თამთა ჩაჩანიძე
27.03.2023

გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოსადმი ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერდება, თუმცა, დასავლელი ლიდერები რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყნისთვის შესაძლებლობების ფანჯარა უდაოდ გახსნა და არაა გამორიცხული, რომ ახლოსაა ის დრო, როცა საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა. ამასთან, ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ რეფორმები უთუოდ უნდა გაგრძელდეს.

ექსპერტები ამბობენ, საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში კი არაა გამორიცხული, რომ საუკეთესო სცენარში ნატოში გაწევრიანების ფანჯარაც გაიხსნას.

რას ვაკეთებთ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს წლის ბოლოსთვის ელოდება, მანამდე კი შუალედური დასკვნაა მოსალონელი. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კი აცხადებს. რომ სტატუსის მიღება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა 12 რეკომენდაციას.

„საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომელიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელებაში.

„ეს არ არის ახალი რეფორმები, ეს ის არის, რაზეც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად კარგ პროგრესსაც მიაღწია. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი.

„ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განსახორციელებელი პროექტია, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის განსახორციელებელია, ყველა არჩეული ლიდერის, ვინც უნდა გაერთიანდეს და ინკლუზიურად იმუშაოს და შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმგვარად, რომ ამან ნამდვილად გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში.

„სწორედ ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაინახონ არის თუ არა საქართველო ერთგული დემოკრატიის მიმართ, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, რომ ასევე ერთგულია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის რისი დანახვაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათ მოუსმენს, მოუსმენს საკუთარ ხალხს და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს", - განაცხადა დეგნანმა.

პარტია „საქართველოსთვის" მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე, შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ არანაირი საზედამხედველო ან საკონსულტაციო საბჭოების არსებობა არ არის აუცილებელი, მისი თქმით, „რაოდენ დესტრუქციულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" 12 რეკომენდაციას შეასრულებს".

„დიდი ნაბიჯებია გადადგმული წინ, რომ რეკომენდაციები სრულად შესრულდეს, მაგრამ დეპოლარიზაცია არის არსებითი პრობლემა, მაშინ, როცა ბოლშევიზმს ახალისებს ოპოზიცია ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რაოდენ დესტრუქციულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" ამ 12 რეკომენდაციას შეასრულებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

რა თქმა უნდა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლების პირობებში, რადგან ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ქვეყანა რჩება, რომელიც მარადიულია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სწორედ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი სამ-ოთხ წელში დაიწყება. ეს პროცესი უკრაინასა და მოლდოვას უკვე დაწყებული აქვთ და ამ პროცესს საქართველოც უნდა შეუერთდეს. ტერიტორიულ მთლიანობას თუ არ ჩავთვლით, ამაზე დიდი ამოცანა და იდეა პარტიებსა და მოქალაქეებს არ აქვთ.

„ეთერებში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება" არ გამოსწორდება და დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, პრობლემაა ოლიგარქია, სასამართლო, მედიასთან დაკავშირებით რა ხდება და გვარამია უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხს სწორად უნდა ავუხსნათ, როგორც რუსულ კანონზე ავუხსენით. დარწმუნებული ვარ, ამაზე ხალხის რეაქცია იქნება და მმართველი გუნდი უკან დაიხევს. ამაშია გამოსავალი და არა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი, რომ ოლოგარქია პრობლემაა და ამას „ქართული ოცნება" გაითვალისწინებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რა ნაბიჯებს ვდგამთ ნატოში გაწევრიანებისთვის

რამდენიმე დღის წინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. როგორც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოსთან პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა მიმოიხილეს.

"[შეხვედრამ] საშუალება მოგვცა მიმოგვეხილა ასეთი არასტაბილური წლის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ სიტყვითა და საქმით საფრთხე ექმნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ბაზისს. რათა აზრები გაგვეცვალა საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ - ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში - და განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები", - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ.

განცხადების თანახმად, ნატოს მოკავშირეებმა აღნიშნეს, რა ნაბიჯებია საჭირო საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სიმყარისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

"ნატოს მოკავშირეებმა გაითვალისწინეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის "უცხოური აგენტების" კანონის ბოლოდროინდელი გაწვევა. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის გახანგრძლივებული გამოწვევა", - წერია განცხადებაში.

ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ნატოც მუშაობს ქვეყნის მთავრობასთან რეფორმების იმპლემენტაციაზე

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და ნატო, რა თქმა უნდა, ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის.

„ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და ნატო მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ეძლევა თუ არა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის ომმა ისტორიული შესაძლებლობა მოგვცა, რომელიც ჭკვიანურად უნდა იქნას გამოყნებული.

„უკრაინის ომმა შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში და თუ ამას ჭკვიანურად გამოვიყენებთ და ამ რაღაც ვიწროპარტიულ ინტერესებს არ გადავაყოლებთ, მემგონი შესაძლებლობა არის.

„რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში კი რაა გამორიცხული, რომ საუკეთესო სცენარში ნატოში გაწევრიანების ფანჯარაც გაიხსნას. მაგრამ ამ დროსთვის საქართველო რამდენად მზად იქნება, ესაა გასარკვევი, რადგან არა ქვეყანას და მოსახლეობას, არამედ მთავრობას აქვს რეპუტაციული ზიანი, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოსთან დაკავშირებით.

„ახლა სანტერესოა რა იქნება, ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე თვალს არ დახუჭავს თუ, საბოლოოდ გეოპოლიტიკური ფაქტორები გადაწონის", - განაცხადა კაკაჩიამ.

მან იმ შუალედურ დასკვნაზეც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირმა მანამდე უნდა წარმოადგინოს, სანამ კანდიდატის სტატუსზე პასუხი იქნება.

„ე.წ. აგენტების კანონმა ძალიან ცუდად იმოქმედა, მანამდე საქართველოსთან მიმართებაში დადებითი განწყობები იყო. ახლა ამის მერე განვითარებულ მოვლენებმა და ხელისუფლების ასეთმა რიტორიკამ ამაზე ცუდად იმოქმედა და რამდენად ცუდი გავლენა ექნება, ამას ალბათ კანდიდატის სტატუსზე შუალედურ დასკვნის დროს ვნახავთ. ფაქტია, რომ „აგენტების კანონის" გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა უფრო უარყოფითისენ გადასწია.

„საბოლოოდ ევროკავშირში სხვადასხვა მხარეები არიან, ასევე, წევრი სახელმწიფოები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სწორედ ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ კარგად გაერკვია ქვეყანაში რა ხდება. ერთის მხრივ ათიათასობით ადამიანი ჭავლის ქვეშ ვიძახით ევროკავშირში გვინდა შესვლაო და მეორეს მრივ ასევე საქართველოს მოქალაქეები გამოდიან და ევროკავშირის დროშას წვავენ, ეს ძალიან ბევრი ევროპელისთვის ცოტა გაუგებარია.

„ხალხს რომ არ ეაქტიურა, ფაქტიურად აღარავითარი შანსი და პერსპექტივა აღარ გვქონდა, მაგრამ, ამდენ ახალგაზრდას და სხვადასხვა ასაკის საზოგადოებას, რომ ხედავენ ევროპული მომავლისთვის როგორ იბრძვიან, ამან ევროპაში საზოადოებრივი აზრი ჩვენს სასარგებლოდ შემოაბრუნა",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×