თამთა ჩაჩანიძე
17.03.2023

„ოცნება" და ენმ ერთმანეთის მეტოქეები არიან და რამდენადაც ერთი წააგებს, იმდენად მეორე მოიგებს. წამგებიანი იყო როგორც ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნების პროცესი, ისე პოლიტიკურ ჰორიზონტზე მერაბიშვილისა და კეზერაშვილის გამოჩენა და ხაბეიშვილის არჩევა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ,,ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, კეზერაშვილი არის „ოცნების" ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც „აჩუქა" ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებით, ლევან ხაბეიშვილის მოგებით, და ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ფიგურების წინა პლანზე წამოწევით, ენმ-ს ამომრჩეველი ძალიან დაბნეულია.

„ახლა სააკაშვილი ფიზიკურად და პოლიტიკურად დასუსტებული ფიგურაა, მერაბიშვილისთვის კი მისი ადგილის დაკავება უკვე ხელსაყრელი ვარიანტია. აგერ კაცი იძახის, რომ მოვაწყოთ გადატრიალება-დესტაბილიზაციაო. ფაქტიურად ამბობს, რომ უკრაინის მხარეს ომში უნდა ჩავერთოთ და ბუნებრივია, ეს იდეები მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმ 80%-ს არ მოეწონება, რომლისთვისაც ომში ჩართვა მიუღებელია.

„წესით ენმ-ს ამომრჩეველი საერთოდ ძალიან დაბნეული უნდა იყოს - ჯერ პარტიის თავმჯდომარის ადგილისთვის დაპირისპირება მოხდა, მელიასაც უდავოდ თავისი გულშემატკივრები ჰყავდა. ამასთან, ხაბეიშვილის ფიგურამაც ბევრი საინტერესო რაღაცეების გაკეთება მოახერხა. ხაბეიშვილმა გამოაცხადა, ამ ხალხს ქვეყანა აინტერესებს, თორემ პარტიები ფეხებზე ჰკიდიათო, რასაც ბევრი ამომრჩეველი ეთანხმება.

„პოლიტიკა მეტოქეობას ნიშნავს, „ოცნება" და ენმ ერთმანეთის მეტოქეები არიან და რამდენადაც ერთი წააგებს, იმდენად მეორე მოიგებს, წამგებიანი იყო, როგორც ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნების პროცესი, ისე პოლიტიკურ ჰორიზონტზე მერაბიშვილისა და კეზერაშვილის გამოჩენა, და ხაბეიშვილის არჩევა", - განაცხადა რამაზ სავარელიძემ „რეზონანსთან".

ის ეთანხმება კობახიძის განცხადებას, კეზერაშვილის „სეკრეტ სანტაობაზე".

„ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის ნაცმოძრაობის რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ ამ დაახლოებით 30%-იანი რესურსის შენარჩუნებას, ვნახოთ", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ფიქრობს, რომ ძნელად წარმოსადგენია, „ნაცმოძრაობამ" შეძლოს, თუნდაც 30%-იანი ნდობის შენარჩუნება კეზერაშვილის, მერაბიშვილის და ხაბეიშვილის რეპუტაციიდან გამომდინარე.

,,რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი; 26 მაისი ავტორი, იმედში შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×