ია აბულაშვილი
24.05.2023

პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტიურად განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების გადაჯგუფების თუ ე.წ მესამე ძალის ფორმირების საკითხი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წვრილი პარტიების წარმატების ფორმულა ამ არჩევნებში იქნება მათი გამსხვილება; მმართველ პარტიას და "ნაციონალურ მოძრაობას" კი მოუწევთ გუნდის გადახალისება.

რა გეგმები აქვს ოპოზიციას, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტულ ნაბიჯებზე არ საუბრობენ, მაგარამ როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, მთავარი მიზანი არის არჩევნებისთვის ინფრასტრუქტურულად მზად იყვნენ, პოლიტიკური მოქმედებების შესახებ კი მითითებები სააკაშვილისგან მიიღონ.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ ოლიგარქი ემზადება სერიოზულად, ის ახალ გუნდს ქმნის, ყიფიანი, კუჭავა, სერგეენკო. ჩვენც უნდა მოვემზადოთ, აუცილებლად უნდა შევქმნათ სერიოზული პროექტები და მივიტანოთ იმ 60%-მდე რომელიც დაიღალა და არ მონაწილეობს არჩევნებში"- აცხადებს ენმ-ის წევრი კოტე კემულარია.

ცვლილებებთან დაკავშირებით ხმებს აბსურდულს უწოდებენ "ოცნებაში. არჩევნების წინ კი პარტიების გამსხვილებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ, რადგან კრიტიკულ მომენტში ოპოზიცია ისედაც "ნაციონალების" ქოლგის ქვეშ ერთიანდება.

"ოპოზიციაში არის პარტიები, რომელებიც "ნაციონალური მოძრაობის" არა თუ სატელიტები, არამედ მისი ნაწილები არიან. "სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩი" "დროა" და სხვა, რომლებიც იყვნენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები შემდეგ გაიშალნენ, ფლანგი გაშალეს, მაგრამ საჭირო მომენტში ყველა "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ ბრუნდება"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალებში ცვლილელბს გარდაუვალს უწოდებს, მაგრამ "ოცნების" საპირწონე ახალი პარტიის შექმნას გამორიცხავს.

"ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არჩევნების წინ რადიკალურ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას, ნაკლებად სავარაუდოა, ალაბთ ახალ სახეებს ჩასვამენ სიაში. თუ ივანიშვილი მაინც გადაწყვეტს ახალი პარტიის შექმნას, თავად არ გამოჩნდება, რუხი კარდინალის ფუნქციას შეასრუდებს"- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე კი დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" ალტერანტიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა არ ექნება.

"დღეს ქართული პოლიტიკა დაემსგავსა გაჭიანურებულ ღეჭვას, რამდენჯერმე დაღეჭილი ფიგურები, პოლიტიკოსები, სატელიტები. საქმე პარტიების სიმრავლეში კი არა მის სიძლიერეშია. რაც შეეხება წინასაარჩევნო ცვლილებებს, რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ისე არ უჭირს, რომ ალტერნატიული პოლიტკიური ძალის შექმნა საჭირო გახდეს. "ოცნება" მყარად დგას ორივე ფეხზე.

"სოპოზიციის მარტივი მიზანია ბზარი გააჩინოს ბიძინასა და ოცნებას" შორის, ამას ემსახურება ასეთი ჭორების გავრცელება. ოპოზიცია ერთმანეთს ეჭიდავება და ცდილობენ მეტოქე სცენიდან გააგდონ, ამიტომ ახალ კონკურენტს პოლიტიკურ ზონაში არ შემოიყვანენ"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ იმიტირებული ოპოზიციის შექმნას ივანიშვილი არასდროს დაუშვებს.

" ათ წელზე მეტია "ოცნება" ხელისუფლებაშია და ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი არასდროს მონაწილეობდა ფასადურ თამაშებში. ეს იყო სააკაშვილის დროს, როცა იქმნებოდა იმიტირებული ოპოზცია და სააკაშვილის მორჩილები იყვნენ. წარმოუდგენელია, რომ ბიძინამ შექმნას ჯიბის ოპოზიცია. მაგრამ ახალი სახეები "ოცნების" საარჩევნო სიაში გამორიცხული არ არის.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ექნებათ სტიმული შეიქმნას ერთი პოლიტიკური პლათფორმა, მაგარამ "ნაცმოძრაობის" განახლება და აღორძინებისკენ მოძრაობა გამორიცხულია"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×