ელზა პაპოშვილი
05.02.2023

ორშაბათს, 6 თებერვალს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგად მოსამართლე გიორგი არევაძემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გადაუვადებენ სასჯელს ექსპრეზიდენტს, თუ პატიმრობაში დატოვებენ? ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების მომავალ ურთიერთობაზე.

პირველად სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართა. პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრებისას „პრაქტიკულად ჯანმრთელი“ მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშეა.  

ხელისუფლების წარმომადგენლები და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სააკაშვილი სათანადოდ არ იკვებება და ის თვითდაზიანებას მიმართავს. მათი მტკიცებით, სააკაშვილს მიზანმიმართულად არ აჭმევენ იმ საკვებს, რაც მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

როდის გამოცხადდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. სააკაშვილის უფლებების ამცველი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ეს ორშაბათსვე მოხდება და ეს იქნება „ისტორიული გადაწყვეტილება“. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, განაჩენის გამოტანა მაქსიმალურად გაჭიანურდება, ხელისუფლება კი ამ დროის განმავლობაში ვითარებას დააკვირდება.

ხმაური, დაპირისპირება და სკანდალური ბრალდებები

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც უკვე თითქმის 2 თვეა მიმდინარეობს. ადვოკატები ყურადღებას იმ დიაგნოზებზე ამახვილებდნენ, რაზეც უცხოელი ექსპერტები საუბრობენ. დემენცია, კახექსია და მძიმე ნევროლოგიური დაავადებები - ეს ის საკითხებია, რის გამოც უფლებადამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

ყველაზე ხმაურიანი კი ბოლო, 3 თებერვლის სხდომა იყო, როდესაც სასამართლოს ჩვენება მისცა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ. მან პატიმრის ახლობლები სუიციდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის წამება მათი მთავარი ამოცანაა. ოთხსაათიანი გამოკითხვის განმავლობაში, ნინო ნადირაძე ამტკიცებდა, რომ ოჯახის წევრების მიერ სააკაშვილისთვის საგანგებოდ შერჩეული, დაბალი კალორაჟის მქონე მენიუ მომაკვდინებელია.

4-საათიან ჩვენების განმავლობაში „ვივამედის“ დირექტორმა სამედიცინო პერსონალზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად შესაბამისი პარამეტრები ამ დრომდე არ აქვს.

ნინო ნადირაძის ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს „ნაციონალური მოძრობა“. განცხადება ამ თემაზე სასამართლოს შენობაში გიორგი ჩალაძემ გააკეთა.

ნადირაძის ხმაურიან ჩვენებას უპასუხეს სააკაშვილის ადვოკატებმაც. დაცვის მხარემ „ვივამედის“ დირექტორი არაკომპეტენტურობაში, არაკვალიფიციურობასა და შოუს დადგმაში დაადანაშაულა.

ნადირაძის გამოკითხვის შემდეგ, სასამართლოს წინაშე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარსდგა. ეკა ჩავლეიშვილმა, რომლის აცილებასაც ადვოკატები მიკერძოებულობის მოტივით ითხოვდნენ, ჩვენებაში ცალსახად თქვა, რომ სამხარაულის დასკვნა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი არ არის.

ხმაურიანი პროცესს გამოეხმაურნენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. „ქართულ ოცნებაში“ პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას არ ეშვება, რაც მათი თქმით უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ნაწილია.

ენმ „ქუჩის ომს“ აანონსებს  

„თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს.

„თუ არ უნდათ, რომ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღებენ ქუჩაში ომს.  

პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან მონოლითური ჯგუფი, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და მხარდაჭერის ერთგულებით. ისინი არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. 

სააკაშვილის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. ეს იცის ჩვენმა ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა მივიდეთ ჩვენ საზოგადოების დაპირისპირებამდე“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში.  

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები სააკაშვილის ირგვლივ 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ, დიდი ალბათობით, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანამდე დროს გაწელავს. მისი აზრით, ახალი რეალობებია გაჩენილი, რამაც შესაძლოა ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, „ოცნებას“ სააკაშვილის პრობლემა ქვეყნის შიგნით უკვე დიდი  ხანია მოგვარებული აქვს, მაგრამ მას პრობლემები შესაძლოა ქვეყნის გარეთ შეექმნას, ამას ათვიცნობიერებს და სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას მანამდე გააჭიანურებს, სანამ ამის საშუალება ექნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამ პროცესში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩაერთო. არ არის საუბარი მარტო იმაზე, რომ ის პრეზიდენტია. მის სიტყვას მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკი კიდევ უფრო აქტირად ჩაერთოს და ხელისფლებამ ეს საფრთხე რეალურად აღიქვას. თუ ამ საქმეში მან სხვა  ქვეყნის ლიდერებიც აიყოლია, მაშინ ეს უკვე ხელისუფლებისთვის საფრთხის შექმნელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო და თუ სააკაშვილის  მდგომარეობა კიდევ გართულდა, სააფრთხე  უფრო  მოიმატებს. 

