თამთა ჩაჩანიძე
02.06.2023

„სალომე ზურაბიშვილს ზოგადად უნდა ელაპარაკა და არ უნდა ეთქვა აფხაზეთში რომელ ძალას ემხრობა, ამით დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია გააძლიერა, იტყვიან, ხომ გეუბნებოდით ეს ხალხი პროქართველები არიან და თბილისიდან იმართებიანო. ზურაბიშვილმა „ხელისუფლებას" საშუალება მისცა ოპოზიციისთვის დაერტყა," - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ევროპარლამენტში პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა 31 მაისს შედგა, 30 მაისს კი სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიტინგი გამართეს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აპროტესტებენ კანონს აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის დარეგულირების შესახებ, „აფხაზური მიწების გაცემას" და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას. დემონსტრანტებს კი ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აფხაზეთი არ იყიდება", „ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა", „ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგ ვართ".

„მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით „აფხაზეთი არ იყიდება", „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს", - ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში საკუთარი სიტყვით გამოსვლა, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან აპლოდისმენტები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა. პრეზიდენტის თქმით, როდესაც ის ევროდეპუტატებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიმართავს, ის მათ ასევე მიმართავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც.

ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კონკრეტული ძალებისთვის საჯაროდ მხარდაჭერის გამოცხადება არასწორია. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ოპოზიცია ქულების ჩაწერას უფრო ცდილობდა, თითქოს მშვიდობიანი ძალაა, ვიდრე რეალური შედეგის მიღებას:

„აფხაზურ საზოგადოებაში მოლოდინები მეტი იყო. ან ე.წ. ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ან დათმობებზე უნდა წასულიყო. ოპოზიციამ ცხრა პუნქტი წაუყენა და ყველა საკითხზე კატეგორიული უარი მიიღეს. დღეს ოპოზიცია ქულების ჩაწერას ცდილობს, თუმცა ქულებს დე ფაქტო ხელისუფლებაც იწერს. ოპოზიციას ახლა იმის თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანად ცივილიზებულად მოვედით, მთავრობა კი ჩაიკეტა და ღობეები ჩაიხერგა და საკუთარ ხალხს არ ენდობაო. ამით აჩვენა, რომ მომავალშიც მშვიდობიანები იქნებიან. „ხელისუფლებამ" რომ არ დათმო, ამით საკუთარ მხარდამჭერებში ქულები ჩაიწერა.

„აქციაზე სამი ათასი კაცი მივიდა, აფხაზეთის მასშტაბებში ეს ცოტა არაა, მაგრამ არც ისეთი ბევრია, რომ ცვლილებები მოხდეს, ამის მომხრე თავად ხალხი არაა, რადგან ცვლილებების არ სჯერათ. ადგურ არძინბა, რომელიც ახლა ოპოზიციის ლიდერად და ხაჯიმბას გუნდში წამყვან ფიგურად ითვლება, ყოფილი ე.წ. ხელისუფალი იყო და მაშინ რას აკეთებდა? ზუსტად ეკონომიკის დარგი ეკავა და ენერგეტიკული პრობლემები მაშინაც იყო. საშუალო სტატისტიკური აფხაზი ჰკითხავს, შენ რომ მოხვალ ამათ რით სჯობიხარ, ისევ რუსულ ფულს ჩაიჯიბავ და ხალხს არ დაეხმარებიო, ამიტომ იქ ოპოზიცია სანდო არაა, თუმცა ხალხს ე.წ. ხელისუფლებაც არ მოსწონს.

„ოპოზიციამ დააანონსა, რომ თითქოს აქციები პერმანენტული იქნებაო, მაგრამ ცენტრალური აქცია ჩაუვარდათ და პერმანენტული უფრო სუსტი იქნება. ოპოზიცია სუსტია და ვითარების შეცვლის უნარი არ აქვს. მგონია, რომ მათ უფრო წინასაარჩევნო კამპანია და იმ ლეგენდის შექმნა დაიწყეს, რომ ჩვენ მშვიდობიანი ძალა ვართ და არ მოვალთ, როგორც ბჟანია მოვიდაო. მათ გადატრიალება იმდენად არ უღირთ, რამდენადაც ქულების ჩაწერა.

„თუ ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა და არეულობა არაა, ეს ოფიციალური თბილისისთვის კარგია. ზურაბიშვილის გამოსვლის პირველი ნაწილი ძალიან კარგი იყო, მეორე კი ძალიან ცუდი - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა კარგად დაიწყო, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწვერიანება კონფლიქტების მოგვარებას ხელს შეუწყობს და, რომ ევროკავშირში გაწევრიანება აფხაზებს და ოსებს სჭირდებათ, ამაში ვეთანმები, თუმცა მეორე ნაწილში არ ვეთანხმები.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ძირითადი ძალაა, ვინც ე.წ. ხელისუფლებაში და ოპოზიციაშია, სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საკმარისია, როგორც კი შენ „ხელისუფლებას", ან ოპოზიციას აქებ, მაშინ ერთ მხარეს იმის არგუმენტს აძლევ, რომ მეორეს შეუტიოს. რომელიმე მხარის მხარდაჭრა არ შეიძლება, ეს პრინციპულია, სჯობდა აფხაზეთზე ზურაბიშვილს ზოგადად ელაპარაკა. ასეთ დამისამართებულ მხარდაჭერას თავი უნდა ავარიდოთ, არ უნდა ეთქვა, ამ ძალას ვემხრობით და იმ ძალის წინააღმდეგიო ვართ, ამით დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია გააძლიერა. იტყვიან, ხომ გეუბნებოდით, ეს ხალხი პროქართველები არიან და თბილისიდან იმართებიანო, ანუ ზურაბიშვილმა „ხელისუფლებას" საშუალება მისცა, რომ ოპოზიციისთის დაერტყა",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×