ელზა პაპოშვილი
27.03.2023

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის 2 სასაზღვრო სოფელზე, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

ხერსონის ოლქში ნაღმების აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტულაში მათ შეძლეს უკრაინული დრონის ჩამოგდება, შედეგად დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ბახმუტში უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა იერიში მიიტანა ე.წ. ვაგნერის დაჯგუფებაზე, მოკლულია სულ მცირე 15 დაქირავებული მებრძოლი.

უკრაინის გენ.შტაბი არ გამორიცხავს, რომ ავდიივკა მალე "მეორე ბახმუტად" იქცეს. ქალაქში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებებია უახლოეს პერიოდში მობილური კავშირი გაითიშება. კიევის გადაწყვეტილებით, დასახლებიდან კომუნალური სამსახურების თანამშრომლების გაყავთ.    

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.

 ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ის ვერ დაარწმუნა, რომ რაიმე უნივერსალური ან კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ამის სანაცვლოდ, პუტინი ისევ კონცენტრირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე - უკრაინაზე საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხით მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება.

26 მარტის ანგარიშში საუბარი შეეხო უკრაინელების კონტრშეტევას. ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ დასავლურ, უკრაინულ და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევებს. ISW აღნიშნავს, რომ კონტრშეტევების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, უკრაინის არმიამ რუსულ ძალებს უნდა მიაყენოს იმ მასშტაბის ზიანი, რომ პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ცხადი გახდეს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.    

"ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა აქვს.

"მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება" - ამბობს ზელენსკი.

ახლა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, ომიდან გონებრივად შორს ყოფნა არ შეიძლება, თუმცა ჩვენი ჯარისკაცების წყალობით, გეოგრაფიულად ბევრისგან შორს მიმდინარეობს რეალური საომარი მოქმედებები.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა, მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო კამპანიაში. ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება. ომის წელს შეჩერება და უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა," - განაცხადა ზელენსკიმ.  

ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი დაშავდა 25.

"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ დაბომბა ჩვენი სლოვიანსკი.  სამწუხაროდ, არის დაღუპული და ათობით დაშავებული", - დაწერა ზელენსკიმ.  

ზელენსკი  ასევე ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. 

ქვეყნის მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და  უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, ქვეყნის დაცვისთვის. 

"პატივი მაქვს დღეს ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ჩვენგანის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქებისა და ჩვენი ბავშვების დაცვისთვის", - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ამ ეტაპზე სტრატეგიული მარცხი განიცადა. კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, როგორ განიცადა მარცხი, როცა უკრაინის 18%-ი უკვე ოკუპირებული აქვს. თუმცა, გენერალი ამბობს, რომ ის მიზნები, რისთვისაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვერცერთი ვერ განახორციელა. 

„რუსების მიზანი იყო, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნატოს შეკავება და მის შემადგენლობაში არეულობის მოწყობა. სამაგიეროდ კი რუსეთმა უკრაინელების საკმაოდ მკაცრი და მოულოდნელი პასუხი მიიღო. პუტინმა უკრაინის სახით მტრულად განწყობილი ქვეყან მიიღო, რომელიც დანებებას არ აპირებს. მიიღო ქვეყანა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბრძოლაში უკვე გაიწვრთნა. 

„მათ ომი ისწავლეს და არაფრის ფასად უკან დახევას არ აპირებენ. მან მიიღო ყველაზე ბრძოლისუნარიანი მტერი, რომელიც გადაიარაღებულია დასავლური იარაღით. რუსებმა ნატოს სახით კი უფრო გაფართოვება მიიღო. ფინეთის და შვედეთის სახით ნატო უფრო  გაფართოვდა. რუსებმა საზღვარზე  ნატოს წევრი ქვეყანა მიიღეს. 

„პუტინს ყველა გეგემა ჩაუვარდა. ახლა საუბარი იმაზეა, რა ფასი ექნება უკრაინის გამარჯვებას დროში, რესურსებში და რა ფასი უნდა ჰქონდეს რუსეთის დამარცხებას. უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რომ გადავხედოთ, ეს არის პოზიციონირებული დაპირისპირება. 

„ის ქადილი, რომ 24 თებერვალს რუსებს ბახმუტი უნდა აეღოთ, არ გამოუვიდათ. მერე თარიღი  გადაწიეს და ვითომ 1 მარტისთვის  უნდა აეღოთ. ახლა ამბობენ 1 აპრილს ავიღებთო, რაც მეეჭვება რომ გამოვიდეს. 

„აღნიშნულ ვითარებაში ფრონტის ხაზის ორი ცხელი წერტილია. ეს არის ბახმუტი და ადეევკა. ასევე კუპიანსკის მიმართულებაზეა აქტიურობა, აშკარად ჩანს, რომ ბამხუტის მიმართულებაზე რუსებმა აქტიურობა შეანელეს. ეს დაკავშირებულია რამოდენიმე ფაქტორთან, ეს არის პირველ რიგში „ვაგნერსა“ და რუსეთის გენშტაბს შორის არსებული დაპირისპირება. 

„გადაიტანეს ახლა დატვირთვა ავდეევკის და კუპიანსკის მიმართულებაზე. ავდეევკის მიმართულებაზე რუსები ცდილობენ ალყის განხორციელებას, თუმცა სიტუაცია აქაც ადვილად არ მიდის. ხოლო კუპიანსკის მიმართულებაზე თვითოეული მიწისთვის და გოჯისთვის  დაპირისპირება მიდის“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×