ხელისუფლებას ასეთი არჩევანი აქვს, რომ სააკაშვილი საბოლოოდ თავიდან მოიშოროს. მას ის პოლიტიკურად  უკვე ისე ჰყავს განეიტრალებული, რომ მის ამომრჩეველში რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ გამოიწვევს. პირიქით, ამით რამდენიმე კოზირიც კი შეუძლია ხელთ დაიჭიროს - მოსამართლეს გამოატანინებს დადებით გადაწყვეტილებას და ამით დაამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია; ასევე, ხელისუფლება დასავლურ კურს არ უხვევს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც თუ არ მოგვცემენ, ის არაფერ შუაში არ იქნება. სააკაშვილის ციხეში დატოვება კი ამ პირობებში რისკებს ქმნის. აი, ამ თამაშით გააგრძელებენ სიტუაციაზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული ექსპრეზიდენტი შინა პატიმრობაში გადაიყვანონ, რათა მმართველმა პარტია კიდევ ერთხელ შეძლოს სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება 2024 წლის არჩევნებისთვის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელისუფლებას ენმ-ის მტრის ხატად გამოყენების შანსი კიდევ უფრო გაუზარდა, რადგანაც სათავეში პარტიას ჩაუდგნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხისთვის სააკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად მიუღებლები იყვნენ. მერაბიშვილ-კეზერაშვილს თუ შინაპატიმრობაში მყოფი სააკაშვილიც დაემატება, ძაბირაძის აზრით, ეს „ოცნების“ შანსებს ყველაზე მეტად გაზრდის. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ციხიდან გაშვებას არჩევნებამდე არ აპირებს. მისი აზრით, მმართველი პარტიისათვის მთავარი მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია და იმ პოზიციების შენარჩუნებაა, რომელიც მას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. ამისთვის კი, როგორც ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, სააკაშვილი მშვენიერი კოზირია და მას ხელიდან არაფრის ფასად არ გაუშვებენ.

„მოსამართლე გააკეთებს იმას, რასაც პოლიტიკურად უკარნახებენ და პოლიტიკური დღის წესრიგი მოითხოვს. მე არ ვფიქრობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპარლამენტარების განცხადებები ხელისუფლებაზე რამე გავლენას მოახდენს. ვხედავთ, რომ მასხარად იგდებენ და სასაცილოდ არ ჰყოფნით. რატომ? იმიტომ, რომ თუ ქვეყნის შიგნით ხალხის განწყობა არ იქნება, გარედან წამოსული ვერანაირი ზეწოლა ხელისუფლებას ვერ აიძულებს რამე გადაწყვეტილება მიიღოს. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუს თუ არ მოგვანიჭებენ, ამასაც დასავლეთს დააბრალებენ. ხალხს ეტყვიან, რომ დასავლეთი, რომელიც პირსისხლიანი  სააკაშვილის და მისი ამფსონების გვერდითაა, საერთოდ არ გვჭირდებაო. 

სააკაშვილი საქართველოში ბევრს არ უყვარს. ვხედავთ, რომ მეტი რეიტინგი 6%-მდე დავარდა. ახლა ენმ-ის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ უფრო დაბლა წამოვა. ამიტომ, სანამ ქართველი ხალხისგან ხელისუფლებას სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით მწვანე აქვს ანთებული, ის მის წამებას, თუნდაც ფსიქოლოგიურს, იმდენ ხანს გაგარძელებს, სანამ ამის საშუალება ექნება. 

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ესეც ძალიან შორეული და ძალიან რთული პერსპექტივაა. თუნდაც სანქციები დაადონ, მე ვფიქრობ, რომ ის ამისთვის უკვე მომზადებულია და თანხების გარკვეული ნაწილის გადამალვა მოასწრო. ამასთანავე, ამით რომელ რუს ოლიგარქს დააკლეს რამე, მას რომ დააკლონ?! ვინმემ აზრი შეიცვალა პუტინისა და ომის მიმართ?! 

ეს გადაწყვეტილება მოსახლებაში და კერძოდ „ოცნების“ მხარდამჭერებში, პირიქით, უკურეაქციას გამოიწვევს და ეს დასავლეთმა კარგად იცის. ამას ხელისუფლება ხალხში მათ წინააღმდეგ გაყიდის და ანტიდასავლური განწყობა მოიმატებს. ამიტომ სააკაშვილის საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ეს ხელისუფლებას მოუნდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×