რეზონანსი
06.02.2023

ენმ-ის ყრილობაზე კვირას მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პარტიაში დიდი აჟიოტაჟი და შიდა დაპირისპირების გაღრმავება გამოიწვია. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ახალი პოლიტსაბჭოა. პარტიის ახალი ხელმძღვანელობის ოპონენტები მიუთითებენ, რომ ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა მარტში დაგეგმილ ყრილობაზე ისედაც უნდა მომხდარიყო. 5 თებერვალს საბჭოს ახალი შემადგენლობის გამოცხადება კი, მათი შეფასებით, პარტიაშ არჩევითობის პრინციპს საერთოდ არღვევს. ანალიტიკოსთა ნაწილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ენმ-ში, პრაქტიკულად, შიდა პარტიული გადატრიალება და არჩევნებში გამარჯვებული ჯგუფის მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია მოხდა.

წინასწარ ცნობილი იყო, 5 თებერვლის ყრილობას მხოლოდ ტექნიკური მნიშვნელობა ჰქონდა და მასზე ფორმალურად უნდა დაემტკიცებინათ პარტიის ახალ თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი. თუმცა, ყრილობაზე პარტიული თანამდებობების ხელახალმა განაწილებამ და ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გამოცხადება ენმ-ის წევრთა ნაწილის პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია.

განსაკუთრებით მკვეთღი განცხადებები გააკეთეს პარტიის ყოფილმა თავჯდომარე ნიკა მელიამ და აკაკი მინაშვილმა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ახალ პოლიტსაბჭოში შეყვანილთა ნაწილს ამის შესახებ წინასწარ არც კი აცნობეს, რის გამოც ზოგიერთმა მათგანმა პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი თქვა.

მძაფრი რეაქცია ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გამოცხადებაზე

პარტიის რიგით მეათე ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი კი - ლევან ბეჟაშვილი.

„პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა“, - აღნიშნავს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ყრილობას არ ესწრებოდნენ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მელია პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოგვიანებით „ფეისბუქ“ პოსტით გამოეხმაურა. როგორც იგი წერს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა და „გაუქმდა ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით“ ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების „ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა“. 

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ.

„გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა; ისე, რომ „ტექნიკური ყრილობის“ მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ, კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს, დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება....“, - წერს მელია.  

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი პარტიის მიერ დამტკიცებულ პოლიტსაბჭოს „ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბს“ უწოდებს და მის წევრობაზე უარს აცხადებს. მინაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის ყრილობაზე დამტკიცებულ პოლიტიკურ საბჭოს ლეგიტიმაცია ნულის ტოლია.

მინაშვილის თქმით, ახალმა მენეჯმენტმა რამდენიმე დღეში გათელა ფეხქვეშ როგორც საკუთარი დაპირებები, ისე დემოკრატიულობის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა.

„ეს რა ვნახეთ - მარტის ნაცვლად პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე წერს „ფეისბუქში“.

მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში ეწურებოდა და მიაჩნია, რომ წევრები ელექტრონული მეთოდით უნდა აერჩიათ.

გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა მელიას კიდევ ერთმა თანამოაზრემ - პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, რომელიც, არჩევნებზე მელიას გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალურ მდივნად განიხილებოდა.

„ეს შიდა პარტიული გადატრიალების დასასრულია...“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სასწრაფო წესით მოწვეული ყრილობით და 5 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებებით, ფაქტიურად, ენმ-ში შიდა გადატრიალების პროცესი დასრულდა და პარტიაზეც და მათ შორის პოლიტსაბჭოზეც, „კონტროლი იმ დაჯგუფებამ აიღო, ვინც ხაბეიშილი თავმჯდომარედ მოიყვანა“

„როცა ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები სასწრაფო წესით დაინიშნა, ეს უკვე გადატრიალების დასაწყისი იყო, ამ სასწრაფო წესით მოწვეული ყრილობით კი გადატრიალების პროცესი შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა. ანუ პარტიაზე და მათ შორის პოლიტსაბჭოზეც სრული კონტროლი უკვე იმ დაჯგუფებამ აიღო, ვინც ხაბეიშვილი თავმჯომარედ მოიყვანა. ამაში მოიაზრება მერაბიშვილი და კეზერაშვილი, თუმცა მგონია, რომ ამის უკან არა მხოლოდ ეს ორი პერსონა, არამედ სააკაშვილის ოჯახიც დგას და არ გამოვრიცხავ, რომ იდგნენ გარკვეული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. 

