ნაზი ბერიძე
22.03.2023

ხატია დეკანოიძე არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს პარლამენტოს ბოიკოტი. მასა და პარტიის ახალ ხელმძღვანელობას შორის მიუღებლობამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ თავადვე ადასტურებს, რომ წასვლაზე ფიქრობს. ნათელია, რომ ახალ მენეჯმენტთან პარტიის ბევრი ცნობადი სახის შეუთავსებლობა ღრმავდება და შეიძლება პარტია ნატურალური განხეთქილების პირას მიიყვანოს.

„გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა," - თქვა დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში".

მას პარტიის დატოვებას ურჩევს „ლელოს" ამჟამინდელი და ენმ-ის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილიც. თავად დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიიდან წასვლაზე „ნაფიქრი აქვს".

„ჩემი მხრიდან თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება..." - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ბოიკოტზე კოლეგებთან მძიმე საუბრები ჰქონდა.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა ხანდახან ვიმუშაოთ იმ ატმოსფეროში, რომელიც არ მოგვწონს, ამიტომ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს „ნაციონალური მოძრაობა". მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მქონდა, მათ შორის, მძიმე საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი", - განაცხადა დეკანოიძემ.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხატია დეკანოიძე სავარაუდოდ მანდატს არ დატოვებს და თუ პარტიას დატოვებს, დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას.

„თუკი მასა და პარტიას შორის გაგება ნაკლებადაა, ერთი მეორისა არ ესმით, მაშინ ფრაქციაში მის ყოფნას აზრი არა აქვს, მეორეს მხრივ თუკი დეკანოიძე ოპოზიციონერია, იქნება ოპოზიციონერი რიგითი დეპუტატი პარლამენტში, როგორც არის თეონა აქუბარდია.

„ხშირი პრაქტიკაა, ადრეც გვქონია ასეთი შემთხვევები, იყვნენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც ინდივიდუალურად მოქმედებდნენ და პრინციპში გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ქმედითუნარიანობა, შედეგიანობა მეტია, როცა მთლიანად პარტია მოქმედებს, მაგრამ რახან პარტიას ეგრე უნდა, რომ გაიბუტოს, მაინც ვერ იქნება ის შედეგიანი.

„თუკი ხატია დეკანოიძე ბოიკოტს არ უჭერს მხარს, ის მხარს უჭერს საპარლამენტო დონეზე ოპოზიციურ მუშაობას. თუ მაგას უჭერს მხარს, მაშინ მანდატის დატოვება არალოგიკური იქნება, იმიტომ რომ ბოიკოტის ფორმაა, მანდატის დატოვება," - ამბობს საყვარელიძე.

„დატოვებენ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის სხვა წევრები, ამ პროგნოზის გაკეთება რთულია. რთულია ქართული პოლიტიკური მოქმედების პროგნოზი. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არ დატოვებენ, ბოიკოტს არ გამოაცხადებენ და რაღაც ნორმალურ, ევროპული სტილის საპარლამენტო ცხოვრებით დაიწყებენ ცხოვრებას.

„რაც ზედაპირზე ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ ფენასაც ეტყობა, ის საერთოდ პოლიტიკასთან შეუთავსებელია, და რაც მთავარია მათსავე წარსულთან შეუთავსებელია იმ მხრივ, რომ 11 წლის განმავლობაში ნახეს, რომ ასეთი ჭიდაობის, ბოიკოტის, გაბუტვის ხერხების გამოყენებით ვერაფერს ვერ აღწევენ. თუ ისევ აგრძელებენ ამ მოქმედებას ლიდერების დონეზე, მორიგი შეცდომაა," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×