ელზა პაპოშვილი
26.03.2023

25 მარტს ახალი სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი ფიგურანტები „პოსტივის“  დამფუძნებელი და მთავარი სახე შალვა რამიშვილი, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნათია ბერიძე, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა და ენმ-ის სამდივნოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და ჟურნალისტი თათია სამხარაძე არიან. ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მოვლენების კულმინაცია კი შაბათს თბილისში, სამხარაძის საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„პოსტივის“ ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ მის ირგვლივ ბოლო დროს დაწყებული კამანია, სადაც მას თათია სამხარაძესთან ერთად, რამდენიმე ქალი სექსუალურ  შევიწროვებაში ადანაშაულებს, დავით კეზერაშვილის მიერ არის დაფინანსებული. ამისთვის კი საკუთარ ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს იყენებს, რომელსაც მისი ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე ეხმარება. ამ კამპანიის მთავარ მიზეზად კი იგი „პოსტივის“ მზარდ რეიტინგს ასახელებს. მისი შეფასებით, სამხარაძისა და ჩიქოვანის კონსპირაციული შეხვედრა თბილისში სწორედ ამის დასტურია.

მისი ოპონენტების შეფასებით კი, 25 მარტს მომხდარი ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ „პოსტივის“ საშუალებით გამხორციელებული პროვოკაცია, რომელსაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა - შაბათს საღამოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დაგეგმილი იყო შალვა რამიშვილის მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერის გაშვება და „პოსტივი“ შეეცადა ცრუ დასმენითა და ახალი სკანდალის აგორებით გადაეფარა ეს ყველაფერი.

რა მოხდა 25 მარტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, 25 მარტს, ღამის განმავლობაში, საპარტულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფოო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში „პოსტივის“ ჟურნალისტ ნათია ბერიძისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და სავარუდო დანაშაული ხდებოდა. ბერიძემ განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად, დაკავებულიც არავინაა. 

დიმიტრი ჩიქოვანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. საგამოძიებო მოქმედებების დროს ადგილზე მივიდნენ ადვოკატები და „ნაციონალური მორაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი. ისინი მომხდარს პროვოკაციას უწოდებდნენ.

2016 წელს თათია სამხარაძემ „პოსტივის“ ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. შალვა რამიშვილი მაშინ სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა, თუმცა 2019 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შალვა რამიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

რაც შეეხება ნათია ბერიძეს, ის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს, ნიკა მელიას საქმეში პროკურატურის „ოქროს მოწმე“ იყო. ის  ერთ-ერთ მედია პლატფორმას წარმოადგენდა, რომელიც, მელიას დაცვის მხარის მტკიცებით, კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო სააგენტო იყო. ბერიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციაზე ნიკა მელია ხალხს პარლამენტშ შეჭრისა და ახალი „ვარდების რევოლუციისაკენ“ მოუწოდებდა და მას ამის დამადასტურებელი უწყვეტი ვიდეო ჩანაწერი ჰქონდა. 

„პოსტივის“ ვერსია

ტელეკომპანია „პოსტივის“ მტკიცებით კი, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას,  დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს თბილისში, წერეთელზე კონსპირაციული შეხვედრა ჰქონდათ. მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გვიან ღამით, წერეთლის #67-ში, ჩიქოვანი და  სამხარაძე საიდუმლო შეხვედრას მართავდნენ. 

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძის მიერ რამიშვილის მიმართ ხელახლა წამოწყებული ცილისმწამებლური კამპანიის უკან, რომელსაც კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ქალი აჰყვა, დავით კეზერაშვილი იდგა, ხოლო კეზერაშვილი სწორედ ცოლის ძმის მეშვეობით აფინანსებდა ამ ცილისმწამებლურ კამპანიას და მათ შორის პირადად თათია სამხარაძესაც. 

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მათი ჟურნალისტი ნათია ბერიძე წერეთელზე მივიდა და კონსპირაციული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა. ადგილზე მისულებს კი წყარომ მიაწოდათ ინფორმაცია, რომ სამხარაძე შესაძლოა გატაცებული ყოფილიყო, რადგანმასსა და ჩიქოვანს შორის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მოხდა დაპირისპირება.

„პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადგილზე საპატრულო ჯგუფი გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი, ტელეკომპანიის მტკიცებით, სამხარაძე კარადაში იპოვა. ჟურნალისტი ნათია ბერიძე კი აცხადებს ჩიქოვანი მას ფიზიკურად გაუსოწრდა და როგორც ვიდეო კადრებიდანაც ჩანს, კართან ზურგით მდგარს თმაში რამდენჯერმე როგორ მოქაჩა.   

„ეს იყო ცრუ დასმენა და რეაგირება გვექნება“ - ჩიქოვანის პასუხი

თავად დიმიტრი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ეს იყო დავალება „ქართული ოცნებისგან“, რომელიც შეასრულა ნათია ბერიძემ. მისი თქმით, სანამ მის სახლთან სამართალდამცველების ეკიპაჟები გამოჩნდებოდა, „პოსტივის“ ჟურნალისტი მის საცხოვრებელ კორპუსში უკვე მისული იყო და მეზობლებს ახალგაზრდა ქალის სავარაუდო გატაცებაზე უსვამდა კითხვებს.

ჩიქოვანი ამბობს, რომ „პოსტივის" წარმომადგენელი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასაც შეეცადა. რის შემდეგაც ბერიძემ პოლიციაში დარეკა. 

„პოსტივის“ ჟურნალისტის ცრუ დასმენაზე, რომელიც ალბათ შალვა რამიშვილმა, რომელიც ძალადობაში მრავალჯერ მხილებული ადამიანია, საკუთარი თავის „გასათეთრებლად“ თუ რა მიზნით არ ვიცი, დაგეგმეს ეს პროვოკაცია. გამოიყენეს მათ ხელში არსებული ყველა რესურსი და ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ პროვოკაციაში. უბრალოდ იყო ცრუ დასმენა და შემდეგ გაირკვა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ პროვოკაცია იყო. 

„ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის ნათქვამზე, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცველებამდე 2 საათით ადრე იყო მოსული ნათია ბერიძე, ცდილობდა ტყუილებით, რომ კარი გაგვეღო. მეზობლებიც შეაწუხა. საშინლად პროვოკატორობდა. ცრუ დასმენა განახორციელა პოლიციაში, ცილი დამწამა საკმაოდ მძიმე, გატაცების მულით და ამის შემდეგ ასე ჩაერთნენ სამართალდამცველები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია, სუსი, კრიმპოლი - ყველა იქ იყო. ეს იყო ცილისწამება, ცრუ დასმენა და მთელი პროვოკაცია აგებული იყო ამაზე. ჩემი და ჩემი ადვოკატების მხრიდან რეაგირება იქნება“, - ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.  

სამხარაძემ შესაძლოა სასამართლოში იჩივლოს

თათია სამხარაძე აცხადებს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია. მისი თქმით, 25 მარტს ტელეკომპანია „ფორმულას“ ანონსში იყო ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებდა, რომელიც ანანია გაჩეჩილაძემ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე. სწორედ ამის საპასუხოდ რამიშვილმა აღნიშნული პროვოკაცია მოაწყო. 

„ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი. მის „კასტინგებზე“ ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.

„სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, „პოსტივისთან“ ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი, ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.

„მივმართავ „ქართულ ოცნებას“. თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ „პოსტივის“ ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.

„სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით „პოსტივი“ ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.

„მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არცერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი „ქართული ოცნების“ სამართალაღსრულების არცერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან - დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია.

„პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში.

„მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალ მსხვერპლებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს“, - წერს სამხარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×