ნაზი ბერიძე
06.02.2023

 პარტიის „საქართველოსთვის" რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს 30 დღის განმავლობაშ ტურისტული მიზნით საქართველოში უვიზოდ შეეძლებათ ყოფნა, თუმცა, სხვა შემთხვევაში მათთვის ვიზა აუცილებელი იქნება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამას დაუფიქრებელ ნაბიჯად გადაწყვეტს, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან დადებითადაც არ შეფასდეს.

პარტიის პოზიციის შესახებ განცხადება ორშაბათს დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა „პალიტრანიუსის" ეთერში.

„ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით", - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე ცნობით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომიკური ინტერესი დაკმაყოფილდება, თუმცა, როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, „სხვა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ვიზა".

ანა ბუჩუკურის განცხადებას აჩქარებულ გადაწყვეტილებად აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება შეიძლება სულ სხვა კონტექსტში იქნას გაგებული, მაგლითად, როგორც რუსული არმიის სამობილიზაციო პოტენციალის გაზრდის ერთ-ერთი საშუალება.

„დასაფიქრებელი ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიკოსებს ეჩქარებათ ხოლმე ინიციატივების წარდგენა. ლაპარაკია იმ რუს ახალგაზრდებზე, რომლებიც წესით უნდა წავიდნენ საომრად უკრაინაში, არ უნდათ ომში მონაწილეობა და ამიტომ მორბიან საქართველოში. ასეთია ზოგადი სქემა. მაგრამ თუ საქართველო ბარიერს დააწესებს ამ ადამიანებისთვის, შეიძლება გამოვიდეს პრობლემა და ვიღაცამ მოითხოვოს საქართველოსგან, თუ რატომ შეცვალა რეჟიმი. ვინმემ შეიძლება კუდი მოაბას, რომ ამით პუტინს მისი არმიის შევსების საშუალებას ვაძლევთ და ეს შეიძლება გვისაყვედუროს, ვთქვათ, უკრაინულმა მხარემ", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რამდენად განხორციელდება აღნიშნული რეზოლუცია და რა პერსპექტივები აქვს მას, რამაზ საყვარელიძე რეზონანსთან საუბარში აღნიშნავს რომ ეს ერთგვარი პოპულარობის მოპოვების ინიციატივაა და საერთოდ არ შეიძლება პოლიტიკურად სწორი იყოს.

„არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ამ ინიციატივას ის ქვეტექსტი აქვს, რომ ეს პოპულარული იქნება ხალხში. პოპულარობის საკითხი რომ არ იდგეს, შეიტანდა თუ არა ეს პარტია ამ კანონპროექტს, კიდევ საკითხავია. შეიძლება სხვა პოლიტიკოსებმაც, პოპულარობის მსურველებმა, ინიციატივა გამოიჩინონ და იძახონ მისაღებიაო. ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მერე ყველაფერი იქნება ასე და ეს დამოკიდებულება რაიმე საფრთხეს არ გააჩენს", - აღნიშნავს საყვარელიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×