„ჩემი თანაპარტიელები ბანაკებად რომ არიან და მუდმივად თავდასხმას რომ ცდილობენ მათსავე პარტიაზე, მე ეს არ მომწონს, გულს მტკენს“
ელზა პაპოშვილი
16.03.2023

„ნაციონალურ მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს აქციის დაგეგმვას უკვე მოჰყვა უთანხმოება ოპოზიციაშიც და, როგორც ჩანს, თავად ენმ-შიც. პარტიის ლიდერთა ნაწილი აცხადებს, რომ ამ განცხადების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ. ხაბეიშვილი კი აღიარებს, რომ ენმ-ის წევრთა გარკვეული ნაწილი თავადვე ესხმის თავს საკუთარ პარტიას.

კიდევ ერთი თემა, რასაც პარტიაში დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებია. უკრაინულმა ტელეარხ „ფრიდომ ტვ“-სთან ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აცხადებს: 

„მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ. ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“. 

მერაბიშვილის ამ განცხადებას კრიტიკა თავად ენმ-შივე მოჰყვა, რის საპასუხოდაც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ვინმეს თუ ჰგონია, ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა.  

ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებებს და, მათ შორის, უნდა გაკეთდეს თუ არა პარტიის მხრიდან განცხადება ამ საკითხზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წევრები ლიდერების მხრიდან განმარტებას ითხოვენ.

„ვანო მერაბიშვილს კი არ ვეთანხმები, ვანო მერაბიშვილი დამეთანხმა, როცა წინა ადმინისტრაციის პირობებში პარტია იყო გასაძლიერებელი. მას დაეთანხმა პარტიის სრული უმრავლესობა. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, არაფერი შეიცვლებოდა. 

„წარსულს დავანებოთ თავი. ჩემი თანაპარტიელები ბანაკებად რომ არიან და მუდმივად თავდასხმას რომ ცდილობენ მათსავე პარტიაზე, მე ეს არ მომწონს, გულს მტკენს. საჯაროდაც ვეტყვი, მოდით, საქმეში ჩავერთოთ, საქმეში დახარჯეთ ენერგია, საქმეში ვიყოთ ერთად და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. 

„ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნა არავის აინტერესებს, ვიწრო ჯგუფის ინტერესების გარდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა. დრო პოლიტიკურად შეჭამს და ეს არ არის მათთვის კარგი. ჩემი მეგობრები არიან, მე მათ პატივს ვცემ, მათთან ერთად მიბრძოლია და ვიბრძოლებ. გათავისუფლდით ამ რაღაცებისგან, მთავარ, გენერალურ საქმეს მივხედოთ. ეს არის 9 აპრილს. შევხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, ეს არ არის ერთი პარტიის ინტერესი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

რატომ 9 აპრილი და რას ცდილობს ხაბეიშვილი   

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი ყოველი საჯარო გამოსვლა მას ცუდ განწყობაზე აყენებს.

„ლევან ხახბეიშვილს სურს 7-8 მარტს ქუჩაში გამოსული ხალხის ენერგია გამოიყენოს, წინ ჩაუდგეს და ამ ძალის სათავეში მოექცეს, განცდა შექმნას, რომ ყველაფრის ავანგარდში ისევ „ნაციონალები“ არიან. არადა რეალურად ენმ აღარავის ახსოვს. იმედია, ხალხს კიდევ უფრო დაავიწყდება და მათ შორის „ოცნებასაც“. 

„ხელისუფლებას ახლა თავისი სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. სერიოზული დიდი პროექტი ჩაუვარდათ. მათ უნდოდათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება პირწმინდად მოეწმინდათ და არჩევნებზე ისე გასულიყვნენ, რომ კონტორლიორი არავინ ყოლოდათ. „ოცნებაში“ საგონებელში არიან და ხაბეიშვილისთვის ახლა რეალურად არც არავის სცალია. 

„თანაც ამ ახალგაზრდა კაცს არანაირი  გამოცდილება არ აქვს. უბრალოდ იმპულსურად რაც თავში მოუვა, იმას აკეთებს. ამის გამო კი ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია. პარტიასაც კიდევ უფრო აზიანებს, რადგანაც პარტია ისედაც სულს ღაფავს. ამ უაზრო განცხადებებით ენმ-ს ხმებს კდევ უფრო აკარგვინებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, აქციისათვის 9 აპრილის არჩევაც ძალიან სამარცხვინოა, რადგან ეს ქართველი ხალხის გამაერთიანებლის ბრძოლის თარიღია, მას სხვა დატვირთვა და სენტიმენტები აქვს ჩვენს მოსახლეობაში. ამიტომაც ზაქარეიშვილი ხაბეიშვილს არ ურჩევს ამ თარიღს ეთამაშოს, როგორც თავის საკუთრებას.

