ბაჩანა ტყემალაძე
05.02.2023

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელში შემავალმა აღჭურვილობამაც რუსეთის მაღალჩინოსნებსა და მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კონკრეტულად საუბარია GLშDB ტიპის რაკეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნე 150 კილომეტრის რადიუსში გაანადგურონ. ასეთი რაკეტებით უკრაინის სამხედრო ძალები შეძლებენ დაარტყან რუსების მიერ კონტროლირებად სტრატეგიულ და უმნიშვნელოვანეს ობიექტებს, როგორიცაა ბერდიანსკი, მარიუპოლი და ყირიმის ჩრდილოეთი ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ GLSDB რაკეტებით უკრაინას მაინც არ შეუძლია უშუალოდ რუსეთის ოფიციალურ ტერიტორიაზე იერიშის მიტანა, იმ ფაქტმა, რომ აშშ უკრაინას შორსმოქმედი რაკეტებით ეხმარება, რუსეთის ხელისუფლება განარისხა.

აქამდე ამერიკელები უკრაინას მხოლოდ მოკლე მანძილზე, 70 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებს აძლევდნენ, მაგრამ უკრაინისთვის ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა გადაეცა აშშ-ს მოკავშირე ქვეყნისთვის.

რუსული მედიის შეფასებით, ამით ამერიკელებმა შეთანხმება და პირობა დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც ისინი უკრაინელებს შორსმსროლელ რაკეტებს არ მისცემდნენ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა 4 თებერვალს გააკეთა განცხადება, სადაც უკრაინის დაწვით იმ შემთხვევაში იმუქრება, თუ ამ რაკეტებით უკრაინელები რუსეთის ტერიტორიას დაარტყამენ.

რა არის GLSDB

აბრევიატურა GLSDB იშიფრება, როგორც „ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი". იგი ორი ნაწილისგან შედგება - მცირე დიამეტრის საავიაციო ბომბი GU-39 SDB და გაშვები რაკეტა M26. ორივე მათგანს აშშ სამხედრო კონფლიქტებში ხშირად გამოიყენებდა და ასე დაიბადა იდეა, რომ გაეერთიანებინათ GU-39 SDB და M26, რის შედეგადაც მიიღეს მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრამდე აქვს.

მისი გაშვება HIMARS-იდან ხდება. გაშვებისას ის საჭირო სიმაღლესა და ორბიტაზე ადის, რის შემდეგაც მას რაკეტა სცილდება, ბომბი კი GPS-ის მეშვეობით იწყებს პლანირებას და კურსის კორექტირებას.

მისი ჩამოგდება ამერიკელებმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს, რადგან მას შეუძლია ყველა წინაღობას შემოუფრინოს და ხშირად იცვლის ფრენის მიმართულებას. ცდომილება კი 1 მეტრზე ნაკლები აქვს, რაც მას კიდევ უფრო საშიშსა და სახიფათოს ხდის.

თავად რუსი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ეს რაკეტა რუსებისთვის გერმანულ და ამერიკულ ტანკებზე ბევრად მეტ პრობლემას შექმნის, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.

ამჟამად რუსების მთავარი სამხედრო საწყობები, სამეთაურო პუნქტები და სხვა სტრატეგიული ობიექტები ფრონტის ხაზიდან 70 კილომეტრში, ან კიდევ უფრო შორს აქვთ განთავსებული, სადაც HIMARS-ით უკრაინელები შეტევებს ვერ ახორციელებენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკა უკრაინას GLSDB ტიპის რაკეტებს გადასცემს, რუსეთს მოუწევს საკუთარი სამხედრო წერტილების ფრონტიდან კიდევ უფრო შორს, დამატებით 80 კილომეტრით სიღრმეში გადატანა, რაც თავისთავად დიდ დროს, ენერგიასა და სხვადასხვა პრობლემებს უკავშიდდება.

ეს ყველაფერი ლოჯისტიკასაც ართულებს, რადგან თუ დღესდღეობით რუსული საფრონტო არტილერია ჭურვებსა სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობას მისი განთავსების ადგილიდან 50-70 კილომეტრში მდებარე საწყობიდან იღებს, ახლა ეს დისტანცია 13-150 კილომეტრამდე გაიზრდება.

ყველაფერთან ერთად, რუსებისთვის ამჟამინდელი „უსაფრთხო და დაცული ზურგი" ათეული კილომეტრით უკან გადაიწევს და ტერიტორიები, რომლებიც აქამდე უსაფრთხოდ ითვლება, პრაქტიკულად ფრონტისპირა ზონებად გადაიქცევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელებს შეიარაღებაში აქვთ კიდევ უფრო შორს, 300 კმ რადიუსში მოქმედი რაკეტები ATAMS, რომელთა გაშვებაც ასევე HIMARS-ებით ხდება, თუმცა, ჯერჯერობით თავს იკავებენ უკრაინისათვის მისი გადაცემისაგან. ამ რაკეტების მოქმედების არეალუ უკვე მთლიანად ფარავს ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ტერიტორიასაც წვდება.

ყირიმის დაბრუნების დასაწყისი?

რუსეთში ატეხილ ისტერიასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთს მართლაც აქვს ნერვიულობის მიზეზი, რადგან გაზაფხულზე უკრაინამ კონტრშეტევა დააანონსა, რისთვისაც შორს მოქმედ რაკეტებს აუცილებლად გამოიყენებენ.

„პირველ რიგში ეს რაკეტები წვდებიან ოკუპირებულ ყირიმს და ასევე გასათვალისიწნებელია, რომ საუბარია ძალიან მძლავრ რაკეტებზე, რომლებიც უკრაინას გაზაფხულის კონტრშეტევებისთვის აუცილებლად დასჭირდება.

„რუსეთს სერიოზული შიში აქვს, რადგან ყირიმი მათთვის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრია და უკრაინის მხრიდან მასზე იერიშის მიტანას პოლიტიკური შედეგიც ექნება - ეს თავისთავად ნიშნავს, რომ უკრაინა ოკუპირებული ყირიმის დაბრუნებას იწყებს.

„რაც შეეხება შეთანხმების დარღვევას, ჩემი ინფორმაციით, აშშ-სა და რუსეთს შორის არანაირი ოფიციალური შეთანხმება არ დადებულა უკრაინისთვის შორს სამოქმედო რაკეტების გადაცემის თაობაზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×