ბაჩანა ტყემალაძე
21.03.2023

აფხაზური „ტელეგრამ" არხები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სოჭიდან აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი, „ს-300"-ები გადააქვთ. სოხციალურ ქსელებში ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც ვრცელდება. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ეს გადაადგილება საქართველოს დასაშინებლად ხდება.

ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ სამიზნის სხვადასხვა სიმაღლეზე, 75-200 კილომეტრში განადგურება და იგი შექმნილია დიდი სამრეწველო, თუ ადმინისტრაციული ობიექტების, სამხედრო ბაზებისა და სამეთაურო პუნქტების საჰაერო კოსმოსური შეტევებისგან დასაცავად.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარში ამბობს, რომ რუსებს შესაძლოა ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები აფხაზეთსი გადმოეტანა როგორც საქართველოსთვის საფრთხის შესაქმნელად, რადგან, მისი თქმით, ამ სისტემებით სახმელეთო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაც შესაძლებელია, ისე აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზების უკრაინული დრონებისგან დასაცავად, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული შეიარაღება ინახება.

„შემიძლია გითხრათ, რომ „ს-300"-ებს აქვთ როგორც თავდაცვითი ფუნქცია, ისე თავდასხმითი. ანუ მათ შეუძლიათ დარტყმითი შეტევების განხორციელება. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით რთულია მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ მოუნდა მოსკოვს სოჭიდან აფხაზეთში ამ ტიპის სისტემების გადმოტანა.

„შესაძლებელია, რომ ისინი ამით ცდილობენ საქართველოს გარკვეულწილად საფრთხე შეუქმნან. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ პუტინს შავ ზღვაზე კონტროლის გამყარება სურს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაკლებმა ამერიკულმა დრონებმა იფრინონ.

„აგრეთვე არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავდაცვის სისტემები, აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზების უკრაინული დრონებისგან თავის დასაცავად გადმოეტანათ, რადგან უკვე არაერთხელ ვნახეთ, რომ უკრაინას შეუძლია შორ დისტანციაზე დრონით შეტევის განხორციელება. მეტიც, გეტყვით, რომ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკრაინული დრონების შესაძლო შეტევასაც განიხილავდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კრემლი მათ დიდ საფრთხედ მიიჩნევს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×