თამთა ჩაჩანიძე
01.06.2023

ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა - ამის შესახებ პრემიერა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც აღნიშნა, პარტნიორები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, და ევროპელი კოლეგებისგან კი სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ამასთან, ამბობს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით.

ღარიბაშვილმა მედიასთან ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ მოლდოვაში შეხვედრები შინაარსიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა, განხილვის მთავარი თემა კი ომი უკრაინაში და უსაფრთხოების საკითხები იყო.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, მე ასე ვიტყოდი, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. ბუნებრივია, თქვენ გესმით ძალიან კარგად, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ არ იცის, როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა. უკრაინის გარშემო და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომლებიც შექმნა ამ ომმა და რომელიც არის გადამდები, ასე ვთქვათ, მთელი ევროპისა და რეგიონისთვის. ბუნებრივია, ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული და უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად არის უფრო საყურადღებო.

„მე ასევე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა გაუკეთეს ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა. აქაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს იყო შეცდომა. ასევე მე მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ არავის არ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ეს არის პრობლემა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში", -განაცხადა მან.

მისივე თქმით, ასევე ევროპელ ლიდერებთან გააჟღერა ის გზავნილი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმოცემა დიდი შეცდომა და გაუგებრობა იქნება. აღნიშნა, რომ ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი „ძალიან კარგად იქნება".

„ასევე მე მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ეტაპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე. ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან. ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი, ეს იყო მთავარი საუბრები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით.

„რაც შეეხება ამ საკითხს, ისევ გავიმეორებდი, რომ ძალას, რომელმაც სწორედაც, რომ განაპირობა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ასევე მიუღებელია და საერთოდ სასაცილოა, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. აღნიშნა, რომ ომის დაწყებაში ნატო არ დაუდანაშაულებია, არამედ თქვა, ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა".

„მე მაინტერესებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგია მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში". ჟურნალისტებმა კითხვა ამ განცხადებაზეც დაუსვეს, რაზედაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან".

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღო მონაწილეობა, იგი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გახსნა. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღარიბაშვილმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „უსაფრთხოება", რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. დისკუსია გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×