავ ნეგოდა - მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;

ვიტალი მუზიჩენკო - სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;

მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ესენი არიან:

ვალენტინა რეზიჩენკო - დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ალექსანდრა სტარუხა - ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ალექსეი კულება - კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დმიტრი ჟვიცკი - სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

იაროსლავ იენუშვიჩი - ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ამავე სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ალექსეი სობოლევი დანიშნა.

რადაში მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადილე პაველ ხალიმონი, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევის ცენტრში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა.

ირკვევა, რომ სახლი ოფიციალურად ვინმე ანასტასია კოტელენეცზეა გაფორმებული. ქონება 2022 წლის ზაფხულში 10,3 მილიონ გრივნად იქნა შეძენილი, როცა მსგავსი ქონება კიევში დაახლოებით 60 მილიონი გრივნა ღირს.

ამასთან „ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ჟურნალისტური გამოძიების მონაცემებს, თუ რა ფასად ყიდულობდა თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით პროდუქტებს არმიისთვის და რა ღირს რეალურად ის სუპერმარკეტებში. მაგალითისთვის 1კგ კარტოფილი ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში 8 გრივნა ღირს, ხოლო თავდაცვის სამინისტრო 22 გრივნად ყიდულობდა; 12 გრივნის ღირებულების კომბოსტოს 30 გრივნად იძენდა. ასევე ჩამოთვლილია კვებისთვის რამდენიმე აუცილებელი პრდუქტი, რისთვისაც სამინისტრო ორმაგ ფასსაც კი იხდიდა.

დიდი ალბათობით კორუფციულ სკანდალს უკავშირდება ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მოქმედებების დროს არასამსახურებრივი მიზნით საზღვარგარეთ გასვლა აეკრძალებათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს, ტელე და რადიომაუწყებლობის საკითხებზე მომუშავე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს; აუდიტის პალატის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს, ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, დეპუტატებს და სხვა სახელმწიფო მოხელეებს.

„საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რა გავლენა ექნება კორუფციულ სკანდალს დასავლეთის შემდგომ დახმარებაზე

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინამ ზომები დროუილად მიიღო და მისი აზრით, დასავლეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

„უკრაინამ ზომები დროულად მიიღო და კორუმპირებული ჩინოვნიკები გამოავლინა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელსაც მომარაგება ეხებოდა, გაათავისუფლეს, ასევე რეგიონებში თანამდებობის ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ, რომ ფრონტისთვის პროდუქცია შეეძინათ. ზელენსკიმ ეს ფაქტები მალევე ძირშივე აღმოფხვრა.

„ალბათ დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯები მყისიერად რომ არ მოეღო, რა თქმა უნდა, საქმე გართულდებოდა და დასავლეთს ბევრი კითხვები ექნებოდა. უკრაინას საკმაოდ ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები აქვს, ცალკე ანტიკორუფციული ბიურო და პროკურატურაა და საკმაოდ კარგად მოქმედებს. ომის პერიოდში საკმაოდ მაღალი დონის ღონისძიებები ჩაატარა, რამაც სამხედრო მიმართულებითაც დადებითი შედეგი მისცა.

„ზომები დროულად იქნა მიღებული და ისეთ მასშტაბებამდე არ მივიდა, რომ ფრონტზე უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე გავლენა მოეხდინა. ელიტური კორუფცია, როგორიც რუსეთშია და რომელმაც ხელი შეუწყო, რომ რუსებს ხარკოვსა და ხერსონში წაეგო, ახლა უკრაინაში ასეთი მასშტაბები არ აქვს. ეპიზოდური, არასისტემური კორუფციული ქეისებია, რომელიც, რა თქმა უნდა, არასასურველია. უკრაინამ ეს გამოავლინა და მუშაობას კვლავ აგრძელებს",-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ კორუფციული შესაძლო შემთხვევები დროზე არ აღმოიფხვრა, ეს დასავლეთისგან დამატებით კითხვებს გამოიწვევს. მიაჩნია, რომ უკრაინამ ახლა კორუფციის გასაკონტროლებლად საერთაშორისო ექსპერტების კომისია უნდა შექმნას და პროცესი გამჭვირვალე გახადონ.

„ეს კორუფცია რა მასშტაბისაა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს კორუფციული მოვლენები თუ დროზე არ ამოიძირკვა, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან დამატებით კითხვების გაჩენას გამოიწვევს, რასაც რუსეთი ძალიან კარგად გამოიყენებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილი გახდება, რაც უკვე დაწყებულია.

„ზოგადად, ჩემი აზრით, ალბათ უკრაინელებმა უნდა მოიფიქრონ და საერთაშორისო ექსპერტების კომისია შექმნან, რომელიც შესაძლოა საკითხებს გააკონტროლებენ და ამავე დროს პროცესს ღიას და გამჭვირვალეს გახდიან",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×