თამთა ჩაჩანიძე
24.03.2023

დღეს ჩვენი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე იმყოფება და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

მან დარბაზში მყოფ დეპუტატებს და საქართველოს მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დღეს მთელს მსოფლიოში ვითარება ურთულესია, უკრაინაში მიმდინარე ომს კი მისი თქმით, პირდაპირი გავლენა აქვს, როგორც საქართველოზე, ისე გლობალურ წესრიგზე.

„მინდა, მოკლედ გითხრათ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ყველა ვადევნებთ თვალს, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენ ქვეყანაზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი: 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია და მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები. ექსპერტების დათვლით, ზარალი შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს გადაქცეულია პოლიგონად. ასევე, გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონ უკრაინელმა მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, რაც, რა თქმა უნდა, ურთულესი გამოწვევაა, ეს არის ტრაგედია. ამ სიტუაციას ყოველდღიური გაანალიზება სჭირდება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა „ომისთვის განწყობილი არაა". მანვე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის არაერთი მცდელობა იყო.

„მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო საზოგადოებას - ომის დაწყების დღიდან და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. ფრაზა „მეორე ფრონტი" უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან გაჟღერდა. ბატონი დანილოვი გამოვიდა და განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი და ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი. აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგი უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი იმ გამოსვლის, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ამის შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.

„ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას შეუერთდებოდა და საქართველოს ჩართავდა ომში. შეგახსენებთ გამონათქვამს ვანო მერაბიშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველია. ის უკრაინულ არხზე რუსულ ენაზე საუბრობდა და თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის მტკიცებულებები, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და ე.წ. მეორე პოლიგონის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი არაა, არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს. ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერაა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში მოდის მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან და გეგმებთან. ქალბატონმა თეონამ [აქუბარდიამ] მომიწოდა, არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე - მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. ამას არ ვაპირებ, პირიქით - მინდა ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო და კითხვები დაგისვათ თქვენ, სად დგახართ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი რევოლუციის მოწყობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო. როგორც მან პარლამენტში, ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ეს გეგმა ჩაუვარდა და შიდა დაგარე მტრებმა წააგეს.

„უკანონოდ შემოსული და შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, მისი მიამიტური გათვლებით. აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი უყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელმაც რამდენიმე თვით გადაიწია რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია.

„ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედ საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნა, ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×