„არჩვნების პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა - 8 274-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა ხმა ვერ, ან არ მისცა, ყოველ შემთხვევაში კიხვები არსებობდა, მაგრამ მელიამ და მისმა მომხრეებმა სიტუაცია არ გაამწვავეს და გამარჯვებულს მიულოცეს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ხაბეიშვილის დაჯგუფებამ მიიჩნიეს, რომ მელია და მისი ჯგუფი პარტიაში ერთგვარი ტროას ცხენის როლს შეასრულება და ამიტომაც გადაწყვიტეს ველი მოესუფთავებინათ და პოლიტსაბჭო ძირითადად იმ ხალხით დააკომპლექტეს, რომლებშიც აბსოლუტურად დარწმუნებული არიან და იციან, რომ მათი გეგმების შესრულებაში არანაირ წინაღობას არ შეუქმნიან. 

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ყველაფრის მერე ნიკანორ მელიას პარტიაში დარჩენის არანაირი მოტივაცია წესით არ უნდა ჰქონდეს. მას მერე, რაც პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და ა.შ., მას უკვე სრული საფუძველი აქვს განაცხადოს, რომ მას პარტიაში ყოფნა შეუძლებალდ მიაჩნია. თუმცა, მეორე საკითხია თუ სად წავა, ეყოფათ კი მას და მის მომხრეებს რესურსები, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე იზრუნონ?! 

„შესაძლებელია, რომ რეიტინგის გამო მელიამ წასვლისგან თავი შიკავოს, რადგან თუკი მიდიხარ, მაშინ რაღაც პლაცდარმი უნდა გქონდეს, რომ რაღაც ახლის დაწყება შეძლო. ბოკერიას დაჯგუფება წავიდა და ცოტა უფრო ინტელექტუალური რესურსი წაიყოლა და რა? 

„მელიას ეს და სხვა მაგალითები აქვს და სასწორის მეორე მხარეზე დევს ის, რამაც შესაძლოა  გადაწყვეტილებაზე დააფიქროს, საკუთარ თავმოყვარეობას და პრესტიჟს ფეხი დააბიჯოს და პარტიაში დარჩენა გადაწყვიტოს უკეთეს დრომდე, ვიდრე ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერების გუნდი ბოლომდე დისკრედიტაციას არ განიცდის და მერე ბედი ხელახლა სცადოს. 

„ის, რაც პარტიაში ხდება, ენმ-ს ასუსტებს და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგოც ახლა მიდის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ენმ დაუძლურებული და დაძაბუნებული შეხვდება როგორც პოლიტიკურად, ისე ელექტორალურად“, - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.

რამდენად ქმედითუნარიანი ინება ახალი პოლიტსაბჭო 

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესიორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ რამდენად ქმედითუნარიანი იქნება საბჭო, ამას დრო აჩვენებს, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭო კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვოს.

„რამდენად ქმედითუნარიანი იქნება პოლიტსაბჭოს ეს შემადგენლობა, გამოჩნდება. ერთია, რომ პრობლემა იყო პოლიტსაბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით. იქ ნიკა მელია და რიგი მისი მომხრეები, მაგალითად, აკო მინაშვილი, ყრილობას არ ესწრებოდნენ, მაგრამ თუ შემადგენლობაში ინტელექტუალი ადამიანები იქნებიან, ქმედითუნარიანი იქნება. 

„სჯობდა, რომ ახალ შემადგენლობაზე ინფორმაცია ყველას ჰქონოდა და ყველასთან შეთანხმებული ყოფილიყო. ჩემი აზრით, ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იმ პირების შეყვანით, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა, შესაძლოა საზოგადოებისთვის იმის ჩვენება სურდათ, რომ პარტია ერთიანია, მაგრამ, როგორც დავინახეთ, პრობლემები შეიქმნა“, -განახადა ჩიტაძემ. 

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა კიდევ დატოვონ, მაგალითად ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადადგა, ჩიტაძემ განახადა, რომ არაფერი არაა გამორიცხული. 

„შესაძლოა გამოეყვნენ, ყვლაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, თუ პოლიტსაბჭოს წევრების ჩანაცვლება მოხდება სხვა კომპეტენტური ადამიანებით, რა თქმა უნდა პოლიტსაბჭო და მთლიანად პოლიტრიკური პარტია საქმიანობას გააგრძელებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×