ბაჩანა ტყემალაძე
23.03.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენლობის გარანტიების მოპოვებით ხედავს, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების" დელიმიტაციის პორცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე, ვიორელ მოშანუ.

დიპლომატი და ანალიტიკოსი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან მსგავსი განცხადება, მარტივად რომ ვთქვათ, პროვოკაციაა, რომელზეც საქართველო არ უნდა წამოეგოს, რადგან უკვე ისინი ღიად ითხოვენ, რომ ჩვენმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დე ფაქტო სახელმწიფოების დამოუკიდებლობა აღიაროს.

„პირველ რიგში, ძალის გამოუყენლობის გარანტიები საქართველომ ძალიან დიდი ხნის წინ გასცა, რადგან თბილისში მთავრობა და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით და დიალოგის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ და არა კიდევ მეტი სისხლისღვრითა და ომით.

აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ეს პირდაპირი პროვოკაციაა - ეს მოთხოვნაა ორი მხრიდან შეთანხმების თაობაზე, რომ საქართველომ ამ ტერიტორიების დაკარგვა ოფიციალურად აღიაროს, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოხდეს.

ის სიტუაცია, რაც ახლა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში გვაქვს, არის რუსული ოკუპაციის და აგრესიის შედეგი, საქართველოსთვის კი ეს რეგიონები ითვლება დროებით ჩვენი კონტროლიდან გასულ ტერიტორიებად, რომელიც ძალის გამოყენებით დავკარგეთ.

ჩემი აზრით, საქართველოს პოზიცია არ შეიცვლება პროვოკაციების მიუხედავად, რადგან შეუძლებელია ჩვენი ქვეყანა დათანხმდეს საზღვრის გავლებას ცხინვალთან და აფხაზეთთან", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×