თამთა ჩაჩანიძე
17.03.2023

თბილისში, მთვარობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის შორის შეხვედრა შედგა, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლზეც.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

„მთავრობის მეთაურმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

„შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორის მოადგილე ჯასტინ ჯეიმს მაკენზი სმიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ",- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჯეიმს კლევერლი ქართველ კოლეგას ილია დარჩიასვილსაც შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

„რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო," - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯეიმს კლევერლი საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად".

„ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, მაგრამ ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რაც მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც ასევე ეხმიანება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ დინამიკას. კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას ჩვენს რეგიონში. როგორც იცით, იანვარში პატივი მქონდა ორმხრივი ვიზიტით ვწვეოდი ლონდონს და ჩემს კოლეგასთან განგვეხილა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„დღეს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი, რაც დაფუძნებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე. ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, ბრიტანეთის ძალისხმევა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში. ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში განსაკუთრებით ვაფასებთ ლონდონის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მედეგობის გაძლიერების მიმართულებით.

„აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. გავცვალეთ ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გაწეული აქტიური ძალისხმევის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები. სახელმწიფო მდივანი დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვევა და საკუთარი თვალით იხილავს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ბრიტანელ კოლეგასთან შედგა გულწრფელი და ამომწურავი საუბარი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს უპირობო მხარდაჭერის შეუქცევადობა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ჯეიმს კლევერლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოსაც ეწვია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

„შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სოფიო ქაცარავა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ღიბრაძე", - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინმფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×