„საზოგადოება 9 აპრილს რუსთაველზე მივა, მაგრამ ეს ხაბეიშვილის დაძახების გამო არ მოხდება. ეს იქნება გლოვის და გახსენების დღე, როცა ქართველმა ხალხმა სისხლიანი რეჟიმის, რუსეთის წინააღმდეგ სისხლი დაღვარა. 

„ხაბეიშვილს უნდა სათავეში ჩაუდგეს არარსებულ პროექტს. იმედია, ქართული საზოგადოება გააგებინებს, რომ მისი ადგილი იქ არ არის.

„პოლიტკურ ელიტაში ძირითადად ორი კონცეფცია გამოიკვეთა. ერთი, მაგალითად ბოკერია, ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისგან არაფერი გამოვა, ის ამ (ევროკავშირის) რეკომენდაციებს არ შეასრულებს და უნდა წავიდეს. მეორე ნაიწლი კი, რომელთა აზრსაც მე ვიზიარებ, ამბობს, რომ სჯობს ეს რეკომენდაციები „ოცნებამ“ შეასრულოს და მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. 

„საქმე კი ისაა, რომ როგორც კი ხალხს ხელისუფლების  გადაყენებისკენ მოვუწოდებთ, ისინი ამას უფთხიან არა იმიტომ, რომ ვინმეს „ოცნება“ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივას ვერ ხედავენ. ამიტომაცაა ხელისუფლება ახლა ასე შეშინებული, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს და ყველაფერს დათმობს. ამიტომ სჯობს, რომ ყველა ამ ხაზს გავყვეთ და „ოცნებას“ ამ პუნქტების შესრულება ვაიძულოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

„უფრო ხმაურიანი, მაგრამ უშედეგო...“

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი თავის გადაწყვეტილებებშიც კი მარტოა, რადგან მას ამაზე ინფორმაცია პარტიის ნაწილისთვისაც კი არ მოუწოდებია. ამიტომ საყვარელიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ აქცია მხოლოდ ხაბეიშვილის პირადი ინიციატივაა, რათა პოლიტიკური პროცესების ავანგარდში იყოს.   

„ლევან ხაბეიშვილი უფრო ხმაურიანი თავმჯდომარეა, ვიდრე წინა იყო, მაგრამ ამ ხმაურის შედეგი, დიდად განსხვავებული არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილის ფონზე მითუმეტეს გაუჭირდება ხალხის მობილიზება. 

„რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს მოსახლეობაში 7-8 მარტის განწობა და ტემპი არ განელდეს და ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. როცა ხალხის ქუჩაში გამოყვანა პოლიტიკური ლიდერისგან უშედეგოა, მერე უკვე წამგებიანი ფიგურა ხდება ის ადამიანი, რომელიც ბევრჯერ ცდილობს და ვერ ახერხებს. ასეთი ფგურის როლში შეიძლება ლევან ხაბეიშვილი ვიხილოთ. 

„ხაბეიშვილს რამის თავი რომ ჰონდეს, მიხეილ სააკაშვილის გამოხსნასაც იქადნიდა, მაგრამ რამდენი კაცი გამოიყვანა ქუჩაში, დავინახეთ. მართალია, ევროკავშირის თემა ჩვენს მოსახლეობაში ძალიან მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ მათ ქუჩაში ამ თემაზე გამოსასვლელად ლევან ხაბეიშვილის დაძახება არ სჭირდებათ. თუ ამას ხალხი გადაწყვეტს, მის გარეშეც რომ გამოდიან, ეს 7-8 მარტის მოვლენებმაც აჩვენა. 

„მეორეც, ოპოზიციაშიც გაუგებრობაა. ზოგი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, ზოგი ამბობს, რომ ეს დიდი შეცდომაა. ამიტომ, ამ დაბნეულობის ფონზე, ხალხი ხაბეიშვილს კი არა, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს არ მიჰყვება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×