ელზა პაპოშვილი
01.06.2023

გზავნილები მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუდან  და საქართველოს მოლოდინი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიღებამდე. მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი იმართება, რომელსაც ევროპის 47 ლიდერი ესწრება. სამიტზე იმყოფება ასევე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა, ასევე ევროპელმა ლიდერებმა გააკეთეს. ყველა მათგანი აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმასხურებს, თუმცა იქვე იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებს. 

სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად. პრემიერი „ტვიტერში“ წერს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთინების სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში.  

მოლდოვაში, სამიტის დაწყების წინ კი განცხადებები  საქართველოსთან დაკავშირებით ევოკავშირის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი. მიშელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა - ასეთი განცხადება კი  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ბორელის განცხადებით, ამდენი ლიდერის მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეკრება ძლიერი სიგნალია. 

„საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა,“ - ამბობს ბორელი.  

რეფორმები გზაშია, მე მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ. 

„მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. აუცილებელია რეფორმების განხორციელება, კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია, მე მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე,“ - განაცხადა მეცოლამ.    

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო და ბელარუსი რუსეთმა უკანონობაში ჩაითრია. „ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ან ღია ომი ან მცოცავი ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში. უკრაინელები, რომლებიც აჩვენებენ მათ ერთგულებას თავისუფლების მიმართ, ერთიან ევროპულ ღირებულებებს თავიანთი სისხლით იცავენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ მკაფიო პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მათი იმედები ილუზორული ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ დროა ეჭვები გაქრეს და პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული უსაფრთხოების კუთხით უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და საქართველოსთვის.

„დრო მოვიდა რომ ეჭვები გაქრეს. პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ყველასთვის. უსაფრთხოება იქნება უსაფრთხოება მოლდოვისთვის. ეს იქნება ახლის დასაწყისი საქართველოსთვის და ეჭვიც არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელორუსიისთვისაც. ამის შემდეგ აღარ იქნება არანაირი აგრესია ევროპაში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.   

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ამ თემას წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს. მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მოლდოვაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

„თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა იზრდება. რა თქმა უნდა, „ოცნება“ იძულებული იქნება ის რეფორმები გაატაროს, რაც ვალდებულებად დაგვეკისრება. თუ მაინც ევროპა ქართველ ხალხს ამ სატატუსს აჩუქებს და გეოპოლიტიკურ სიტუაციას და არსებულ მდგომარეობას გაითვალისწინებს, მაშინ ხელისუფლებას რუსეთთან უფრო მეტი ასახსნელი ექნება. თუმცა რომც არ მოგვცენ, ამას ყველაფერს ევროპას და ქართულ ოპოზიციას დააბრალებენ. რუსეთისთვის კატასტროფულად მიუღებელია საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. აშკარად ჩანს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და ადრე თუ გვიან,  რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ რომ უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება რეალურად გვინდოდეს, აგერ არის თურქეთი და ნატო. საჭიროა ისე დაველაპარაკოთ თურქეთს, როგორც აზერბაიჯანი დაელაპარაკა. თურქეთი ამით ატარებს ფრთხილ პოლიტიკას და ასე  კავკასიაში რუსეთს ასუსტებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ მოკავშირეები და არ უნდა ავყვეთ რუსეთის ფუჭ და სახიფათო თამაშს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.     

დიპლომატი გიორგი ბადრიძე კი ამბობს, რომ მოლდოვიდან გაკეთებული განცხადებებით ცხადი ხდება, ევროპა მიხვდა, რუსეთს იმპერიალისტური გეგმები ამოძრავებს და დღეს უკრაინელები ომით იცავენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ევროპის თავისუფლებასაც. ასევე იმ ქვეყნებსაც, რომლებიც, პირველ რიგში, რუსეთის ექსპანსიის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, ასეთი კი საქრათველოა.   

„ზელენსკი საუბრობს ზუსტად იმ კონტექსტში, რომ აუცილებელია ევროპის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების დაცვა მოხდეს. მან აღნიშნა კიდევაც, რომ ბელარუსში და საქართველოში რუსეთმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია. საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ნატოს და ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ვინმე ჩვენს უსაფხოებას დაიცავს. რაიმე სახის მოლაპარაკება რუსეთთან არის გამორიცხული. იგივეა, როცა ნიანგთან ცდილობ მოლაპარაკებას, როცა მას შია. არ არსებობს არავითარი ფორმა ურთიერთობისა იმპერიასა და იმ ქვეყას შორის, რომელსაც ის საკუთრებად მიიჩნევს. არ არსებობს არანაირი თეორიული გარატია, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომს მორჩება, გნებავთ გამარჯვებით და გნებავთ დამარცხებით, საქართველო შემდეგი სამიზნე არ იქნება. ბუნებრივია, რუსების მიზანი სამხრეთ კავკასიის გადაკეტვა იქნება. საქართველო არის ამ ყველაფრის გასაღები. თუ რუსეთი ომს წააგებს, მისთვის საქართველო სახის შენარჩუნების პირველი შესაძლებლობა იქნება. ამისთვის ის საქართველოს გამოყენებას შეეცდება“, - ამბობს დიპლომატი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×